ბიძინა ივანიშვილმა თავისი ოფთალმოლოგის შვილს ჯერ მოსკოვში სამსახური დააწყებინა, შემდეგ საქართველოში $6-მილიარდიანი კომპანია ჩააბარა სამართავად, ბოლოს კი მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა და პროკურატურაში უჩივლა.
38 წლის ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ახლა 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება „თაღლითობისა“ და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით.
მის წინააღმდეგ აღძრული საქმე დიდ ფულში, კრიპტოში, პირად ურთიერთობებში, პოლიტიკასა და შეთქმულების თეორიებშია გადახლართული.
დავიწყოთ თავიდან:
ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი?
„ივანიშვილის პირადი ფინანსისტი“, როგორც მას ზოგჯერ მედია უწოდებდა, გიორგი ბაჩიაშვილი წლების განმავლობაში ითვლებოდა ქართველ მილიარდერთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და მისი ნდობით აღჭურვილ პირად. ბაჩიაშვილი მართავდა ივანიშვილის საკვანძო კომპანიებს რუსეთსა და საქართველოში.
2009-10 წლებში პარიზში, ბიზნესის ევროპულ ინსტიტუტში (INSEAD) სწავლის შემდეგ ბაჩიაშვილმა ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაჩიაშვილი სწავლას ასრულებდა, დედამისმა, მარინა რამაზაშვილმა, ივანიშვილს სთხოვა, შვილი თავისთან დაესაქმებინაო, – ჰყვება ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე.
ბაჩიაშვილის დედა, ცნობილი ოფთალმოლოგი მარინა რამაზაშვილი ამ ამბავს სხვაგვარად იხსენებს. ამბობს, რომ მასთან ოფთალმოლოგიურ კონსულტაციაზე მისულ ივანიშვილთან საუბრისას შვილი უბრალოდ ახსენა და შეაქო:
პროფესიულ პლატფორმა „ლინკდინზე“ ბაჩიაშვილს უწერია, რომ 2010-11 წლებში რუსეთში ამერიკული ფირმის, Booz & Company-ის პარტნიორი იყო, 2011-12 წლებში კი უკვე ივანიშვილის „უნიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი – CEO ხდება. ფინანსური-სამეწარმეო ჯგუფი „უნიკორი“ ივანიშვილის რუსულ აქტივებს მართავდა.
რამაზაშვილი ამბობს, „ალბათ, ამ ბიჭმა თავის ნიჭით და ყველაფრით დაიმსახურა ის, რომ თვითონ მისი ყურადღება მიიპყრო, თორემ ეგეთი თანამშრომელი ალბათ რუსეთში 10 000 ჰყავდაო“.
იმის მიუხედავად, თუ რომელი ვერსია შეესაბამება სიმართლეს, ერთი რამ არ არის სადავო: როგორც ადვოკატი წაქვაძე ამბობს, „ივანიშვილთან საქმიან ურთიერთობებში ბაჩიაშვილი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა“.
თანაინვესტირების ფონდი
2011 წლიდან ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ღიად ერთვება და 2012 წელს „ქართული ოცნების“ კოალიციით „ნაციონალურ მოძრაობას“ ამარცხებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წელს აფუძნებს „თანაინვესტირების ფონდს“ (GCF) $6-მილიარდიანი კერძო კაპიტალით – და აქედან 1 მლრდ ივანიშვილისაა.
$6 მლრდ საქართველოს მაშინდელი მშპ-ის დაახლოებით 40% იყო. ივანიშვილის გარემოცვის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ბაჩიაშვილი პოლიტიკაში არ წასულა – ის GCF-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
ფონდი დღემდე მსხვილი მოთამაშეა ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონებისა თუ სხვა სექტორებში. მის დაფინანსებულ პროექტებს შორის არის „პანორამა თბილისი“ თაბორის ქედზე, „გალერია თბილისი“ თავისუფლების მოედანზე, „აქსის ტაუერსი“ ვაკეში და ა.შ..
„თანაინვესტირების ფონდის“ მართვის გარდა, ბაჩიაშვილი წილებს ფლობდა GCF-ის მმართველ კომპანიაში, „ჯი სი ეფ პარტნიორებში“ – სადაც მას ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მსგავსად 42% ეკუთვნოდა.
2014 წლამდე დარჩენილ 16%-ს რუსეთში მცხოვრები კიდევ ერთი ბიზნესმენი, მოგვიანებით კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა-რაობა-იმედის“ (ე.რ.ი.) დამფუძნებელი ლევან ვასაძე ფლობდა.
2014 წელს ვასაძე კომპანიიდან გავიდა და 50-50% ბაჩიაშვილმა და მამაცაშვილმა გადაინაწილეს, 2018 წლის თებერვალში კი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 2019 წლიდან დაწინაურდა GCF-შიც – აღმასრულებელი დირექტორობიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლა.
