რა არის პლებისციტური დემოკრატია და სუვერენული ეკონომიკა, რომლებიც “უცნობის” აქციიდან კანონპროექტებში მოხვდება?

“უცნობის კიდობანში” დაგეგმილი და 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის მოთხოვნები საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების სახეს იღებს. მოთხოვნებს შორისაა საქართველოში პლებისციტური დემოკრატიისა და სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვა.

აქციიდან 2 დღეში ცნობილი გახდა, რომ მოთხოვნების დაკანონებაზე ზრუნვას უმრავლესობის მოკავშირე „ევროპელი სოციალისტი“, ფრიდონ ინჯია შეუდგა.

მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ მიერ ორგანიზებული აქციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სადავო საკითხები, ყოველ ჯერზე, პლებისციტის გზით გადაწყდეს და სახალხო კენჭისყრამ გამოავლინოს, უნდა თუ არ უნდა ხალხს ესა თუ ის კანონი.

“უცნობის” გადაცემაში ითქვა ისიც, რომ პლებისციტი “საგარეო ორიენტაციის” საკითხებსაც უნდა შეეხოს.

მოთხოვნების აღსრულების პროცესზე, ორგანიზატორების თქმით, 2 ჯგუფი იმუშავებს: ერთი – ხელისუფლებასთან, ხოლო მეორე – დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მათაც გადასცენ ხალხის განწყობა.

„უცნობის“ აქციაზე მისულ ხალხს უთხრეს, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის სასარგებლო იქნება არა ნატოში გაწევრიანება, არამედ – ნეიტრალიტეტი.

აქციაზე გახმოვანებული ინიციატივები და მოთხოვნები, ექსპერტების შეფასებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანს. მათ შორის არის – “სუვერენული ეკონომიკის” მოთხოვნაც.

„ქართული ოცნების“ შეფასებით, „უცნობის კიდობანში“ ორგანიზებული აქცია პატრიოტული სულისკვეთების, საქართველოზე მოფიქრალი ადამიანების აქცია იყო და ის ანტიდასავლურად ეჩვენება მხოლოდ მათ, ვინც ყველაფერ ქართულს დაშორდა.

რა უნდა გადაწყდეს პლებისციტებით?

„მაგალითად, კანონი ცილისწამებაზე, მოდი, შევეკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არ უნდათ… მოდი, ვკითხოთ ხალხს გეიპროპაგანდაზე. უნდათ? ჩვენი სახელით რატომ წყვიტავენ საქმეებს და რატომ იღებენ კანონებს? ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს და… იმათ ვყავართ ახლა ჩვენ დისკრიმინაციაში… ვკითხოთ ხალხს – გინდათ? გინდათ. არ გინდათ? არ გინდათ. ეს არის პირდაპირი დემოკრატია“, – თქვა აქციის ორგანიზატორმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ [“უცნობი”], აქციის შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მანამდე, როცა გადაცემა „უცნობის კიდობანში“ აქციას გეგმავდნენ და, მათ შორის – პლებისციტის პრაქტიკის დანერგვაზეც მსჯელობდნენ, სოციოლოგმა, ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა წამყვანმა, ვაკა გორგილაძემ თქვა, რომ პლებისციტმა „საგარეო ორიენტაციის” საკითხებიც უნდა გადაწყვიტოს.

„რატომ ვართმევთ საკუთარ თავს სუვერენიტეტს? რატომ ვწერთ კონსტიტუციაში რაღაც სისულელეებს [ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება] მაშინ, როცა მსოფლიოში პროცესები ისე დინამიურად მიმდინარეობს, ისე იცვლება, რომ გაოგნებას იწვევს“, – გორგილაძე ასევე ამბობს, რომ ვერაფრით გაუგია, რა არის „ევროატლანტიკური ფასეულობები“ და რატომ არ უნდა მისცენ, მაგალითად, ჩინელებს საქართველოში რომელიმე პორტი, თუკი ჩინეთი რუსეთთან შუამავლობას იკისრებს.

„მაგალითად, თუკი ახლა, ჩინეთი საქართველოს სთავაზობს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებას, რაღაც მისიას, მოდერაციას იმის სანაცვლოდ, რომ პეკინს შეიძლება დასჭირდეს რომელიმე პორტი, რომლის ოპერირებასაც თვითონ დაიწყებს – ტვირთს მოიზიდავს, ჩადებს ინვესტიციებს და ამით ისარგებლებს ქვეყანა… ახლა მე მაინტერესებს, კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ, ფიცი რომ დავდეთ – ევროკავშირში და ნატოში შევალთო, ჩინეთს უარს ეუბნები იმის გამო, რომ ეს ჩანაწერი გაქვს კონსტიტუციაში?“, – ამბობს გორგილაძე.

