პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი გია ლორთქიფანიძემ შეიმუშავა

მიხეილ სააკაშვილი საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ლორთქიფანძემ შეიმუშავა.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ლევან ვეფხვაძემ განმარტა, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას შეხვდა და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

„2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ ე. ც.-ს და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა. ე.ც. 20 სექტემბერს მისი კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.

26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით „VILNIUS“-ი შეიყვანეს.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც 29 სექტემბერს, ჩამოვიდა ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ.

29 სექტემბერს, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი „FORD“-ის ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ.

იმავე დღეს,მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გ.ნ-სთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა. სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

პროკურორის განმარტებით, გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share