“როცა ოცდაათი წელია ხარ პოლიტიკაში, კი უნდა მიხვდე, რომ არაფერი კარგი არ მოაქვს მსგავსი ქმედებების წახალისებას”

როცა ოცდაათი წელია ხარ პოლიტიკაში, მთელმა ცხოვრებამ გაიარა ამ პროცესში და როცა ზურგს გიმაგრებს წარსულის გამოცდილება, კი უნდა მიხვდე, რომ არაფერი კარგი არ მოაქვს მსგავსი ქმედებების წახალისებას. ეს აზიანებს პარტიას, აზიანებს მთლიანად ოპოზიციას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძე განუცხადა, რითაც შეაფასა ცალკეული პოლიტიკოსების გამოხმაურებები ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, აქ უფრო მნიშვნრლოვანია, როგორ რეაგირებენ ამაზე პარტიები, გამოცდილი, ”უფროსი” პოლიტიკოსები და როგორ რეაგირებს ხელისუფლება.

„პარტიების დიდმა ნაწილმა სწორი შეფასება მისცა, ზოგიერთმა სამწუხაროდ, მოიწონა და გმირობად გამოაცხადა, თანაც იმ ადამიანებმა, რომლებიც თავად იყვნენ ძალადობის, ნაგვის, კვერცხების ( ახლადგამოჩეკილი წიწილების) და ცოცხების სროლის ობიექტი. როცა ოცდაათი წელია ხარ პოლიტიკაში, მთელმა ცხოვრებამ გაიარა ამ პროცესში და როცა ზურგს გიმაგრებს წარსულის გამოცდილება, კი უნდა მიხვდე, რომ არაფერი კარგი არ მოაქვს მსგავსი ქმედებების წახალისებას. ეს აზიანებს პარტიას, აზიანებს მთლიანად ოპოზიცია, ასუსტებს იმ მთავარ უპირატესობას, რომელსაც მორალური უპირატესობა ჰქვია გაყალბებული არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, რაგირება იყო შერჩევითი სამართლის პრინციპით, უზნეო და პოლიტიკურად მოტივირებული. რა საჭირო იყო დაკავება, სადმე გაიქცეოდა თუ მიიმალებოდა? ეს სპეციალურად, ძალის დემონსტრირებისათვის იქნა გაკეთებული. იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ გორში მომხდარი კიდევ უარესი შემთხვევისას, როცა სახელმწიფო მოხელე იყო ამის ავტორი, არა თუ დაკავება, არც კი გაუკიცხავთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული ის ახალგაზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს უმწვავე პროტესტს საზოგადოებისაგან.

აბრაამ ლინკოლს აქვს ასეთი გამონათქვამი: ”არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს”.

თუ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება გვინდა, ეს მაქსიმალურ უნდა იყოს თითოეული პოლიტიკოსის სამოქმედო პრინციპი, თუ პრეტენზია აქვს უხელმძღვანელოს ქვეყნის პროგრესის გზაზე დაყენების პროცესს“, – განაცხადა რომან გოცირიძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share