„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. ანალიტიკოსთა შეფასებით, მმართველი პარტიის რამდენიმე ლიდერისაგან ამ ტიპის განცხადებების ერთდროულად გაკეთება აჩენს ეჭვს, რომ ისინი კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა და გამორიცხული არაა ივანიშვილს ახლო მომავალში მართლაც დაუწესონ სანქციები. ამას კი ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვანი ძვრები მოჰყვება.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე სამშაბათს განცხადებები გააკეთეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. მათი შეფასებით, შვეიცარიის ბანკში ივანიშვილის 2 მილიარდი დოლარის გაყინვა არაფორმალური სანქციაა. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული შეთქმულება.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით „ოცნებაში“ ოფიციალური სანქციების მოლოდინში არიან. მათი აზრით, მოსამართლეების დასანქცირება გარკვეული გაფრთხილება იყო და არ არის გამორიცხული შემდეგი ივანიშვილი აღმოჩნდეს. როგორც ისინი „რეზონანსთან“ აცხადებენ, ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე დიდ გავლენას მოახდენს. ერთის მხრივ, შესაძლოა მმართველ პარტიასა და ხელისუფლებაში სერიოზული კრიზისი დაიწყოს, მეორეს მხრივ კი ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობები გაძლიერდება.
„ოცნება“ დე ფაქტო სანქციებზე
„ოცნების“ წევრები ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ, რომ რეალურად ივანიშვილი უკვე სანქცირებულია.
„რა სურვილიც აქვთ მათ, რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს, რატომაც აკეთებენ ამას, შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რათა მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის, ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე განცხადება სამშაბათს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემაც გააკეთა.
„მინდა პირდაპირ ვთქვა, რეალურად რა სანქციებით ემუქრებიან და რისთვის ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს – ემუქრებიან იმიტომ, რომ დააბრუნა დემოკრატია, ადამიანების უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად, არა იმ ფარული ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, მაშინ , როცა ქვეყნის ინტერესები, მოქალაქე არ იყო მთავარი. მთავარი იყო ის, რა სჭირდებოდათ მათ და რა დავალებები ჰქონდათ მიღებული. სწორედ ეს დაამთავრა ბიძინა ივანიშვილმა და დააბრუნა ქვეყნის ინტერესები, მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები და ქვეყნის მართვა გახადა ინსტიტუციონალიზებული.
„აი, ამისთვის ემუქრებიან ამ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად დღეს ევროპის შუაგულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად სანდო ბანკის მიერ არის დასანქცირებული და არ ეძლევა საშუალება საკუთარი ქონება და ფინანსები განკარგოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე სხვა კოლეგების მსგავსად აღიარებს, რომ „სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია“. მისი თქმით, ივანიშვილს იმის გამო სჯიან, რომ „სამშობლოს არ უღალატა“:
„ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს და დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს – იმიტომ, რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც და საზოგადოებამაც კარგად იცის.
„საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისათვის ცდილობენ მის დასჯას და მის მიმართ დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი.
რამდენად რეალურია ივანიშვილის დასანქცირება
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან უკვე არაფერია გასაკვირი და არაა გამორიცხული ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება მართლაც მიიღონ. მისივე თქმით, არც მოსამართლეების დასანქცირებას ელოდა ვინმე.
