2023 წლის 9 მაისს, წითელ მოედანზე, გამარჯვების დღის 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ჩაატარეს ერთადერთი, ისიც ძველი ტანკი – Т 34. მძიმე ტექნიკის გარეშე აღლუმი წითელ მოედანზე 2007 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა და საბრძოლო ძლიერების დემონსტრირებას 10 წუთიც არ დასჭირდა.
უკვე მეორე წელია, აღლუმები მოსკოვში საავიაციო შოუს გარეშე ტარდება.
უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის მოლოდინში, რამდენიმე დღის წინ აფეთქებული კრემლის გუმბათის ფონზე, პუტინის წლევანდელი აღლუმი, სულ მცირე, მოკრძალებული იყო.
პარალელურად, კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა, რუსეთის ხელისუფლებას ულტიმატუმებით მიმართა, ხელისუფლებას ხალხის სახელით დაემუქრა და ბრძოლის ველიდან რუსი სამხედროების გაქცევის შესახებაც ილაპარაკა.
ერთი ძველი ტანკით
„დიდი სამამულო ომის საუკეთესო საშუალო ტანკი და წითელი არმიის ყველაზე მასიური ტანკი“ – ასე წარადგინა აღლუმის კომენტატორმა Т34, რომელმაც ამ დროს წითელ მოედანზე ჩაიარა, ტრიბუნებთან, სადაც ვლადიმირ პუტინი ვეტერანებს შორის იჯდა და, ტუჩების გაურკვეველი მოძრაობით, ხშირ-ხშირად იყურებოდა აქეთ-იქეთ.
1980-იან წლებში გამოშვებული Т34 აღლუმზე წარმოდგენილი ეთადერთი ტანკი იყო. აღარსად ჩანდა წინა წლებში დემონსტრირებული ტანკი „არმატა“ (Армата – Т 14) ან სხვა ტექნიკა, რომლითაც რუსეთი მანამდე ამაყობდა.
„უკრაინას არ სჭირდება, რომ რაიმე მოიმოქმედოს ამ აღლუმზე. რუს სამხედროებს თავადაც შეუძლიათ, საკუთარი თავის სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაყენება. გაოცებული ვარ, რომ მათ ვერ შეძლეს აღლუმზე თუნდაც ერთი Т-14-ის [ტანკი] გამოყვანა“, – დაწერა ტვიტერზე უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა.
ალექსანდერმა დაითვალა, რომ წითელ მოედანზე გამოყვანილი სამხედრო ტექნიკის საერთო რაოდენობა 51 ერთეული იყო, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია შარშანდელთან (131) და ოთხჯერ – შარშანწინდელთან (197) შედარებით. ამასთან ექსპერტი შენიშნავს, რომ წითელ მოედანზე გამოყვანილი იყო ის საბრძოლო მანქანებიც (Remdiesel Ahmat Z-STS), რომლებსაც დღეს მხოლოდ ჩეჩნეთი ფლობს და სავარაუდოდ, მოსკოვმა კადიროვისგან “ითხოვა”.
რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, წელს აღლუმზე 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო გამოყვანილი.
ერთადერთ ტანკს თანდათან მიჰყვნენ: მსუბუქი საბრძოლო მანქანები „ტიგრი“” (Тигр), „ურალი“ (Урал) და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბუმერანგი“ (Бумеранг). შემდეგ ჩაატარეს „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები და С-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. როგორც იუწყებიან – წარმოდგენილი იყო ასევე სამი ერთეული ბალისტიკური სარაკეტო სისტემა – იარსი (“Ярс”).
რაც შეეხება ცოცხალ ძალას, აღლუმის კომენტატორის ინფორმაციით, წითელ მოედანზე 8000-ზე მეტმა სამხედრომ და მათ შორის 530-მა უკრაინაში მებრძოლმა ჩაიარა.
მონაწილეთა ეს რიცხვი მინიმალურია 2008 წლის შემდეგ. შარშან, ოფიციალური ინფორმაციით, აღლუმში 11 ათასი სამხედრო მონაწილეობდა; ხოლო, მაგალითად 2015 წელს – 15 ათასი.
აღლუმისთვის მოსკოვში 7 ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ და მათ შორის იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. ასევე ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები.
უკრაინელი პოლიტტექტნოლოგი, მიხაილ შეიტელმანი ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტებს უწოდებს „მძევლებს“, რომლებიც მოსკოვში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, „პუტინის პირად მცველებად“ ჩაიყვანეს. ექსპერტი თითქმის დარწმუნებულია, რომ პუტინთან მეტწილად დაპირისპირებული პრეზიდენტების ამ ნაბიჯზე დაყოლიება მხოლოდ ჩინეთს შეეძლო. „რუსეთმა სთხოვა ჩინეთს, ჩინეთმა – ამ ხალხს [რომ ჩასულიყვნენ მოსკოვში]“, – ვარაუდობს შეიტელმანი.
მას ცუდად ენიშნა, რომ პროკრემლისტურ ტელეარხებზე, მოსკოვში ჩასული ლიდერებს „ძმური რესპუბლიკების“ ლიდერები უწოდეს.
„ვიცით, ეს „ძმური“ რასაც ნიშნავს რუსეთისგან… ალბათ, დროა, რომ ჩინეთს მათ [ცენტრალური აზიის ქვეყნებმა] იარაღი მოსთხოვონ და სასწრაფოდ დანაღმონ საზღვრები რუსეთთან, რომლებსაც აქვთ. რადგან „ძმური რესპუბლიკები“ უწოდეს, ე.ი. თავდასხმასაც გეგმავენ “, – ამბობს ექსპერტი უკრაინულ ტელეარხზე.
