“ერთი რამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო ათი წელია არანაირი კავშირი არ აქვს და ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გავერკვეთ რაზე არის საუბარი”, – განაცხადა პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.
აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე “ქართველ-რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.