„მე უკვე ყველაფერს ველი, რადგან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა საქართველოს მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ეს ცვლილება კი უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ ყველაზე თვალში საცემია. ადრე თუკი ამერიკელები ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ჩარეულიყვნენ, რაღაცა ნეიტრალური პოზიციით ყოფილიყვნენ, ახლა პირდაპირი და უხეში ჩარევა ხდება. მათ უნდათ საქართველომ ის პოლიტიკა განახორციელოს ყველა მიმართულებით, რაც მათი გადმოსახედიდან სწორია. ამიტომ ივანიშვილის დასანქცირება არც გამიკვირდება. არც მოსამართლეებისას ველოდი, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
„რაც შეეხება მიზეზს, მგონია მიზეზიც არ უნდათ. არც არგუმენტებს წარმოადგენენ და არც მტკიცებულებებს. ივანიშვილი ადრე არ იყო ოლიგარქი, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას ეხმარებოდა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა და პოლიტიკაში იყო, მაგრამ ოლიგარქი ახლა გახდა, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცეებს საქართველოს ომში ჩართვა სურდა. მაშ, რატომ მივიდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ივანიშვილთან და რაზე ესაუბრა 3 საათის განმავლობაში? თანაც ეს ფაქტი დამალა და მოიტყუა. ესე იგი არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილი სწორედ სანქციების შესახებ გააფრთხილეს და უთხრეს, რომ თუ იმას არ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რაც უნდათ, სანცქიები იქნება. ამიტომ ამის მოლოდინი არსებობს“, – ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ, დიდი ალბათობით, ხელისუფლების კულისებში ეს ინფორმაცია რსებობს და არაფორმალურად „ოცნებას“ ივანიშვილის დასანქცირებაზე ამერიკელები აფრთხილებენ. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ დაასანქცირეს მოსამართლეები და ხელისუფლებას მიანიშნეს, რომ თუკი პოლიტიკას არ შეცვლიდნენ, იგივე შესაძლოა პოლიტკურ ლიდერებს და ივანიშვილსაც დაემართოს.
„ხელისუფლების მხრიდან ამაზე ალაპარაკება, რა თქმა უნდა, ლოგიკურ ეჭვებს აჩენს, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია ქვთ, ვიდრე ეს საჯაროდ არის ცნობილი. არაა გამორიცხული, რომ დიპლომატიურ დონეზე, დახურულ კარს მიღმა ამაზე „ოცნებას“ აფრთხილებენ“, – აცხადებს ჩიტაძე.
განსხვავება აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკას შორის
რამაზ საყვარელიძის აზრით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულება ერთმანეთისაგან გასნხვავებულია.
„თუ დააკვირდებით, ბოლო დროს ამერიკული და ევროპული პოლიტიკა საქართველოს მიმართ რადიკალურად შეცვლილია. ევროპაში ამბობენ, რომ ევროკავშირი თბილისამდე უნდა გაფართოვდეს. ბოლო კვირეებში ევროპის ქვეყნების ლიდერების ვიზიტები გახშირდა. აშშ კი პირიქით, სანქციებს გვიწესებს. სწორედ ამის გამოხმაურება იყო 30 აპრილის აქცია. ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და უკვე ყველა კარგად არჩევს როგორია ევროპული და ამერიკული პოლიტიკა.
„მე მაინც მგონია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. ახლა ევროპას საქართველო, როგორც ელექტრო დერეფანი ისე სჭირდება, ამიტომაც კანდიდატის სტატუს მაინც მგონია, რომ მოგვცემენ. უბრალოდ, ამერიკელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ისინი ივანიშვილის დასანქცირებას გადაწყვეტენ, ამან შეიძლება ქვეყნის შიგნით არამდგრადი პროცესები გამოიწვიოს“,-ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.
რა შეიძლება მოჰყვეს სანქციებს
საყვარელიძის თქმით, დიდი ალბათობით ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება ჩამოიშლება და ხელისუფლებაში ამ გზით მაინც დაბრუნდებიან. თუმცა, მისი აზრით, ეს საპირისპირო პროცესებს გამოიწვევს და საქართველოში ანტიამერიკული განწყობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებამ შესაძლოა მმართველ პარტიაში სერიოზული შდა კრიზისი გამოიწვიოს.
„რადგან ამერიკა ამაზე ერთხელ უკვე წავიდა, მგონია ეს მხოლოდ დასაწყისია. ივანიშვილი არის ის ფიგურა, რომლის დასანქცირებაც „ოცნების“ დაშლის ტოლფასი შეიძლება გახდეს, ხელისუფლების ცვლილებების მიზეზიც კი. როცა ხალხი დაინახავს, რომ ამერიკისთვის ივანიშვილი არ არის სანდო ფიგურა, ის არის ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაში ეჭვმიტანილი, მის მიმართ მხარდაჭერა შემცირდება.
„ბოლო დროს ვხედავთ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული საგარეო კურსი და ევროპული მისწრაფებებია. თუკი ჩვენი მოსახლეობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორისგან ამ გადაწყვეტილებას დაინახავს, მაშინ რა თქმა უნდა, „ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენა ძალიან გაუჭირდება“, – ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.