“სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის სრულად მიტაცებული,” – ამ განცხადებას პარტია “ლელო” ავრცელებს და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანგებო გადაწყვეტილებას ეხმაურება.
საქმე ეხება სებ-ის საგანგებოდ შეცვლილ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
“ლელოში” დარწმუნებულები არიან, რომ სებ-ის გადაწყვეტილება – ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა, ბიძინა ივანიშვილის მითითებით შეიცვალა.
პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას. ასევე, სებ-ის ეს ნაბიჯი არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასი.
სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის სრულად მიტაცებული. რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება ვერავინ გაბედავდა ეროვნული ბანკის მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას.
საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად, სები საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას და ყველა მოქალაქეს ვინც ამ სისტემით სარგებლობს, ეს ნაბიჯი არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასი.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავას და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს კიდევ ერთი მაგალითია ამ ხელისუფლების არაადექვატურობის და ანტიეროვნულობის.
ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს,” – წერია “ლელოს” განცხადებაში.