3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
- თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში
“ღვარცოფი საშიშროებას უქმნის შოვის ინფრასტრუქტურას” – რა წერია სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში აღნიშნულია, სოფელ გლოლაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფული პროცესების განვითარების მაღალი რისკია. აღნიშნული ბიულეტენი მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო გუჯარაიძემ გაავრცელა.
როგორც გუჯარაიძე წერს, სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. მისივე თქმით, 2022 წლის ანგარიში სააგენტომ მათ არ მიაწოდა.
“სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს”, – აღნიშნავს გუჯარაიძე.
საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ მოცემულ ტერიტორიაზე ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალური საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს:
“ღვარცოფული ნაკადების გავლა ხდება საშუალოდ წელიწადში 2-3-ჯერ, საშიშროების რისკი – მაღალი”.
გასატარებელ ღონისძიებებში მითითებულია, რომ საჭიროა მდინარე დღვიორას კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-დაღრმავება და ბოროტების გამაგრება: ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგის წარმოება.
დანიის ელჩი შოვზე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ვიმედოვნებთ, რომ ყველას მალე იპოვიან
18:29
დანიის ელჩი საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენი განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
“ნება მომეცით საქართველოში დანიის საელჩოს სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება ამ საშინელი ტრაგედიის ფონზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც დაკარგულად ითვლება, მალე იპოვიან და უსაფრთხოდ იქნებიან”, – წერს დანიის ელჩი საქართველოში.
ლიეტუვას საგარეო: მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო
18:10
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ჩვენ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით დასრულდება სამაშველო სამუშაოები”, – ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის უფროსის კომენტარი ცხედრების გადმოსვენებაზე
18:09
“იცით თქვენ რომ დილის საათებში 2 ცხედრის ამოსვენება და შემდეგ უკვე გადასვენება მოხდა ქუთაისის პროზექტურაში. არაერთხელ ითქვა უკვე, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ჩვენი მეხანძრე- მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 მეტრის რადიუსში იქნა ნანახი ცხედრები, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა. ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც მოახდენს ცხედრების გადმოსვენებას პროზექტურის მიმართულებით”,- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მღებრიშვილი: მზად ვართ, დაკარგულთა ოჯახის წევრები სტიქიის ეპიცენტრში ვერტმფრენით შევიყვანოთ
18:08
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მზად არიან დაკარგულთა ოჯახის წევრები სტიქიის ზონაში ვერტმფრენით გადაიყვანონ და ვითარება აჩვენონ. მღებრიშვილი იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა, რომლებთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
“მოვახსენეთ მიმდინარე პროცესები, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში და რა თქმა უნდა, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, რომ შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ თუ რა მძიმე სიტუაციაა”, – თქვა თემურ მღებრიშვილმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შოვში დაღუპულთა ოჯახებს გამძლეობას, მოთმინებას ვუსურვებ
17:41
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მეწყრის შედეგად დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას უსურვებს.
“ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ”, – წერს Twitter-ზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კალაძე: სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს სასტუმრო
17:32
“ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე”, – თქვა კალაძემ.
კალაძე შოვზე: აუცილებლობის შემთხვევაში, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს ღონისძიებებში
17:30
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია, მზადაა, ჩაერთოს შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში.
ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე მინდა, გამოვხატო ჩვენი მზაობა, მხარდაჭერა, თანადგომა დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზად არის, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩავერთოთ აღნიშნულ ღონისძიებებში, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა იქნება.” – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს მან “რაჭას და სრულიად საქართველოს მშვიდობა უსურვა” და მოსახლეობას მოუწოდა “ყველამ ვილოცოთ მათი [დაკარგულების] გადარჩენისთვის”.
ლატვიის საგარეო: თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, ქედს ვიხრით მათ წინაშე
17:27
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულ ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
“თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულ ოჯახებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და იმედი გვაქვს, დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
“მთელი დღე უპატრონოდ არიან დატოვებულები, არ უნდა გადაასვენონ?!” – მოქალაქე სტიქიის ზონიდან.
