საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი მიესალმებიან ამ ნაბიჯს, რადგან გვარამიას დაკავება, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტთან ერთად, საქართველოს ფუნდამენტური უფლებებისადმი ერთგულების მხრივ შეშფოთებას იწვევდა.
“მივესალმებით საქართველოს მიერ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, დასტურია საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობისა, რომელიც აგრძელებს მისი თავისუფლების ადვოკატირებას, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საქართველოში.
გვარამიას დაკავება ახლახან გაწვეულ კანონპროექტთან ერთად უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, ფუნდამენტური უფლებებისადმი საქართველოს ერთგულების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატ ქვეყანაში ჟურნალისტების დაპატიმრების ან მედიის შევიწროებისთვის ადგილი არ არის“.- ამბობს ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე სკოტ გრიფენი.
22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.
2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.