გამოცემა Spiegel-ი წერს, რომ გერმანელი მაღალჩინოსნების ვარაუდით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა აჯანყება საკმარისი მხარდაჭერის არარსებობის გამო შეაჩერა.
გამოცემის ცნობით, 25 ივნისს საღამოს გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტრომ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის პოლიტიკურმა დირექტორმა ტერვენ ბელმანმა და თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ზიმტე მელერმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ვაგნერის ლიდერმა პრიგოჟინმა ვერ მიიღო ის მხარდაჭერა, რასაც იმედოვნებდა გადატრიალების მცდელობის დროს და მოსკოვზე მარში სწორედ ამ მიზეზით შეაჩერა.
მთავრობის წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას გამოცემას ვერ მიაწოდეს ინფორმაცია კრემლსა და პრიგოჟინს შორის შეთანხმების შინაარსის, ასევე პუტინის, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის ადგილსამყოფელის შესახებ.
გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტები კვირის დასაწყისში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბებიან და ამ თემაზე იმსჯელებენ.
რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო დარტყმა დაანონსა. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ “სამართლიანობის მარშია”. გასულ ორ დღეში ვაგნერის ძალებმა კონტროლი აიღეს დონის როსტოვზე, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
სიტუაციის დეესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, იგი ბელარუსში გაემგზავრება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება. დღეს, 25 ივნისს ვაგნერმა ჯარების რუსეთის სამხრეთ ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებიდან გაყვანა დაიწყო.