“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ელჩზე თავდასხმით ხელისუფლება თავს ქვეყნის დასავლურ არჩევანს ესხმის.
„ეს ადამიანი წარმოადგენს აშშ-ს, გააჩნია უმაღლესი სახელმწიფო ლეგიტიმაცია და როცა „რუსული ოცნება“ რუსულ სტილში, პუტინის სტილში თავს ესხმის აშშ- ის ელჩს, ის თავს ესხმის საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, როცა „რუსული ოცნება“ თავს ესხმის ევროპულ არჩევანს.
არშემდგარი პოლიტიკოსი, ივანიშვილის პაიკი როცა საუბრობს აშშ -ის ელჩზე ამ ტონალობაში, ეს ადასტურებს, რომ ის საკუთარი უმეცრებით კი არ ესხმის თავს ელჩს სამარცხვინო, მდაბიო ტერმინოლოგიით, არამედ ის არის რუსული რეჟიმის დავალების შემსრულებელი, ეს სჩვევიათ სწორედ პუტინის პაიკებს და ანალოგს ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, სადაც ივანიშვილის პაიკები რუსულ სტილში თავს ესხმიან საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს“. – განაცხადა ბოკუჩავამ.