საქართველოში საზამთრო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ უფრო ძვირად იყიდება – 1 კილოგრამი პროდუქტი 0,70 ლარი ღირს. გასულ წელს კი მისი ღირებულება კილოგრამზე 0,30 ლარი იყო.
როგორც წესი, ქართული საზამთროს 80% კახეთში მოდის. EastFruit-ის ინფორმაციით, წელს მიწოდების მოცულობა დაბალი იქნება, რადგან კახეთში ბევრი ფერმერი საზამთროდან ხორბლის მოყვანაზე გადავიდა. მიზეზი ფასებშია – შარშან ხორბლის ფასი საკმაოდ მაღალი იყო.
დიდი როლი ითამაშა საზამთროს იმპორტმაც – მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყანამ 849,7 ათასი დოლარის ღირებულების 2 811 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე საზამთროს იმპორტზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).
- ირანი – 656,2 ათასი დოლარის ღირებულების 2 167 ტონა
- თურქეთი – 186,4 ათასი დოლარის ღირებულების 640 ტონა
- ნიდერლანდები – 7 ათასი დოლარის ღირებულების 4 ტონა
უახლოეს მომავალში ბაზარზე დასავლეთ საქართველოდან საზამთროს შემოსვლას ელოდებიან, რაც, სავარაუდოდ, ფასებზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.