ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გადატრიალების გეგმებთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, იმისთვის რომ აღიკვეთოს ნებისმიერი ვითარების არევის მცდელობა”.
კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “შემაშფოთებელს” უწოდებს. *ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სუს მსგავსი შინაარსის განცხადებას ავრცელებს. ამჯერად სუს-მა, “დესტაბილიზაციისა და არეულობის” გეგმის ავტორობა უკრაინაში მოღვაწე ქართველებს მიაწერა.
“ნამდვილად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. რა თქმა უნდა ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, იმისთვის რომ აღიკვეთოს ნებისმიერი ვითარების არევის მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია. მით უმეტეს ისეთი მძიმე პროვოკაციები, რომლებზეც იყო საუბარი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში”, – თქვა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ.
***
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში “დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა” იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი” გეგმავს.
სუს-ში ამტკიცებენ, რომ ამის საბოლოო მიზანი “ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა”. მათი განცხადებით, “დესტრუქციული პროცესების დაწყების” თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. უწყების თქმით, “სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი” გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ – სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.