“ნიკა გვარამიას შემთხვევაში, ყველა ბრალდება იყო აბსურდული და მოგონილი, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კი პოლიტიკური პრობლემებია და არა კრიმინალური საქმე”, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეველინ ფარკასი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ნათია გოგსაძესთან ინტერვიუში საუბრობს.
ვფიქრობ, დასავლეთის მთავრობებმა მკაფიოდ დააფიქსირეს საქართველოს მთავრობასთან საკუთარი აზრი, რომ ეს არის მიუღებელი, რადგან ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც და ნიკა გვარამიასაც, რომელიც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. ჩვენ ახლა დიდ ზეწოლას ვახორციელებთ საქართველოს მთავრობაზე და მე ვამბობ „ჩვენ“ იმიტომ რომ მაკკეინის ინსტიტუტის გარდა აქ არის არაკომერციული ორგანიზაციები და სხვა ხმები, რომლებიც ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არის უსამართლო დამოკიდებულება.
გვარამიას შემთხვევაში ყველა ბრალდება იყო აბსურდული და აშკარად მოგონილი, ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში, თუ მასთან პრობლემები აქვთ, ეს პოლიტიკური პრობლემებია და არა კრიმინალური საქმე და თუ კრიმინალურია, მაშინ ნუ ჩასვამენ ციხეში, სანამ საქმის განხილვა არ დასრულდება. ჩვენ ამერიკაში ასევე ვასამართლებთ ყოფილ პრეზიდენტს, მაგრამ ის ციხეში არ ზის, არამედ გირაოთი არის გათავისუფლებული.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბატონი სააკაშვილი ციხეში არ იჯდებოდა, მაინც უსამართლო იქნებოდა ეს ყველაფერი, რადგან სასამართლო სისტემა საქართველოში, როგორც თქვენ თქვით, დამოუკიდებელი არ არის და კონტროლდება გარკვეული ადამიანების მიერ. ამიტომ, სააკაშვილისთვის უფრო უსაფრთხოა, არ იყოს საქართველოში და გაემგზავროს სხვა ქვეყანაში, სანამ საქართველოს მთავრობა უფრო დემოკრატიულ წესებს არ დაამყარებს.
ეს კი აუცილებლად უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან, რადგან ქართველმა ხალხმა რამდენჯერმე დააფიქსირა საკუთარი აზრი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში და ევროპულ ოჯახში ცხოვრება სურს. ამ მთავრობამ კი ქვეყანა ამ მხრივ დაამუხრუჭა. ამიტომ, რაღაც მომენტში ამ მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა უნდა გაირკვეს და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა, – ამბობს ფარკასი.
მთავარი არხი