სარაგბო დიდი 10-ის დებიუტანტმა კლუბმა ოზურგეთის არწივებმა სენსაციური ტრანსფერი განახორციელა.
როგორც Free Rugby და T2rugby წერენ, ქართული კლუბის ღირსებას სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მორაგბე ჯამბა ულენგო დაიცავს.
33 წლის გარემარბს აფრიკელთა 7-კაცა ნაკრების მაისურით მსოფლიო თამაშები აქვს მოგებული, 15-კაცა ნაკრებში დებიუტი კი 2016 წელს, უელსთან მატჩში ჰქონდა.
საკლუბო დონეზე მას ჩიტაზის, ბულსისა და ლაიონსის რიგებში უთამაშია, ბოლოს კი ისრაელის წარმომადგენელ თელ ავივ ჰითის ღირსებას იცავდა, რომელიც რაგბი ევროპის სუპერთასზე შავი ლომის ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქე გახლდათ.
არსებული ინფორმაციით, სამხრეთაფრიკელ ფრთასთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ არწივებმა გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა ისე მოიგო, რომ მარცხი არ ჰქონია.