„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე განცხადებას აკეთებს.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის „კონკრეტული სიკეთეების გაკეთება, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას”.
მისივე შეფასებით, სანამ პრეზიდენტი არ იყენებს შეწყალების ინსტრუმენტს, ის თამაშობს რუსული პარტიის, რუსული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის თამაშს.
„სალომე ზურაბიშვილს სათქმელი ექნება მაშინ, თუ იმ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომელიც მას აქვს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, თუ ვინმე მას პრეზიდენტად აღიარებს, არის ის ინსტრუმენტი, რისი გამოყენებაც შეუძლია, სხვა ყველაფერი მას ხომ ჩამოართვეს და ფაქტობრივად არავინ არ არის, ხანდახან შეუძლია სიტყვით გამოვიდეს და ა.შ. სხვა ფუნქციები მას აღარ აქვს, შეუძლია ჩვენი ევროპული მომავლისთვის კონკრეტული სიკეთეების გაკეთება, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლარიზაციის დასრულებას. როცა ნიკაზე ვსაუბრობთ, საზოგადოებას მინდა ყოველ ჯერზე შევახსენო, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს მეორე ქეისი, როცა ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა, თან საუბარია შპს-ის მანქანაზე და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაყიდ ქონებაზე და შემდეგ ვინმესთვის თხოვებაზე. რამდენი ბიზნესმენი გვიყურებს, რამდენი მოქალაქე გვიყურებს, რამდენი თანამდებობის პირი გვიყურებს, რომლებიც თავად კორუფციულ გარიგებებშია შესული და მართლა საკუთარი პირადი ინტერესებისთვის იყენებს და ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას პატიმრობა ცინიზმის მწვერვალია, როცა ბიძინა გვეუბნება, რომ ავტომობილის თხოვების გამო სამი წელი უნდა ჩავსვა ეს ადამიანი ციხეში. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს აქვს ეს ინსტრუმენტი, რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს, მას აქვს ინსტრუმენტი, რომ გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი. შეუძლია შეწყალების ინსტრუმენტი გამოიყენოს და ამის შემდეგ გამოვიდეს და საქართველოს სახელით ისაუბროს, მანამდე გულწრფელად მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ გვჯერა მისი ამ გამოსვლების. ერთია რას საუბრობს და მეორე რას მოქმედებს. როცა მოქმედება და საუბარი ერთმანეთს არ ემთხვევა, ვარაუდები გვიჩნდება, რომ ან არის მართული და არ არის დამოუკიდებელი, ან უბრალოდ რაღაცის გაკეთილშობილებას ცდილობს სალომე ზურაბიშვილის ხელით ბიძინა ივანიშვილი. გვაქვს ეს ლეგიტიმური შეკითხვები და თუ ეს ასე არ არის და შეწყალების ინსტრუმენტს გამოიყენებს, მე ბოდიშს მოვიხდი. ვიტყვი, რომ ვცდებოდი სალომეს შეფასებაში და ის ნამდვილად დამოუკიდებელი ფიგურა ყოფილა, თუმცა ამ დრომდე, სანამ ის არ იყენებს ამ ინსტრუმენტს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის აბსოლუტურად თამაშობს რუსული პარტიის თამაშს, რუსული ხელისუფლების თამაშს და ბიძინა ივანიშვილის თამაშს. ეს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ სხვანაირად აღიქვას, სხვანაირად დაინახოს და მისი პრეზიდენტის მანდატი გამოიყენოს, სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.