პუტინზე თავდასხმის საფრთხეზე მოსკოვში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 3 მაისს, ღამით, კრემლის გუმბათს ცეცხლი წაეკიდა, უპილოტო საფრენი აპარატის დაცემის შედეგად. უკრაინა აცხადებს, რომ ეს მისი გაკეთებული არ არის.
აღლუმებთან და სხვა მასობრივ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმები რუსეთს 20-ზე მეტ რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში გააუქმეს. მიზეზად უსაფრთხოების რისკები დასახელდა.
რა თქვა პუტინმა?
პუტინს ახალი თითქმის არაფერი უთქვამს.
მისი გამოსვლა წარსულის დიდებითა და რუსეთის განსაკუთრებულობის ხაზგასმით იყო გაჯერებული. გაიმეორა, რომ რუსეთი არა მოძალადე და დამპყრობელი, არამედ მსხვერპლია, რომლის წინააღმდეგაც „ომი გააჩაღეს“ „დასავლეთის გლობალისტურმა ელიტებმა“, „ნაცისტებმა“ ; თავად რუსეთს კი მხოლოდ მრავალპოლუსიანი “სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიო“ სურს.
პუტინი ამბობს, რომ დასავლეთს რუსეთის „დაშლა და განადგურება“ უნდა”, მაგრამ მისი რწმენაა, რომ – რუსეთი შეძლებს „დონბასის დაცვასა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.
„დასავლეთი პროვოცირებულია სისხლიანი კონფლიქტები და გადატრიალებები. ის თესავს სიძულვილს, რუსოფობიას, აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებს ოჯახურ, ტრადიციულ ფასეულობებს, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს“, – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ წაკითხულ ტექსტში ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს ერთ ახალ ფრაზას, რომ „დასავლეთი სუვერენული განვითარების ნებისმიერი ცენტრის მოგუდვას ცდილობს“.
უკრაინაში მისი განკარგულებით დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, რომელმაც სამხედროების გარდა, ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უწოდა.
ახლახან, უკრაინის უმაღლესმა რადამ დააკანონა ტერმინი „რაშიზმი“, როგორც „ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური რეჟიმის – ნეოიმპერიული და ტოტალიტარული დიქტატურის არსი“, რომელიც „ხორცს ასხამს ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის იდეებს რუსული ფაშიზმის (რაშიზმის) თანამედროვე ვერსიაში“.
რუსეთის მედიამ „აგრესიულად განწყობილი ბრბო უწოდა აქტივისტებს, რომლებმაც დღეს, 9 მაისს, ვარშავაში, რუს დიპლომატებს საშუალება არ მისცეს, რომ გვირგვინი დაედოთ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალთან. ხალხი რუსეთის ელჩისგან მოითხოვდა, რომ – „რუსული სამყაროს“ სიმბოლო – „გეორგიევსკის ბაფთა“ მოეხსნა.
რუსეთს რა ეაღლუმება
9 მაისს, დილიდან არ გაჩერებულა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც, ბოლო დროს მუდმივად შეიარაღებას ითხოვს, ამბობს, რომ მოატყუეს და პერიოდულად ფრონტის ხაზის დატოვებითაც იმუქრება.
„გამარჯვების დღე [9 მაისი] ეს ჩვენი წინაპრების გამარჯვებაა. ჩვენ მილიმეტრითაც კი არ დაგვიმსახურებია ეს გამარჯვება“, – 9 მაისს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში პრიგოჟინი ამბობს, რომ წითელ მოედანზე აღლუმის გამართვა სრულიად ზედმეტია მაშინ, როცა ფრონტი ჩამოშლის პირასაა.
„სამხედროები სანგრებიდან გარბიან“ – პრიგოჟინის თქმით თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა შენაერთმა 9 მაისს პოზიციები დატოვა და “ფრონტის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, 500 მეტრის სიღრმეზე მოაშიშვლა“.
„ჯარისკაცი არ უნდა მოკვდეს თავიანთი სულელი მეთაურების გამო“ – ამბობს პრიგოჟინი, რომლის მთავარი სამიზნე თავდაცვის მინისტრი – სერგეი შოიგუა, რადგან, როგორც ამბობს, მოთხოვნილი საბრძოლო მასალის მხოლოდ 10% დაუმტკიცა.
თავდაცვის სამინისტროს ის „ინტრიგების სამინისტროს“ უწოდებს და ხელისუფლებას ემუქრება, რომ ომის წაგების შემთხვევაში, განრისხებული ხალხი გაუსწორდება.
მოთხოვნილი შეიარაღების მისაწოდებლად, პრიგოჟინი ხელისუფლებას სულ რამდენიმე დღეს აძლევს და ამბობს, რომ უკრაინას აქვს საკმაო ძალა და შესაძლებლობები წარმატებული კონტრშეტევისთვის, რომელიც „მალე დაიწყება“.
9 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას „აგრესორი რუსეთის დამარცხება შეუძლია“.
პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავიანთ „ეფექტიანობასა და გამძლეობას“ ყოველდღიურად აჩვენებენ; თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისგან კვლავ მეტი შეიარაღების მიღებაა საჭირო.
„უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთივე ძლიერი, როგორც რუსეთის სურვილი, გაანადგუროს ევროპა. მაშინ ევროპელების ახალი თაობები, მომავალში, შეძლებენ ევროპის დღის მშვიდობიანად აღნიშვნას“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
8 მაისის ღამის 10 საათიდან, 9 მაისის 04:00 საათამდე, რუსეთმა უკრაინას 25 ფრთოსანი რაკეტა ესროლა, საიდანაც, უკრაინული მხარის ინფორმაციით, მოგერიებულია – 23 და მათ შორის “კალიბრის” კლასის 8 რაკეტა.
რადიო თავისუფლება