”ცხადია, ეს იყო ხელისუფლების არათუ წახალისებული, არამედ ორგანიზებული ძალადობა.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ასე იქცევა, თუმცა თუ არ ვცდები, პირველი შემთხვევაა, როცა დაგეშილ მოძალადეებს არასრულწლოვნებსა და ახალგაზრდებს ასე მიზანმიმართულად უქსევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას ყველაფრის კადრება შეუძლია. სამწუხაროდ, ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს.
ეს ხო თავისთავად ქვეყნის უბედურებაა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად როცა აცნობიერებ რომ არც ძალადობისგან გიცავს ვინმე, არც ამ საქმის ობიექტურად გამომძიებელია არავინ, არც დამნაშავეების სამაგალითოდ დამსჯელი უწყებები მუშაობს, საჯარო მოხელეების ძალადობაში თანამონაწილეობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყებაც მიტაცებულია და არც უფლებების დარღვევის ფაქტებზე ხმამაღლა და თამამად მოლაპარაკე უწყება აღარ გვყავს, ამაზე მეტი რა უნდა დაგვემართოს მართლა არ ვიცი.”
სოციალურ ქსელში წერს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.
დღეს გორის სმარტთან გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ – ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.
პარალელურად, ბორჯომის სასტუმროსთან, სადაც პარტიის ბანაკია მოწყობილი, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ადგილზე მყოფ ბანაკის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. სასტუმროს ტერიტორიაზე ბანაკის წევრების გარდა დამსვენებლებიც იმყოფებოდნენ.
ასევე დღეს თსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად პროტესტის გამოხატვას აპირებდნენ, უცნობმა პირებმა ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს. სტუდენტების თქმით, თავდამსხმელები “კობახიძის მიყვანილი ხალხი” იყო.