დავით აღმაშენებლის საგანმანათლებლო პოლიტიკა და წიგნიერების ადგილი მე-12-საუკუნის საქართველოში
ცნობილია, რომ რენესანსი იწყება ანტიკური კულტურის შესწავლით. მე-12 საუკუნის ქართული რენესანსი დავით აღმაშენებელმა სწორედ ანტიკური კულტურის ტრადიციების აღორძინებით დაიწყო. ამ ეპოქის ქართველი ავტორები ანტიკური ფილოსოფიის, ისტორიის და ლიტერატურის საოცარ ცოდნას ამჟღავნებენ.
ყველაფერი დაიწყო დავით აღმაშენებლის მიერ ანტიკური ავტორების ნაწერთა შეკრებით: “მდიდრად შემოიკრიბა, რაც იპოვა, ქართულად თარგმნილი, როგორც ძველი, ისე ახალი, მეორე პტოლემეოსივით”. “ძველს” ისტორიკოსი ანტიკურს უწოდებს ანუ მეფე ისეთი ჟინით კრებდა ანტიკური ავტორების ხელნაწერების თარგმანებს, როგორც დიდი პტოლემეოსი. მაგრამ მაქსიმალისტი მეფე ამით არ დაკმაყოფილებულა. სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძმერდეცი წერს, რომ დავითმა ორმოცი ახალგაზრდა გაგზავნა საბერძნეთში ენების შესასწავლად და ნათარგმნი ლიტერატურის ჩამოსატანად. ეს ცნობა დასტურდება ერთი საოცარი ლექსითაც დავითზე (“გიამბობ სიფრიადესა”): “ათენსა სწრთვნიდეს ჭაბუკთა, იყალთოს მონასმენთასა, სწყალობდეს დავით, მოძღვართა, ათინით მონავლენთასა”.
შავთელი დავითზე წერს: “ატიკურისა, პატრიკულისა ხედვის უფალ ხარ სიწლოთ სიხშოსა”, ამ ცნობის მიხედვით, დავითი ატიკურ (ანტიკურ) ფილოსოფიას და პატრიკულ ანუ პატრისტიკულ/ქრისტიანულ თეოლოგიას საფუძვლიანად და ღრმადაა დაუფლებული, მაგრამ დავითს სურდა, რომ მისი ანტიკური იდეალების ხორცშესხმა “ათინა”, სადაც ქართველ სტუდენტებს გზავნიდა, საქართველოშიც ყოფილიყო, ამიტომაც მან დააფუძნა “მოძღუარი სწავლულებისა, ვითარცა მეორე ათინა” ანუ ანტიკური ფილოსოფიის სასწავლებელი თვით საქართველოში, გელათის მონასტერთან, რომლის პირველ რექტორადაც დანიშნა თავისი ნდობით აღჭურვილი პირი, მისი კანცლერი – ანტონი გოდობრელი. ანტონისაგან შეკვეთილი რამდენიმე ხელნაწერი აშკარად სასწავლო ხასიათისაა და ეპოქის ფილოსოფიური და თეოლოგიური ცოდნის ენციკლოპედირებას ისახავს მიზნად. გელათის აკადემიაში დამკვიდრებული სხვა დიდი ქართველი ფილოსოფოსი და პედაგოგი – იოანე პეტრიწიც წერს სასწავლო სახელმძღვანელოს, რომლის ერთგვარი სტუდენტური კონსპექტები დღემდეა მოღწეული. აქ იგი მოწაფეებს წიგნის კითხვის სხვადასხვა ტექნიკურ ხერხს უზიარებს (“განმარტებაი პროკლესთუის…”, შესავალი). მისი რჩევით, წიგნი უნდა იკითხო ყრმასავით, აუჩქარებლად, რადგანაც აჩქარებული კითხვისას ბევრი რამ საგულისხმო შეიძლება გამოგვეპაროს.
საინტერესოა, რომ სწორედ ასეთ მიდგომას ვხედავთ იმ ეპოქის ყველაზე დიდ მკითხველთან, დავით აღმაშენებელთანაც, რომელზეც ამბობდნენ, არა ზედაპირულად, არამედ “ფრთხილად” კითხულობდაო. იგი “წიგნებით ცოცხლობდა და სულდგმულობდა”, “თვალების დაღლამდე კითხულობდა, მერე კი ყურით ანაცვლებდა დაღლილ თვალებს” (სხვას აკითხებდა), “განმარტავდა წაკითხულის ძალსა და სიღრმეს” და ა.შ.
ყველაფერ ამასთან ერთად, დავითის ისტორიკოსი, რომელიც რამდენიმე გვერდს უთმობს მეფის წიგნებთან დამოკიდებულების აღწერას (ესეც საარაკო ამბავი), წერს, რომ იგი კითხულობდა “არა გარეწარად (ზერელედ), არამედ ფრიადცა ფრთხილად ისმენნ”, სწორედ ისე, როგორც ამას მისგან დაფუძნებული გელათის აკადემიის მასწავლებელი მოითხოვდა.
