ქუთაისის აეროპორტთან დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, როცა ბოძს შეეჯახა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა. ავტოავარიას ერთი სოფლის 4 ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. როგორც შევიტყვეთ, ბიჭები მეგობრები და მეზობლები იყვნენ. მათთან ერთად ავტომანქანაში 2 გოგონა იმყოფებოდა, ისინიც მათი მეგობრები იყვნენ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი გოგონა თურმე კლინიკაში გარდაიცვალა, ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული გოგონას მდგომარეობა, რომელიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
როგორც ადგილობრივი ამბობს, დაშავებულ გოგონას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს და ახლა ექიმები ცდილობენ მის გადარჩენას. მისი მდგომარეობაც მძიმეა. გლოვაა სოფელ გეგუთში, სადაც 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას დასტირიან. დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე, ისინი გეგუთელები იყვნენ, რაც შეეხება გარდაცვლილ გოგონას, ეკა სანიკიძე ლანჩხუთელი იყო.
ასევე ლანჩხუთელია გოგონა, რომელიც გუშინდელი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა. მას სხეულზე დამწვრობები აღენიშნება და ამ დროისთვის კლინიკაში რჩება. გოგონას ახლობლების თქმით, გუშინ გოგონები მეგობრებთან ერთად მათ კიდევ ერთ მეგობარს აეროპორტში დახვდნენ და ზღვაზე წასვლას აპირებდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია დატრიალდა.