17 ივნისი – 169 წელი ჩოლოქის ბრძოლიდან (ძველი სტილით 1854 წლის 4 ივნისი)

17 ივნისი – 169 წელი ჩოლოქის ბრძოლიდან (ძველი სტილით 1854 წლის 4 ივნისი)
.
ქაქუთსა და ჭანიეთს შორის მომხდარი ბრძოლის შესახებ
.
1853-1854 წლების ყირიმის ომი კავკასიაში 1853 წლის 15 ოქტომბერს შეკვეთილის ფორტზე თურქების თავდასხმით დაიწყო, რომლებმაც რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული უპირატესობაც მოიპოვეს.
.
რუსული წყაროების მიხედვით 1854 წლის მაისში გურიაში სოფელ ქაქუთიდან შევიდა ოსმალთა 34 ათასიანი კორპუსი, რომლის ერთი ნაწილი 12 ათასი კაცი ჰასანბეგი თავდგირიძის მეთაურობით ლანჩხუთისკენ დაიძრა. ოსმალთა ჯარის ეს ნაწილი 27 მაისს დამარცხდა ნიგოეთთან. ნიგოითის ბრძოლის შემდეგ 29 მაისს გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი ოზურგეთისაკენ დაიძრა სადაც თურქების ჯარი იდგა. რუსული წყაროების მიხედვით სოფელ ნაგომარში ანდრონიკაშვილმა 18 ზარბაზანი და 10000 კაცი შეკრიბა (აქედან 2000 კაციანი გურიის მილიცია იყო, ასევე იყო ქართული კავალერია და ფეხოსანი მილიცია, თუშების მილიცია) და დაიძრა ოზურგეთისაკენ, 3 ივნისს ანდრონიკაშვილის ჯარის მოულოდნელი გამოჩენის შემდეგ თურქებმა ოზურგეთი ისე სწრაფად დატოვეს, რომ თავიანთი მარაგების გატანაც ვერ მოასწრეს.
.
ოზურგეთიდან გაქცეულმა თურქებმა ჩოლოქი გადალახეს და ქაქუთში ძირითად ძალებს შეურთდნენ. მთლიანობაში თურქების 34 000 კორპუსი 13 ზარბაზნით სელიმ ფაშას მეთაურობით გამაგრებული იყო მდინარე ჩოლოქის სამხრეთ ნაპირზე, ბრძოლის გენერალური გეგმის მიხედვით თურქების პირველი საველე სიმაგრე მდინარე ჩოლოქიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იყო მოწყობილი, ხოლო ოზურგეთისაკენ მიმავალი გზიდან სოფელ ქაქუთის გადასხვევთან შემაღლებულ ადგილზე იყო თურქების მთავარი ბანაკი. თურქების პოზიციები მდინარის მხრიდან დაცული იყო საველე გამაგრებებით, მარჯვენა ფლანგიდან დაცული იყო ხევით, ხოლო მარცხნიდან უღრანი ტყით. ოზურგეთის დაკავების მეორე დღესვე 4 ივნისს ანდრონიკაშვილის მეთაურობით რუსების ჯარმა, ქართულმა კავალერიამ და გურიის მილიციამ მდინარე ჩოლოქი გადალახა.
.
რუსების პირველი კოლონა, რომლის წინაც ფეხოსანი გურიის მილიცია მიდიოდა ტყიდან მოულოდნელად დაესხა თავს თურქების ბანაკს. ქართულმა კავალერიამ კი ზურგიდან შეტევით შეიჭრა თურქების განლაგებებში და ხელში ჩაიგდო თურქების დროშა და სამი საბრძოლო ნიშანი, გურიის მილიციის ფეხოსნებმა კი ხელში ჩაიგდეს სამთო ზარბაზანი. თურქებმა ვეღარ გაუძლო რუსების მთავარი ძალების შეტევას პოზიციები მიატოვა და გაიქცა. ანდრონიკაშვილის ბრძანებით რუსებმა ლეღვამდე მისდიეს თურქებს, ხოლო ლეღვის შემდეგ ქართული ცხენოსანი მილიცია ორი საათი მისდევდა და ანდგურებდა გაქცეულ თურქებს.
.
ბძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ქართულ კავალერიას გადაეცა საბრძოლო ნიშანი ქართულ და რუსულ ენებზე წაწერით – ,,ქართული კავალერის დრუჟინას მამაცი მოქმედებისათვის თურქეთის არმიის კორპუსის დამარცხებისა და დევნისათვის მდინარე ჩოლოქთან, 1854 წლის 4 ივნისს.
.
გურიის ფეხოსანი მილიციის საპატივცემულოდ 1864 წელს დაარსებულ კაზაკთა ერთ-ერთ სტანიცას ეწოდა სახელი – გურიისკაია (станица – Гурийская, დღევანდელი კრასნოდარის მხარე, ბელორეჩინსკის რაიონი), ასევე რუსეთის არმიის ერთერთ პოლკს, რომელიც მონაწილეობდა ყირიმის ომის კავკასიის ფრონტზე ეწოდა გურიის პოლკი (Гурийский 159-й пехотный полк).
.
,, წყარო: მოდესტ ბოგდანოვიჩი – აღმოსავლეთის ომი 1853-1856 პირველი და მეორე ტომი (1876 წლის გამოცემა), გაზეთი Кавказ-ი 1841 წელი 24 ივნისი;
.
P.S. შესაძლებელია ზემოხსენებულ ინფორმაციაში მითითებული ჯარების რაოდენობა არასწორია, რადგანაც როგორც წესი ყველა აჭარბებს საბრძოლო ამბების აღწერისას. ყირიმის ომის მიმდინარეობისას ერთმა ფრნაგმა ჟურნალისტმა რუსებზე იხუმრა – “რუსების ინფორმაციით მათ ბრძოლაში გაანადგურეს 10 000 თურქი, ხოლო რუსეთი ბანაკში დაიბადა ერთი პატარა კაზაკი”
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share