დღეს, ოზურგეთში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს.
დილიდან ხალხმრავლობაა ნინოთოიძის სასაფლაოზე მის მშობლიურ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში.
საზოგადოების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გვირგვინებით ამკობენ ნინო თოიძის საფლავს და პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას: ” ნინო ფაქტიურად სამშვიდობოს იყო გამოსული,როცა დაინახა, რომ რუსი სამხედროები ორლესული ნიჩბებით მის მეგობარ აზა ადამიას ურტყამდნენ. ნინო სასწრაფოდ აზას მისაშველებლად მივიდა, მაგრამ სამწუხაროდ რუსმა სამხედროებმა ნინოც ორლესული ნიჩბით აკუწეს. მას კისერში უკანა მხრიდან ჰქონდა ჩარტყმული ორლესული ნიჩაბი, აზას ცხედარი კი სასტიკად იყო დასახიჩრებული” – იხსენებს 1989 წლის 9 აპრილის ამბებს ნინო თოიძის და, ქეთევან თოიძე.
ქალბატონმა ქეთევანმა თქვა, რომ ნინო ყოველდღე დადიოდა მიტინგზე. მაგრამ იმ დღეს მისი ნათესავის,ზური თოიძის დაბადების დღეა იყო და ნინო არ აპირებდა წასვლას, თუმცა აზამ დაურეკა და უთხრა, რომ მიტინგზე მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა და სასწრაფოდ გაიქცა.
“ორი დღე ვეძებდით. ვერ ვიჯერებდით, რომ ნინო მოკლული იყო. შემდეგ გვანმის ამოცნობაზე წაგვიყვანეს და სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით ნინოს ახლობლები” – იხსენებს ქალბატონი ქეთევანი.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში დატრიალდა სისხლიანი ტრაგედია, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.