2023 წლიდან ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ორჯერ უფრო დიდი, პირადი საგვარეულო მამულები აქვს – ტერიტორიამ, სადაც პრემიერის ოჯახის ძველი და ახალი რეზიდენციები დგას, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს რეზიდენციის ფართობს მიაღწია.
დგინდება, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევიდან დღემდე ირაკლი ღარიბაშვილის მამამ დედოფლისწყაროში მეზობლების გასახლება დაიწყო და საგვარეულო მამულები უკვე მეშვიდედ გააფართოვა.
პირველები ნაზო ყაჭაშვილი და თებრონია ზურიკაშვილი იყვნენ. პრემიერმა მათი მიწის ნაკვეთები და სახლები გამოისყიდა და დაანგრია, მათ ნასახლარზე კი თეთრი მარმარილოს სასახლე აიშენა ღია აუზით. როდესაც ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან გაუშვეს, მისი საგვარეულო მამულები უკვე 3000 კვადრატულ მეტრს სცდებოდა.
საგვარეულო მამულების გაფართოება, ღარიბაშვილის მამამ, შვილის პრემიერად დაბრუნების შემდეგ განაახლა და თავისუფლების ქუჩიდან მეზობლების გასახლება განაგრძო. 2020 წელს მთავრობის მეთაურის ოჯახმა მეზობელი ტრაქტორისტის ნასყიდა ბუთხუზის სახლი და ეზო შეიძინა, ისიც დაანგრია და საგვარეულო მამულებს შეუერთა.
პრემიერის მამის ბოლო შენაძენი 2023 წლის 27 მარტით თარიღდება, ამ დღეს გადაიფორმა ტარიელ ღარიბაშვილმა მეზობლის, ედგარ ამბარიანის სახლი და 1339 კვადრატული მეტრი ეზო. 27 მარტიდან ღარიბაშვილების საგარეო მამულები საქართველოს კათალიკოს პატრიარქის რეზიდენციის ფართობს გაუთანაბრდა.
ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პრემიერ მინისტრის მამამ მეზობელს ედგარ ამბარიანს 1339 კვადრატულ მეტრ მიწასა და ძველ სახლში მხოლოდ 5000 ლარი გადაუხადა. ანუ გამოდის რომ ტარიელ ღარიბაშვილმა, კვადრატული მეტრი მიწა 3 ლარად და 73 თეთრად იყიდა, სახლი კი უფასოდ მიიღო.
პრემიერის ეზოში სარემონტო სამუშაოები წლებია არ შეწყვეტილა. შემოერთებულ უზარმაზარ მიწებზე, ორი ახალი ფეშენებელური საცხოვრებელი სახლი უკვე ჩადგეს, ააშენეს დამხმარე ნაგებობები, მოიწყვეს საკუთარი რეკრეაცია, მოაპირკეთეს ეზო და ღია აუზი.
კამერის მიღმა კი მეზობლები გვიყვებიან, რომ ღარიბაშვილები მეზობლად მდებარე კიდევ ერთი სახლის მისაერთებლად და კიდევ ერთი ოჯახის გასასახლებლად ემზადებიან.
tv pirveli