30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართა აქცია „არა ომს! მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“. აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, მომღერალ გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა.
ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ საქართველოს არ უღირს დღევანდელ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.
„ჩვენ ვართ ქრისტიანული ევროპის მომხრეები. ჩვენ ვართ იმ ევროპის მომხრეები, რომელ ევროპაზეც ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ ვართ სერვანტესის ევროპის მომხრეები… ამერიკა იყო საოცნებო ქვეყანა ჩვენთვის ყველასთვის. დღეს ყველა ის ამერიკელი, ვინც მე მომწონდა, იგივე მდგომარეობაშია, რაც ჩვენ“, – ამბობს გია გაჩეჩილაძე.

კონსერვატორული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა, 30 აპრილს, აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უმჯობესი იქნება, ნატოში გაწევრიანების „არარეალისტური გეგმების“ ნაცვლად, ნეიტრალიტეტზე იფიქრონ.

„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის ამ ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების გარანტია, მშვიდობის შენარჩუნების გარანტია, რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები, თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა, რომელიც, შესაძლოა, დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში, უსაფრთხოების განმტკიცებაში და ქვეყნის გაერთიანებაში… არა ომით და ტანკებით, როგორც ამას ქვეყნის გარედან მოგვიწოდებენ, არამედ მშვიდობით, განვითარებით, წინსვლით და სიყვარულით“, – ამბობს შაქარიშვილი, რომელიც დასავლელ პარტნიორებს „დაუძინებელ მეგობრებს“ უწოდებს.

კონკრეტულად ნეიტრალიტეტის საკითხი, “პლებისციტური დემოკრატიისგან” განსხვავებით, აქციის მოთხოვნებს შორის არ არის; თუმცა ექსპერტები სამომავლოდ არაფერს გამორიცხავენ.

„ნებისმიერი კენჭისყრა ამომრჩევლის მობილიზების მექანიზმია და თუ ეს [საგარეო ორიენტაციის საკითხებზე პლებისციტი] დასჭირდება “ქართულ ოცნებას”, ამას, ცხადია, გაკეთებს“, – გვეუბნება კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

ამ ეტაპზე ის ვარაუდობს, რომ მოკავშირე ჯგუფების დახმარებით „ქართული ოცნება“ ცდილობს გააკეთოს იგივე, რაც, მაგალითად – უნგრეთში შეინიშნება.

„ისინი [“ოცნება” და მისი მოკავშირეები] ცდილობენ ისარგებლონ ლიბერალური დემოკრატიის პრობლემებით, რაც ახლა მთელ მსოფლიოში შეინიშნება და ამაზე კაპიტალიზაციით მოიპოვონ მხარდაჭერა… ლიბერალური დემოკრატიის ორი ფუნდამენტური პრობლემა დღეს არის ის, რომ ის ვერ ათანაბრებს საზოგადოებაში წარმოქმნილ ეკონომიკურ უთანასწორობას და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი საჭიროებების პოლიტიკაში ასახვას.

ამით სარგებლობენ ისინი და ელექტორალურ კაპიტალიზაციას ცდილობენ, რაც, ადრე თუ გვიან, მოსალოდნელი იყო საქართველოშიც. “ქართული ოცნება” ბოლო წლებია საკუთარ ამომრჩევლად აღარ განიხილავს არცერთ ლიბერალურ ჯგუფს… მათი მცდელობაა შექმნან ჰიბრიდი, რომელიც, საბოლოოდ, არც თავისუფლებას მოგვიტანს და არც თანასწორობას“, – აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას და სწორედ ამას უკავშირებს „პლებისციტური დემოკრატიის“ შესახებ წამოყენებულ ინიციატივასაც.

„მათი [“ქართული ოცნების”] ერთადერთი მიზანი იყო და არის ძალაუფლება; მაგრამ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და ამან გამოიწვია, საბოლოო ჯამში, ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის შეფერხება, ცხადია, ეს პირველ რიგში, რუსეთის სარგებელი იქნება“, – ამბობს მენაბდე.

აქციიდან 2 დღეში, 2 მაისს, პარლამენტის სხდომაზე, „ევროპელი სოციალისტების“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ ყურადღებით შეისწავლა „მონატრებულ” მიტინგზე გახმაურებული მოთხოვნები, სრულად იზიარებს მათ და „ამ დღეებში“ პარლამენტს უკვე „კანონების პაკეტსაც“ წარუდგენს. ინჯია „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურობით გამოირჩევა და მოკავშირეა ყველა ძირითად საკითხში.

„პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ“, – ასეთია 30 აპრილის აქციაზე გამოცხადებული მოთხოვნა.

