რუსული დელეგაცია უარს ამბობს რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე ბუჩაში მათი ქვეყნის სამხედროების მიერ ჩადენილ სიმხეცეზე, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმაზე და უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე. რუსები ამ ყველაფერში „ნაცისტებს“ ადანაშაულებენ და „ჰოლივუდის მსახიობების სპექტაკლს უწოდებენ“, – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსეთი უარს ამბობს კრამატორსკის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობის აღებაზე და „ფეიკებს“ ავრცელებს.
„რუსეთის წინააღმდეგ არსებობს იურიდიული პრეტენზიები ომის წარმოების წესების დარღვევისთვის. ეს კი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებია, რომლებიც საერთაშორისო ტრიბუნალებს გაეგზავნა. და იქ მოხვდებიან კონკრეტული მეთაურები, კონკრეტული შემსრულებლები. ამიტომ, მათ აღარ გამოუვათ უკვე სადმე გვერდით ამის ჩუმად გადავლა, როგორც ეს მოხდა 2014 წელს. ამიტომ არ მესმის რატომ აკეთებენ ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს: განზრახ ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას, რომ რა? რომ თავის მოქალაქეებს უთხრან: „შეხედეთ „უკრაინელი ნაცისტები“ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას“? მე ამ ლოგიკას დღემდე ვერ ვიგებ“- განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე განმარტებით, რაკეტა, რომელითაც რუსეთმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს დაარტყა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან იყო გაშვებული.
„ბუჩას, გოსტომელის, ირპენის, მაკაროვის, ბოროდიანკას, კრამატორსკის საკითხების განხილვისას ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ვწევთ ამ საკითხებს, მაგრამ რუსეთის მხრიდან დელეგაციის წარმომადგენლები ისე იქცევიან, როგორც ეს მიღებულია რუსეთის ფედერაციაში, რომ თითქოს ისინი ცხოვრობენ სხვა რეალობაში ან პლანეტა მარსზე და რომ თითქოს მათთან ეს არ ხდება. რბილად რომ ვთქვათ, ისინი არ რეაგირებენ ნებისმიერ პერეტენზიაზე, რომელიც დოკუმენტირებულია როგორც დანაშაული- „ისინი თავს არ გვესხმიან, ისინი საერთოდ არ იბრძვიან“. ვფიქრობ, რომ ერთი-ორი კვირის შემდეგ ისინი იტყვიან, რომ რუსი ჯარისკაცები საერთოდ არ არიან უკრაინის ტერიტორიაზე და „ეს საერთოდ დაუდგენელი მწვანე ადამიანები არიან“, როგორც მათ ამის თქმა უყვართ: „ჩვენ არც კი ვიცით რომელ ეროვნებას განეკუთვნებიან ისინი“. ისინი პირდაპირ გიყურებენ და გეუბნებიან: „ნაცისტები თვითონ მოვიდნენ და დაცხრილეს მშვიდობიანი მოსახლეობა“, ანუ ისინი მთელი სერიოზულობით გვიყურებენ თვალებში და გვეუბნებიან: „ნაცისტები ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას“,- განაცხადა პოდოლიაკმა.
ამასთან, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მალე გაჩნდება ტერმინი „რუსული ნაციზმი“, რადგან „მათი ქმედება აბსოლუტურად არაადამიანური და არაჰუმანურია“.
„როდესაც მოლაპარაკებების დროს მათ ვუსვამთ კითხვებს: „აი, ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავთ“, ისინი ამბობენ: „ბუჩა ჰოლივუდის მსახიობების დადგმაა“,- ასე პასუხობენ ან: “კრამატორსკი – თქვენ თვითონ შექმენით ნაცისტები, რომლებიც თავად ესვრიან მშვიდობიანი მოსახლეობას”. აქ რაციონალურობა არ არის. და ამაზე კამათი შეუძლებელია, მათთვის აშკარა რამის ახსნა შეუძლებელია…. ლოგიკური არგუმენტები არ მუშაობს, ეს უნდა გესმოდეთ. რუსეთის ფედერაცია კვლავ რჩება ბრმა ყრუ და უუნარო მდგომარეობაში რეაქცია იქონიოს თანაცხოვრების რაიმე მორალურ-ეთიკურ ნორმატივებზე“,- განაცხადა პოდოლიაკმა.