BBC-ს რუსულენოვანი გამოცემისა და სხვა რუსული მედიების ცნობით, რუსეთში, ტვერის ოლქში დასახლებულ პუნქტ კუჟენკინასთან თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც უახლესი ინფორმაციით 10 ადამიანი დაიღუპა.
„როსავიაციის“ ინფორმაციით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თითმფრინავში, მგზავრთა სიაში “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სახელიც ფიგურირებს. გამოცემა “ობოზრევატელის” ცნობით კი პრიგოჟინთან ერთად თვითმფრინავში “ვაგნერის” დამფუძნებლის მარჯვენა ხელი დიმიტრი უტკინიც იმყოფებოდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის პოსტიც, რომელიც აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი ევგენი პრიგოჟინის საკუთრება იყო.
“ჩემი წყაროები იუწყებიან, რომ ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ახლა ჩამოვარდა ტვერის რეგიონში. ეს მოხდა ხოტილოვოდან 15 კილომეტრში. იყო თუ არა თავად პრიგოჟინი იქ, უცნობია, ”- წერს ჟურნალისტი პირად ტელეგრამის არხზე
პრიგოჟინის საკუთრებაში მართლაც იყო თვითმფრინავი Embraer Legacy 600 ნომრით RA-02795. Flight Radar-ის ცნობით კი ამ ნომრით თვითმფრინავი მოსკოვიდან დღეს 15:11 წუთზე გაფრინდა და ტვერის ოლქში გაუჩნარდა…
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პირად კონტროლზე აქვს აყვანილი ოლქის გუბერტანორს და მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ ადრე BBC წერდა, რომ ევგენი პრიგოჟინს “ორეულები” ჰყავდა, მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალურად იცვლიდნენ სახელსა და გვარს. გამოცემა New York Times კი ივლისში წერდა, რომ პრიგოჟინს სპეციალურად ჰყავს ორეულები, რადგან მისი გადაადგილება გასაიდუმლოებული იყოს.
კვირის პალიტრა