“კომპეტენცია დაგვიწუნეს და გამოგვიშვეს – ასე წერია ბრძანებაში” – გიორგი გაგოშიძე

“კულტურის მინისტრი აშკარად ცდილობს ველის მოსუფთავებას, ნიჭიერი და გამოცდილი კადრების ჩამოშორებას და მათ ჩანაცვლებას ადვილად სამართავი ხალხით“

დღეს, კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე ბევრს კამათობენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანის მიერ  გათავისუფლებულმა კულტურის მუშაკებმა გადაწყვიტეს სასამართლოს მიმართონ. მათ შორის არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე, რომელიც შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების სპეციალისტია, უამრავ ექსპედიციაში აქვს მონაწილეობა მიღებული და წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მუშაობდა. კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ იულონ გაგოშიძემ “კვირის პალიტრასთან”  ისაუბრა:

“კომპეტენცია დაგვიწუნეს და გამოგვიშვეს – ასე წერია ბრძანებაში, რომლითაც გაგვათავისუფლეს. უკვე მრავალჯერ ვთქვი – ისეთი პროფესიონალები გაუშვეს, რომლებიც კულტურის მინისტრის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდნენ და ზოგჯერ, ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც.

მიზეზი შეიძლება იყოს პოლიტიკური მიუღებლობაც, პროფესიონალიზმიც და საქმის ერთგულებაც – ეს ხალხი სამინისტროს არასწორ გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმებოდა და სიმართლეს დაუფარავად იტყოდა. ალბათ, ზოგიერთი ჩვენგანი აქციებზეც დაინახეს, ზოგიერთს განსხვავებული მოსაზრებები აქვს და ასე გაუშვეს სამსახურიდან ხალხი, რომელიც ქართულ კულტურას 30-40 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა, თანაც მიზერულ ხელფასს სჯერდებოდა. ცხადია, თითოეული მათგანი იბრძოდა ხელოვნების მუზეუმის გადარჩენისთვის და პეტიციაც ამიტომ შეადგინეს. პეტიციაზე ხელი მეც მაქვს მოწერილი, რადგან თბილისის ერთ-ერთი უძველესი შენობის დანგრევა და დაზიანება ჩემთვის წარმოუდგენელია. მართლა გამიკვირდა, როცა მინისტრმა ასეთ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლზე საუბრისას ახსენა სიტყვა “არარენტაბელური”. ხელოვნების მუზეუმის შენობა უნიკალურია თუნდაც იმის გამო, რომ მე-19 საუკუნის 30-იან წლებშია აგებული.

ძნელია, როცა ხელის ერთი მოსმით წყალში გადაგიყრიან ყველაფერს, რაც გიკეთებია. ეს ხომ ადამიანის მოკვლაა?!” – აცხადებს გაგოშიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share