 

„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ აღვასრულოთ! ჩვენი სურვილია, საქართველოში პლებისციტური დემოკრატია დამყარდეს, რადგან პლებისციტური დემოკრატია სახალხო დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა“, – წერია აქციის მიმართვაში. ექსპერტების ნაწილი ამ ინიციატივას პარლამენტისთვის ფუნქციის ჩამორთმევის მცდელობად აფასებს.

რა არის პლებისციტი და რა სურს “ოცნებას”?

საქართველოს კანონმდებლობით, პლებისციტია – კენჭისყრის გზით „საერთო-სახალხო გამოკითხვის“ ჩატარება „განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე“ და მიზნად ისახავს „საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გაგებას“.

  • კენჭისყრაზე გადის კონკრეტული შეკითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი – „კი“ ან „არა“.
  • პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
  • რეფერენდუმისგან განსხვავებით, პლებისციტის შედეგები სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის.

სარეკომენდაციო ხასიათის მიუხედავად, პლებისციტის შედეგს მეტად წონიან დოკუმენტს უწოდებს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია და ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ, მაგალითად, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონსტიტუციაში ასახვას (78-ე მუხლი) საფუძვლად დაედო, მათ შორის – საქართველოში 2008 წელს ჩატარებული პლებისციტის შედეგი.

2008 წლის 5 იანვარს ჩატარებულ პლებისციტზე გამოტანილი იყო ორი საკითხი: ნატოში გაწევრების მხარდაჭერა და პარლამენტის არჩევნების თარიღის შემოდგომიდან გაზაფხულზე გადატანა.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პლებისციტის შედეგები შესაძლოა ხელისუფლებამ კანონებში არც თარგმნოს, მაგრამ აქციოს ბრძოლის იარაღად ოპოზიციის წინააღმდეგ.

კოტე ჩოკორაია ფიქრობს, რომ, დღევანდელი პოლარიზაციისა და უნდობლობის პირობებში, სადავო საკითხის პლებისციტზე გატანა პოლარიზაციას არათუ ვერ განმუხტავს, არამედ გააღრმავებს. ასევე, კონსტიტუციონალისტი იმედოვნებს, რომ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე პლებისციტი არასოდეს გაიმართება.

„პლებისციტის დანიშვნა პრემიერ-მინისტრისა და მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე ვერ მოხერხდება და თუკი რაიმე მსგავს საკითხზე [საგარეო ორიენტაციაზე] იქნება პლებისციტი ჩატარებული, მაშინ ყველამ უნდა გადმოატრიალოს თავისი კარტი და ითქვას – ვინ ვინ არის და ვის რა უნდა ამ ქვეყნისთვის“.

2022 წლის სექტემბერში – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავად წამოაყენა პლებისციტის იდეა. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, შეიძლება, იმას გავყვეთ“, – თქვა მან. ეს განცხადება რეზონანსული იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არ ემხრობიან ნეიტრალიტეტის საკითხს და არ გადაიხედება საქართველოს მიზანი – გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხმამაღლა მაინც არ იტყოდა, ნეიტრალიტეტს რომ ემხრობოდეს, მაგრამ ეს ასე არ არის.​

„მე ნეიტრალიტეტს არ ვეთანხმები… იმიტომ რომ საქართველოს არჩეული აქვს კურსი, ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია და ჩვენ ჩავწერეთ ეს კონსტიტუციაში… რომ ვეთანხმებოდე [ნეიტრალიტეტს], თუმცა ასეთი შინაგანი ემოცია არ გამაჩნია… მმართველი გუნდის წარმომადგენელს არ შემიძლია იმის ლაპარაკი, რომ ამას ვეთანხმები, თუმცა არც შინაგანი განწყობა გამაჩნია… შეიძლება ეს მოსაზრება იყოს და ნებისმიერ ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს თავისი კურსი აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

მდინარაძეს მოსწონს „უცნობის“ აქციის გზავნილები; კვლავ იმეორებს, რომ საქართველო ევროკავშირში „არა ცალი ფეხით“, არამედ ორ ფეხზე მდგომი, „ღირსეულად უნდა შევიდეს“ და ასევე, მისი შეფასებით, „პატივისცემას იმსახურებს“ აქციის მონაწილეების პოზიცია ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობაზე:

„ჩვენს მომხრეებში, მარტის ცნობილი მოვლენების დროს, იყო კამპანია “ღირსებით ევროპაში” და ემსახურებოდა ერთ საერთო, ქართულ, ეროვნულ მიზანს, რომ ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რასთან გვაქვს საქმე; ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე მსოფლიო და განსაკუთრებით – ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელმაც თუ თავის იდენტობის გადარჩენაზე და, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ – ფიზიკურ გადარჩენაზე არ იზრუნა, ჩვენ შეიძლება ხვალინდელ დღეზე ცოტა ბუნდოვანი წარმოდგენა გაგვიჩნდეს“.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share