კეთილსა და ბოროტს შორის ომში საქართველოს მთავრობა გულშემატკივრობს შავბნელ ძალას, რუსეთს – ნიკა გვარამია

საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და ქართული ოცნების ხელისუფლების  პოლიტიკაზე ნიკა გვარამიამ ვრცლად ისაუბრა დისიდენტ რუსი ჟურნალისტთან, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში. ის ასევე შეეხო მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ახლა ყველამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ამ მიმართულებით:

“ბიძინა ივანიშვილს ახლა არ დარჩენია არანაირი იმედი, გარდა იმისა, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობა ფსონს დებს რუსეთის გამარჯვებაზე. ამ კეთილსა და ბოროტს შორის ომში საქართველოს მთავრობა გულშემატკივრობს შავბნელ ძალას, ისინი გულშემატკივრობენ რუსეთს. ისტორიის არასწორ მხარეს დგანან და ეს მათი სრულიად პრაგმატული გათვლებია, იმიტომ რომ ევროპაში ვერ იქნება ძალაუფლების უზურპაცია და ასევე შეიცვალა დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ.

არის თუ არა ჩემი შეწყალება სააკაშვილის შეწყალების რეპეტიცია, ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. იმედი მაქვს და მინდა მჯეროდეს, რომ ასეა, მაგრამ ამ სიტუაციაში, როდესაც ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ იმედის ქონა უპასუხისმგებლობაა. საჭიროა მოქმედება. ეს ეხება ყველას და ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალები, მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმა, სააკაშვილის მეგობრებმა, ქართულმა საზოგადოებამ, ცალკეულმა პიროვნებებმა, ასევე ევროპულმა და უკრაინულმა პოლიტიკურმა ძალებმა.

საჭიროა მუშაობა მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც დღეს ხელისუფლებაში ყველაზე ადეკვატური ადამიანია. ასევე საჭიროა მუშაობა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, რადგან ამ ორ ქვეყანას შეუძლია ძალიან ეფექტურად ჩაერთოს ამ საკითხის მოგვარებაში.

არ შეიძლება და დაუშვებელია, რომ შემდეგ არჩევნებამდე ეს ადამიანი ციხეში იჯდეს.” – ამბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share