საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას განცხადებით, ფერმერებმა, ვინც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა და თხილის მოვლა-შეწამვლა შესაბამისი აგრო ვადებით ჩაატარა, წელს საუკეთესო ხარისხი მოსავალი მიიღეს, ხოლო მათ ვისაც, შესაბამისი სამუშაოები არ განუხორციელებია, შედარებით ცუდი მოსავალი აქვთ. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„წინა წლებში ასე იყო და დღესაც ასეა – თუ უმაღლესი ხარისხის თხილი აწარმოვა ფერმერმა, სარეალიზაციო ფასიც ექნება მისაღები და ვინც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ აწარმოვა კარგი ხარისხის თხილი, ბუნებრივია, ექნებათ უფრო დაბალი შემოსავალი”, – განაცხადა გიორგი თოდუამ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ფერმერთა ნაწილმა სახელმწიფო სუბსიდია მიიღო, თუმცა აგრო სამუშაოები არ ჩაატარა.
,,ფერმერების ნაწილმა, რომლებმაც იმის მიუხედავად, რომ მიიღეს სახელმწიფო სუბსიდია და თხილნარი ვერ შეწამლეს, თუნდაც უამინდობის ან დროის უქონლობის გამო, თხილის ხარისხი, ცხადია, კარგი არ იქნება. ამიტომაც, ამ შემთხვევაში არის ფასის განსხვავებაც, სხვაობა ხშირად ორი ლარი და მეტია. დღეის მდგომარეობით, შესაძლოა, რეალიზაცია მოხდეს 6-7 ლარადაც”, – აღნიშნა გიორგი თოდუამ.
იმისათვის, რომ ფერმერებმა თხილის რეალიზაციით მაღალი ფასი მიიღონ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ საჭიროა მიმართოთ საშრობებს. საშრობებში მოქმედ ლაბორატორიებში გამოკვლევით დადგინდება რა ხარისხის თხილი გვაქვს და რა იქნება სარეალიზაციო ფასი.