ამ ოპოზიციას რომ შეაფასებინო, დემეტრე თავდადებულს გამოგაცხადებინებენ ლაჩარ კაცად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” აქვს ღირებულებათა სისტემა, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფოს მშვიდობიანობა არის ნომერ პირველი”.
„არ შეიძლება, რომ ემოციურ დონეზე მივიღოთ გადაწყვეტილებები ომის დაწყებასთან დაკავშირებით. უტრირებული მაგალითებით ხდება აბსოლუტურად უსაფუძვლო დასკვნების გამოატანა ოპონენტების მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომის დაწყება არ არის ჩვენს ინტერესში, არ ვარგა ეს და ვემიჯნებით იმ რიტორიკას, რომელიც ზოგიერთ უკრაინელ თანამდებობის პირს ან ჩვენს პოლიტიკოსებს აქვს.
ეს არის მთავარი საფრთხე, ეს არის მთავარი ხიფათი. ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, არცერთი ფიფქი არ დაიწყებს პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რომ დაგორდება მთის წვერიდან და ზვავად გადაიქცევა. ამას უნდა ვუფრთხოდეთ და როდესაც ამ მიმართულებით სიფრთხილეს ვიჩენთ, ეს არის ზუსტად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
ამ ოპოზიციას რომ შეაფასებინო, დემეტრე თავდადებულს გამოგაცხადებინებენ ლაჩარ კაცად. არ ვარგა ეს, არ არის სწორი დამოკიდებულებები. როდესაც გაქვს ღირებულებების სისტემა, სადაც სახელმწიფოს მშვიდობიანობა არის ნომერ პირველი, აი, ეს არის მნიშვნელოვანი. კი არ ვაიგივებ ვინმესთან თავს, ღმერთმა დამიფაროს, როგორ ვიკადრებ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სისტემა ღირებულებების არის ასეთი, არ შეიძლება რამემ გადაწონოს შენს ქვეყანაში მშვიდობა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.