საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) იმ მოჭიდავეთა წინასწარი სიები გამოაქვეყნა, რომლებიც წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ. მის თანახმად, საქართველოს ტურნირზე სრული – 20-კაციანი განაცხადი ეყოლება: 10 მოჭიდავე თავისუფალი ჭიდაობის ნაკრებს და ამდენივე “ბერძენ-რომაელებს”.
მსოფლიოს ჩემპიონატი 16-24 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება და მას დამატებითი დატვირთვაც აქვს, რადგანაც ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება. საგზურებს მიიღებენ შეჯიბრის პრიზიორები, კიდევ ერთ ქვოტას კი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხებული მოჭიდავეები დამატებით ორთაბრძოლაში გაითამაშებენ. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური წონები 60, 67, 77, 87, 97 და 130 კგ-ია, თავისუფალ ჭიდაობაში კი – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ.
შარშან მსოფლიოს პირველობა ასევე ბელგრადში ჩატარდა და მაშინ საქართველოს ჩემპიონი არ ჰყოლია. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვერცხლის მედლებს ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ლერი აბულაძე (63 კგ.) დაეუფლნენ, ხოლო თავისუფალ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლები ზურაბ იაკობაშვილმა (70 კგ.), მირიან მაისურაძემ (92 კგ.), გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) მოიპოვეს.
საინტერესოა, რომ ბერძენ-რომაელებში შარშანდელ ჩემპიონთაგან წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ სერბეთის ნაკრების წევრ ზურაბ დათუნაშვილს (87 კგ.) ვერ ვიხილავთ, რომელმაც მცირე ხნის წინ კარიერა დაასრულა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.), იური ლომაძე (77 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.), იაკობ ქაჯაია (130 კგ.).
თავისუფალი ჭიდაობა
ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), შოთა ფარტენაძე (61 კგ.), ედემ ბოლქვაძე (65 კგ.), გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ.), მირიან მაისურაძე (92 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.), გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).