“ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული დაჯგუფებები “რუსული ოცნების” მთავარ დასაყრდენად იქცნენ” – ენმ

თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები “რუსული ოცნების” მთავარ დასაყრდენად იქცნენ.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამასთანავე, ხელისუფლება ვალდებულია არ დაუშვას არეულობა, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა.

ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს.

ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები “რუსული ოცნების” მთავარ დასაყრდენად იქცნენ. სწორედ მათი ხელით, ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი არარსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ბინძურ პროპაგანდას აწარმოებს, რომლითაც საზოგადოების ნაწილის დასავლურ იდეასთან დაპირისპირებას ცდილობს. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება!

საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე, ზიზღზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება!

საქართველო რუსული რეჟიმისგან აუცილებლად გათავისუფლდება!

საქართველოს აუცილებლად ეყოლება ევროპული ტიპის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს!” – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share