“ერთად ვიბრძვით მიშას, ნიკას თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის” – ემიგრანტების წერილი

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ორგანიზატორებმა ქართველი ემიგრანტების წერილი წაიკითხეს.

ემიგრანტები წერილში აცხადებენ, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკას გვარამიას თავისუფლებისთვის აქციის მონაწილეებთან ერთად იბრძვიან.

წერილით სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ ირჩევენ ევროპას და მიუხედავად იმისა, რომ “იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო, არ აპირებენ მის დათმობას.”

ემიგრანტების წერილი:

“ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენ შეიკრიბეთ, რომ ერთად თქვათ, ხმამაღლა – ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ემიგრანტები დღეს თბილისში ფიზიკურად თქვენს გვერდით ვერ ვდგებით, მაგრამ ამ ფორმით გიგზავნით ჩვენს ფიქრებს და ემოციებს, დიდ სითბოს და სიყვარულს მონატრებულ საქართველოში. ჩვენ ვერ ვდგავართ თქვენს გვერდით, მაგრამ ვდგავართ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოს, უკრაინის, აშშ-ს და ევროპის დროშებით და ვაგებინებთ მსოფლიოს ჩვენს სათქმელს – არა ოლიგარქიას, არა უსამართლობას, არა არაჰუმანურობას, კი ევროპას, კი დემოკრატიას, კი მედიის თავისუფლებას, კი ჰუმანურობას, თავისუფლება ნიკას, თავისუფლება მიშას.

შორიდან ვუყურებთ დღევანდელ საქართველოს და გული გვტკივა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ისევ პატიმრები არიან. გული გვტკივა, რომ საქართველო დღეს ციხეა და ყველა მძევალია, შეძლებული, თუ ღარიბი, ჩვენ მეტი შეგვიძლია, მაგრამ ისევ უპერსპექტივობის გამო, შემდეგი თაობაც ემიგრაციაში გარბის, გრძელდება ტვინების გადინება საქართველოდან.

ვხედავთ, როგორ აღვივებს რუსული დეზინფორმაციული მანქანა სიძულვილს და დაპირისპირებას, რაც გვაზიანებს მთელ საზოგადოებას და აზიანებს დემოკრატიულ საწყისებს. ვხედავთ მთავრობას, რომელმაც 10 წელი ოპონენტების ლანძღვას, ერის გახლეჩას, ხალხის გაღატაკებას, ოპოზიციისგან მტრის ხატის დახატვას, ტოქსიკურ რიტორიკას მოანდომა. ასე არ იქცევა მთავრობა, რომლისთვისაც დემოკრატია და ქვეყნის ინტერესი თეორიულად მაინც ერთგვარ ღირებულებას წარმოადგენს და ამომრჩეველს ერთმნიშვნელოვნად პატივს სცემს. შეიძლება, რომ ეს იყოს ჩვენი მომავლის მოდელი? ამ კითხვაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად – არა.

დღეს ჰიბრიდულ ომშია საქართველო, მაგრამ საქართველოს ვერ დაამარცხებენ ბნელი ძალები თუ ჩვენ ერთად ვიქნებით. საქართველო არაა მხოლოდ ექსკლუზიური ჯგუფების ქვეყანა, ეს ჩვენი ქვეყანაა. მთავარია, არ დავიღალოთ. ჩვენ იძულებულები გავხდით, დაგვეტოვებინა საქართველო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მის დათმობას. ვიბრძვით თქვენთან ერთად მიშას და ნიკას თავისუფლებისთვის, ჩვენი ყველას კეთილდღეობისთვის, საქართველოსთვის, მადლობა რომ დღეს აქ ხართ, რომ დგახართ აქ, გეხვევით თქვენი ემიგრანტები” – აცხადებენ ემიგრანტები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share