16:37
“დილის 6 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვეთ მიცვალებულები, ამოვასვენეთ… ერთად დავასვენეთ აქ, რომ ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანა, ისევ აქ დაგვხვდნენ. მთელი დღე უპატრონოდ არიან დატოვებულები, არ უნდა გადაასვენონ?! ახლა არის 3 საათი” — მოქალაქე სტიქიის ზონიდან.
უკრაინის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, ქედს ვიხრით მათ წინაშე
16:30
უკრაინის საელძო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“უკრაინის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოძმე ქართველი ხალხის მიმართ შოვში, მეწყრის შედეგად ადამიანების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მწუხარებით ქედს ვიხრით მათ წინაშე”, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის გეგმა სამაშველო ვერტმფრენების შესახებ ბოლო 10 წლის განმავლობაში
16:09
სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს
15:47
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება
14:18
შოვში მომხდარი სტიქიის გამო ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება.
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს
14:12
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს
10:54
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
“ამ დროისთვის ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი” – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული
10:50
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო გუბერნატორისა და საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით დღეს ვერტმფერნმა სულ 9 ფრენა განახორციელა, რის შედეგადაც სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 140 ადამიანი, ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
საგანგებო: სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი აღარაა
4 აგვისტო, 10:17
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში იმ ადგილას, სადაც კოტეჯები მდებარეობდა, ახლა “ფაქტობრივად არაფერი აღარაა”.
“სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი აღარაა. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იმ ადგილებამდე იმიტომ, ძალიან სქელი ფენაა მიწის მასის და იფლობიან ადამიანები, ჩვენი მეხანძრე მაშველები. სწორედ მაგიტომ ხდება ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და მივიდეთ იქამდე”- თემურ მღებრიშვილი.
ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება
4 აგვისტო, 10:06
ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 35 ადამიანს ვერ უკავშირდებიან. მისივე თქმით, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
ქარსელაძე: გამოყვანილია ყველა ადამიანი, ვინც მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად იმყოფებოდა
4 აგვისტო, 10:03
ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ მომენტისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია ყველა ის ადამიანი, ვინც უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.
“ამ მომენტისთვის გამოყვანილია აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით”
“სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი” – შსს-ს განცხადება მეწყერთან დაკავშირებით
4 აგვისტო, 10:01
შსს-ს ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი. სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.
4 აგვისტო, 09:46
რაჭაში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, სტიქიის ზონაში შვილსა და სამ შვილიშვილს ეძებს.
როგორც ქალმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს და არ აქვს ინფორმაცია, ცოცხლები არიან თუ არა.
შსს: ვერტმფრენმა დღეს 9 რეისი შეასრულა – სტიქიის ზონიდან 140 მოქალაქეა გამოყვანილი
4 აგვისტო, 09:34
შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენმა დღეს 9 რეისი შეასრულა – სტიქიის ზონიდან 140 მოქალაქეა გამოყვანილი. ვერტმფრენმა შოვში მუშობა დღეს დილას განაახლა.
შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა
3 აგვისტო, 21:32
კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია შსს-მ დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, მაშველებმა მათი ცხედრები სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს იპოვეს.
შოვის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩაფრინდა
3 აგვისტო, 18:20
სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი კურორტი შოვის ტერიტორიაზე ჩაფრინდა. ვერტმფრენმა ტერიტორიამდე მისვლა მეწყრის ჩამოწოლიდან დაახლოებით 3 საათში შეძლო.
შოვში მეწყერი ჩამოწვა – მოქალაქეები მაშველებს ელოდებიან
3 აგვისტო, 16:00
შოვში მეწყერი ჩამოწვა. ერთ-ერთ სასტუმროსთან და მჟავე წყლებთან ათობით ადამიანი მაშველებს ელოდება.
ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე მყოფებს ესაუბრა, ყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც. მათი თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება.
ფორმულა