„სერიული ანტრეპრენიორი“
ბაჩიაშვილმა წლების წინ დამოუკიდებლად თამაშიც დაიწყო. 2014 წელს დააარსა კომპანია Mission Gate-ი, „ვენჩურული” ფონდი, რომელიც ე.წ. „ანგელოზ ინვესტორად“ ევლინება სხვადასხვა სტარტაპს.
„სერიული ანტრეპრენიორი, ვენჩურული კაპიტალისტი და კრიპტოს ადრეული ინვესტორი, რომელსაც დაფუძნებული აქვს მრავალი სტარტაპი ტექნოლოგიების, ფინ-ტექის, ბლოკჩეინისა და ჰემპ ინდუსტრიებში“, – ასე ახასიათებს Mission Gate-ი ბაჩიაშვილს.
„ანტრეპრენიორობა“, ქართულად მეწარმეობას ნიშნავს, ოღონდ ისეთ მეწარმეობას, რომელიც მოგების მისაღებად ჩვეულებრივზე დიდ რისკს სწევს და ხშირად გაუკვალავ გზას ირჩევს. „ვენჩურული კაპიტალიც“ მონათესავე ტერმინია და გულისხმობს ისეთ ინვესტიციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რისკი ახლავს თან. „ანგელოზი ინვესტორი“ კი
- ფულს დებს ისეთ „სტარტაპში“, – ანუ დამწყებ კომპანიაში, – რომელსაც საკმარისი რესურსები არა აქვს ზრდისა და განვითარებისათვის;
- სანაცვლოდ იღებს წილს კომპანიაში, რომელსაც, წარმატების შემთხვევაში, გაცილებით სარფიანად ჰყიდის.
- ეს საქმიანობაც რისკიანია. სხვადასხვა კვლევით, „ანგელოზი ინვესტორების“ განხორციელებული ინვესტიციების დაახლოებით მხოლოდ 10-30% თუ ამართლებს.
MissionGate-ის ინვესტიციებს შორის მათ საიტზე ჩამონათვალში არის ათობით კომპანია და წამოწყება, მათ შორის:
- „ციფრული აფთიაქი“ [მედიკამენტების მიტანის სერვისის ქსელი] ეკვადორსა და მექსიკაში;
- Zoundream-ი, რომელიც ამბობს, რომ ჩვილის ტირილის ხმის მოსმენით შეუძლია მიხვდეს, რა აწუხებს მას;
- AIONRISE-ი, რომელიც მზის პანელებს საქართველოში აწარმოებს და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ყიდის.
2014 წელსვე ამერიკული „ფორბსი“ გიორგი ბაჩიაშვილს ასახელებს ფინანსებში 30 წლამდე ასაკის მსოფლიოში 30 ყველაზე გავლენიან პირს შორის მე-3 ადგილზე (Forbes 30 Under 30).
და დაახლოებით ამ პერიოდში ინტერესდება რისკიანი „ანგელოზი“ კრიპტოვალუტებითა და ბლოკჩეინით.
ამ პერიოდში ბაჩიაშვილი ხშირად და დაჟინებით იმეორებს, რომ მომავალი ბიტკოინისაა. დასცინის ჯორჯ სოროსს, რომელიც ამბობს, რომ „კრიპტოვალუტა არის ტიპური „ბუშტი“ („ბაბლი“), რომელიც რაღაც გაუგებრობაზეა დამოკიდებული“: „იქნებ თავად ბატონი სოროსია რაღაც გაუგებრობაში?“ – კითხულობს ფეისბუკზე.
2022 წელი – ნდობა იკარგება?
2022 წლის 9 სექტემბერს ბაჩიაშვილი სინგაპურში, ივანიშვილის ცნობილ დავაში შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“, ივანიშვილის სასარგებლოდ ჩვენებას აძლევს, როგორც მისი მრჩეველი.
სასამართლოს ეუბნება, რომ შექმნილი ჰქონდა მონაცემთა ბაზა, რათა თვალყური ედევნებინა ივანიშვილის ქონებისათვის, მაგრამ ეს მონაცემთა ბაზა ეფუძნებოდა ივანიშვილის პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიწოდებულ მონაცემებს და მას არ ჰქონია საფუძველი, ამ მონაცემებში ეჭვი შეეტანა.
სინგაპურის სასამართლო სხდომიდან გადის სამიოდე თვე და ბაჩიაშვილის კუთვნილი 100%-იანი წილი „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველ კომპანია „GCF პარტნიორებში“ ბიძინა ივანიშვილის დისშვილის, კახა კობიაშვილის ხელში აღმოჩნდება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბაჩიაშვილმა (რომელსაც ამ გარიგებაში GCF-ში მისი შემცვლელი, ცოტნე ებრალიძე წარმოადგენდა) კობიაშვილს წილი მიჰყიდა. გარიგების თანხა არ გახმაურებულა.