მეფის საგანმანათლებლო პოლიტიკის ზოგადი მიზანი, წყაროთა ცნობით, იყო “სულმნთებთა აღმაფრენა” ანუ კრეატივის აქტუალიზება, ამავე მიზანდასახულობით დაფუძნებული იქნა მეორე ათენად და სწავლულობის მოძღვრად სახელდებული გელათის “არკადიმია – სახლი საფილაფოსო”, როგორც “სასწავლო ყოვლისა კეთილისა”.
პეტრიწს სისტემური ხედვები ჰქონდა პირველდაწყებითი და უმაღლესი განათლების შესახებაც: “სასწავლებლად მოსულმა მთელის გასაგებად პირველად უმარტივესი ელემენტები უნდა შეითვისოს, ისე, როგორც სიტყვის გასაგებად საჭიროა ასოთა შეთვისება, წინადადებისთვის სიტყვებისა, ხოლო მოთხრობებისთვის – წინადადებებისა, საერთოდ, მთელი სამყარო ხომ უმარტივესი ელემენტების შეერთებაა – ცეცხლის, ჰაერის, მიწისა და წყლისა”.
ეს ეპოქა ჭეშმარიტად რენესანსის შესავალი იყო, ქართული რენესანსის მთავარი იდეოლოგის – იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში ინტელექტი/გონება სულზე უპირატესია, პლოტინოსზე დაყრდნობით, იგი აცხადებს, რომ გონება მზეა, სული კი მთვარე, რომელიც თავის სხივებს მზე/გონებისგან სესხულობს. ვფიქრობ, ინტელექტის ამ კულტმა მრავლისმეტყველი გამოვლინება ჰპოვა სამეფო კარის ეტიკეტშიც ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით პატრიარქის და მისი მხლებლების შესახვედრად მეფეს უნდა გაევლო ხალიჩის მესამედი, მაგრამ გელათის აკადემიის რექტორის (“მოძღვარმოძღვრის”) და მისი სტუდენტების (“მოწაფეთა მისთა”) შესახვედრად მეფეს ხალიჩა მთლიანად უნდა გაევლო და ამგვარად ინტელექტის და სულის მსახურებისათვის უფრო მეტი პატივი მიეგო, ვიდრე მარტოდენ სულის მსახური პატრიარქისათვის.
კონფესიური შეუზღუდაობა დავითს და დიმიტრის უბიძგებდა მუსლიმ მოაზროვნეებთან ინტენსიური ინტელექტუალური ურთიერთობისკენაც, ალ ჯაუზის მიხედვით, მეფე მათ მისაღებად საგანგებო წვეულებებსაც მართავდა.
ქართველი და საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ამ პერიოდში ფლობდნენ უზარმაზარ ინტელექტუალურ რესურსებს. ცნობილია ორმოცდაათამდე მუსლიმი ქართველი კულტურის მოღვაწის შესახებ. მუსლიმური წყაროები მათ, როგორც წესი, ათ თაფლისის (თბილელი, თბილისელი) ან ათ დუმანისის (დმანელი, დმანისელი) სახელით იხსენიებენ, ისინი მკვიდრი ქართველები იყვნენ, რადგანაც სხვაგვარად მათ ქურჯებსაც უწოდებდნენ, მაგ. ას_სამ’ანი წერს: “გამოვიდა აქედან ჯგუფი მეცნიერთა და ჰადისის მცოდნეთა…. აბუ ბაქრი აქ დაიბადა. იგი იყო ავტორიტეტი, სანდო, ბევრი ჰქონდა ნამუშევარი ჰადისებზე… ალ ჰუსეინ ათ თაფლისი… ითვლებოდა იგი რჩეულად და აღმატებულად… ალ მადაინი ათ თაფლისი… ალ-ქ(გ)ურჯი (ქართველი)…. ეს არის ნისბა ქურჯისათვის… გამოვიდა აქედან მრავალი მავლა.”
მეორე მხრივ, დავითს ინტელექტუალური ურთიერთობა ჰქონია სომხურ სამეცნიერო წრეებთანაც, რამდენადაც იგი “დიდად აქებდა სომეხთა თარგმანებს”, ეს ცნობა სავსებით გასაგებია, რადგანაც ისეთი ბიბლიოფილი, როგორიც დავითია, მართლაც უნდა მოხიბლულიყო უმდიდრესი სომხური მწერლობით. ამ შემთხვევაში დავითი პიონერი სულაც არ ყოფილა, არსებობს ცნობები, რომ ძველი საქართველოს ყველაზე მაღალკულტურული მონარქი – დავით კურაპალატი არა მხოლოდ კითხულობდა სომხურად, არამედ – არაბულიდან ამ ენაზე ათარგმნინებდა კიდეც.
ეს განსაცვიფრებელი პერიოდი ქართულ კულტურას ანაყოფიერებდა და სძენდა არა ერთ უპირატესობას, რასაც სხვა, იზოლაციონისტური ქრისტიანული კულტურები მოკლებულები იყვნენ.
კვირის პალიტრა