ევროპელი ჟურნალისტები ნიკა გვარამიასთვის – ბულგარეთში უკრაინული დიასპორა საქართველოს საელჩოს მიმართავს

ნიკა გვარამია სინდისის პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – ქართველი ჟურნალისტებისა და კრიტიკული მედიის მიერ დაწყებულ კამპანიას უკვე ეხმაურებიან ევროპელი და უკრაინელი ჟურნალისტები.

ბულგარეთში უკრაინულმა დიასპორამ საქართველოს საელჩოს ოფიციალური წერილით მიმართა და სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეახსენა.

“უკვე წელიწადზე მეტია, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის სასტიკი ომი მიმდინარეობს, რომლის დროსაც უამრავი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა. მე მივმართე წერილით ბულგარეთში არსებული ჩვენი ორგანიზაციის, „დედა უკრაინას“ სახელით საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლონ ჟურნალისტი ნიკა გვარამია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც თავის ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს, არ უნდა იჯდეს ციხეში, რადგან ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

უკრაინელებმა იციან, რა არის რუსეთი. ეს არის ბოროტების იმპერია, რომელიც ცდილობს უკრაინელების განადგურებას, ისევე როგორც 2008 წელს ცდილობდა საქართველოს განადგურებას.

მაშინ რომ მსოფლიო საქართველოს გვერდით დამდგარიყო, ალბათ უკრაინის ომი არ იქნებოდა. უკრაინა და საქართველო ევროპული ქვეყნებია და ასეთებად უნდა დარჩნენ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს.” ამბობს “მთავართან” საუბარში ოლენა კოცევა , ორგანიზაცია “დედა უკრაინას” წარმომადგენელი.

მოთხოვნას შეუერთდა უკრაინელი ფოტოჟურნალისტი ანდრეი კრავჩენკოც, რომელმაც სპეციალურად ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად, პიქსელის რეპროდუქცია შექმნა პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გამოსახულებით.

“პირველ რიგში ნიკა არის ჩვენი კოლეგა და ჯერ მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვეხდინა რეაგირება ამ უსამართლობასა და სისასტიკეზე. გარდა ამისა, ნიკა რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამოდის და ამაზე რეაგირებს, ამიტომ ჩვენც უნდა მოვახდინოთ რეაგირება მის პრობლემაზე. ომმა ჩვენ გვასწავლა, რომ ჩუმად არ უნდა ვიყოთ. თუ ჩუმად ხარ, ესე იგი რეპრესიებს უჭერ მხარს, ესე იგი გენოციდს უჭერ მხარს და ყველაფერს, რასაც ტოტალიტარული ქვეყანა აკეთებს. ნიკა გვარამია სწორედ იმიტომ ზის ციხეში, რომ ჩუმად არ არის. ჩემი პროფესიონალური და ადამიანური გრძნობა იყო, რომ მისი პორტრეტი შემექმნა და ასეთი ფორმით მხარი დამეჭირა ამ არაჩვეულებრივი ადამიანისთვის.

პიქსელების სტილი მოდის იქიდან, რომ ჩვენ უკრაინელები თვითიდენტიფიცირებას ვახდენთ  უკრაინული ეროვნული სამოსით, რომელსაც ვიშივანკა ჰქვია და ასევე ვახდენთ თვითიდენტიფიცირებას ბრძოლის ველზე ჯარისკაცის ფორმით და ეს ფორმაც პიქსელურია. ასე ვარკვევთ, ვინ არის ჩვენიანი და ვინ – არა. მსოფლიოში თვითიდენტიფიცირებას ვახდენთ ჩვენი კულტურის საშუალებით. აქედან  გამომდინარე, ჩემი სტილი ამ ყველაფრით განისაზღვრება. სწორედ ამიტომ გავაკეთე ნიკას პორტრეტი პიქსელების სტილში, რათა მეჩვენებინა, რომ უკრაინული კულტურა და ჩვენი სამყარო მხარს უჭერს თქვენს სამყაროს.” ამბობს კრავჩენკო.

იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი ზეწოლად აღიქვამს ყველა მოწოდებას, რომ უდანაშაულო ადამიანი გაათავისუფლოს და ამით ჩვენი ევროპული მომავალი იხსნას, სალომე ზურაბიშვილს უკვე ყოველდღიურად უწევს ევროპარლამენტარების, ფრანგი, თუ სხვა ევროპელი ჟურნალისტების შეკითხვების მოსმენა- აპირებს თუ არა პრეზიდენტი, რომელიც ამტკიცებს რომ საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერს, პოლიტიკური დევნის დასრულებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share