მარეგულირებელი კომისია მთავარი არხის დასჯას ცდილობს – დაახლოებით 1 თვის წინ კახა ბექაურის უწყებამ საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართა, თუმცა საქალაქო სასამართლომ წარმოება შეწყვიტა.
მარეგულირებელმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ამ შემთხვევაშიც საუბარია 2 ვიდეორგოლზე: “თავისუფლება მიშას” და 14 ოქტომბრის აქციის კლიპზე.
დღევანდელ პროცესზე სააპელაციო სასამართლომ მხარეთა არგუმენტები მოისმინა. ბექაურის უწყების იურისტს პროცესზე წამოსცდა, რომ ჯარიმებისა და მათი გაღიზიანების რეალური მიზეზი დამოუკიდებელი ტელევიზიის, “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაა.
“ახსნა განმარტებისას კომისიის მხარემ სასამართლოს უთხრა, რომ ჩვენი არხი არის დაუბალანსებელი გადაცემების კუთხით და ამის გამოძახილი იყო ეთერში გასული კლიპი. კომისიამ პირდაპირ გადაწყვიტა, რომ ერევა ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იმის გამო, რომ არ მოსწონს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, გადაწყვიტა, რომ ასე აგვიკრძალოს საკუთარი გამოხატვის თავისუფლება”,- ამბობს თამთა მურადაშვილი “მთავარი არხის” იურისტი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 111 903 ლარით დააჯარიმა.
სანქცირება კომისიამ “სირცხვილიას” მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, “ქართული ოცნების” წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება.
გარდა ამისა, მარეგულირებელმა ტელეკომპანია ვიდეორგოლების, სახელად “კლავს” გამოც დაასანქცირა.