დაბრუნება და ბრალდება
2023 წლის ზაფხულში თბილისში დაბრუნებულ გიორგი ბაჩიაშვილს ქონებას უყადაღებენ და ბრალს წარუდგენენ. ირკვევა, რომ საქმის წარმოება მის წინააღმდეგ გაცილებით ადრე დაიწყო. პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, გამოძიებამ ივანიშვილი აპრილში გამოკითხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 17 ივნისის განჩინებით დააყადაღა ბაჩიაშვილის ქონება და მისი წილები სხვადასხვა კომპანიაში.
6 ივლისს პროკურატურამ ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინა. იმავე საღამოს სასამართლომ მას 2.5 მლნ ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა (ბრალდების მხარე 3 მლნ-ს ითხოვდა).
„ინვესტორი“ თუ „მენეჯერი“?
ივანიშვილისა და, შესაბამისად, პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილისათვის გადაცემული თანხა – 5 მლნ აშშ დოლარი – სესხად გაცემული ინვესტიცია იყო, რის უზრუნველყოფასაც ივანიშვილი ახორციელებდა.
ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის ფეისბუკზე გამოქვეყნებული დამატებითი ინფორმაციით ასეთი სურათი იხატება:
- ივანიშვილს სურდა, საინვესტიციო თანხა, $5 მილიონი, პირადი საბანკო ანგარიშიდან გაეცა, თუმცა ბაჩიაშვილმა დაარწმუნა, რომ მოქნილობისთვის თანხის „ქართუ ბანკისგან“ სესხად მიღება აჯობებდა.
- ივანიშვილიც დათანხმდა და ამ თანხის გამოყოფის დავალება მისცა „ქართუს“ მაშინდელ გენერალურ დირექტორს, ნატო ხაინდრავას.
- რახან ივანიშვილი თავად იყო „ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრეც, ამ თვალსაზრისით, იცვლებოდა მხოლოდ საინვესტიციო ფულადი სახსრების გაცემის ფორმა.
- „ბაჩიაშვილის შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას“ „ქართუმ“ გამოუყო $5 მილიონი სესხად – და ეს სესხი იყო „საბლანკო, ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით“.
- ბაჩიაშვილი იყო „არა ინვესტორი, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს“.
ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი, ლევან მახარაშვილი სრულიად საპირისპირო სურათს ხატავენ. მახარაშვილი განმარტავს, რომ ბაჩიაშვილმა, რომელიც 2015 წლისთვის უკვე საუკეთესოდ ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება.
გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველის თანახმად, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის დაიდო „ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად“.
„მტკვარი ჰესი“ – ახალი ბრალის მოლოდინში
ბაჩიაშვილი რომ ატყუებდა, ივანიშვილი მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რაც „თანაინვესტირების ფონდის“ კიდევ ერთ პროექტში, „მტკვარი ჰესში“ შეამჩნია გადაცდომებიო, წერს ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე.
წიქვაძის თანახმად, პროექტი $131 მლნ ჯდებოდა. ჰესი 2020 წლისთვის უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. პროექტი დღემდე დაუსრულებელია, ბიუჯეტი $235 მლნ-მდე, თითქმის ორჯერაა გაზრდილი.
დიდი შეთქმულების ნაწილი?
ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საჯაროდ 2021 წელს ხმის მიცემის შემდეგ აღარ გამოჩენილა, განცხადება პირადად არ გაუვრცელებია. ბაჩიაშვილის საქმეზე განმარტებებს პროკურატურა და ივანიშვილის ადვოკატები აკეთებენ. ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსი კი, რომელიც ხშირად წერს ქართველი მილიარდერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის წინააღმდეგ შეკრული დასავლეთის შესახებ, ბაჩიაშვილის საქმესაც „შეთქმულებას“ უკავშირებს.
ზაზა შათირიშვილი, „პოსტივის“ ყოფილი მეწილე, რომელსაც პოლიტიკის ანალიტიკოსები ივანიშვილის იდეების გამხმოვანებლად მიიჩნევენ, წერს, რომ ბაჩიაშვილი ნაწილია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „ამერიკული სპეცსამსახურების“ მიერ დაგეგმილი შეთქმულებისა, რომელიც მიზნად საქართველოს „ომში ჩართვას“ ისახავს.
ამ შეთქმულების თეორიის „ლოგიკა“ ასეთია:
- ბაჩიაშვილი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს, რათა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ – ისევე, როგორც, თავის დროზე, პატრიკ ლესკადრონი – ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი, რომელმაც ივანიშვილს მილიონობით აშშ დოლარი მოჰპარა;
- ეს იმიტომ დასჭირდათ, რომ ივანიშვილი ამერიკული სპეცსამსახურებისთვის პრინციპულად მიუღებელი პერსონაა;
- მიუღებელია იმიტომ, რომ შექმნა მსოფლიოში პირველი და დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოში მყარად დაფუძნებული ამერიკული აგენტოკრატია დაასრულა და დემოკრატია აღადგინა;
- ბაჩიაშვილს ადვოკატად მიხაილ ხოდორკოვსკის ადვოკატი მიუჩინეს, რითაც წრედი საბოლოოდ შეიკრა.