დღეს 27 სექტემბერია, საქართველოს თანამედროვე ისტორიის გამორჩეულად ტრაგიკული თარიღი. 30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან და აფხაზეთის ომის დასრულებიდან.
3 ათეულ წელზე ოდნავ მეტს ითვლის ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტები, რომელთა გენეზისი, გარკვეულწილად, განსხვავებულია, თუმცა ყველა ეს შემთხვევა, ერთმნიშვნელოვნად, რუსეთის იმპერიული მიზნებითაა ნაკარნახევი და “დაყავი და იბატონეს” პრინციპით ამ ქვეყნებზე კრემლის კონტროლის შენარჩუნებას ემსახურება. თუმცა, დღეს ამ თემაზე საუბარს აქტუალურობას მრგვალი თარიღის გარდა ისიც სძენს, რომ ჩვენს თვალწინ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური დრამა თამაშდება, რომლის პოლიტიკური ფინალიც დადგა: რეგიონში და მეტიც, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში მივიღეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირველი პრეცედენტი.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც აზერბაიჯანს წარმატება მოუტანა, არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ავტომატურად გამოსადეგია. მაგალითად, ბაქოს სტრატეგიაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, სამხედრო-შეტევითი ოპერაციების წარმოება პრიორიტეტულ შესაძლებლობად იყო განსაზღვრული. ჩვენს შემთხვევაში კი, ამ მხრივ, უპირატესობა სამშვიდობო პოლიტიკას ენიჭება, რაც საქართველოს წინა, თუ ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან არაერთხელ გაცხადდა და რასაც პირადად მეც ვეთანხმები.
როგორც თეოდორ რუზველტი იტყოდა “დიპლომატია მაშინ მუშაობს, როდესაც ხელში დიდი კეტი გიჭირავს”. ამდენად, თუ გვინდა, რომ სამშვიდობო პოლიტიკამ და დიპლომატიამ შედეგს დაგვაახლოოს და არა პირიქით – ვინმეს მოსწონს თუ არა, ეს სამხედრო პოტენციალის ზრდის გარეშე ვერ მოხდება. ამ ტიპის კონფლიქტების მოგვარება კომპლექსური და მრავალკომპონენტიანი საკითხია და უზარმაზარ ძალისხმევას და კოორდინაციას მოითხოვს სახელმწიფოს, მისი ცალკეული სტრუქტურების, საზოგადოებისა თუ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, თუმცა ჩვენ გამოვყავით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი რამდენიმე ძირითად ფაქტორი, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. შევეცდებით, შევადაროთ და გავაანალიზოთ – როგორ მოიქცა ბაქო და როგორ ვიქცევით ჩვენ:
მსოფლიო ისტორიამ გვაჩვენა, რომ პატარა ზომის ქვეყნები დიდ ამოცანებს მხოლოდ შესაბამისი გეოპოლიტიკური მომენტის მომწიფების მომენტში წყვეტენ. ეს ძალიან კარგად დაინახა აზერბაიჯანმა და ბოლომდე უნდა გავითავისოთ ჩვენც. ამ მხრივ, საქართველოს ისტორია, დავით მეოთხის, თუ გიორგი ბრწყინვალის ეპოქები საუკეთესო გამოცდილებაა. რამდენად მართებულად გამოიყენეს მათ ისტორიული მომენტი, უზარმაზარი იმპერიების მიქცევისა თუ მოქცევის, ან განადგურების ფაზები, მათ შორის დაპირისპირებების კონტექსტი და რაც მთავარია, გრძელვადიანი სტრატეგია და უწყვეტი მზადება მომენტუმისთვის, დროული და გაბედული მოქმედებით დაგვირგვინებული. არასოდეს გაგიმართლებს თუ ხარ პასიური, მომლოდინე ობიექტი, თუ არ გაქვს სუბიექტურობის განცდა, გეგმა, განწყობა და ეროვნული კონსენსუსი მოქმედებისთვის.
აზერბაიჯანმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ის მხოლოდ გეოპოლიტიკურ ფანჯარას კი არ დაელოდა, როდესაც უკრაინაში შეჭრილ და სტრატეგიულად დამარცხებულ რუსეთს აღარ ჰქონდა რესურსი, აქტიურად ჩარეულიყო ყარაბაღში ბაქოს საწინააღმდეგოდ, არამედ, ის მეთოდურად, მიზანმიმართულად ემზადებოდა ამ მომენტისთვის: აძლიერებდა სამხედრო პოტენციალს, იძენდა ძლიერ პარტნიორებს, ამცირებდა რუსეთზე დამოკიდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა, მათ შორის სამხედრო გზით, მუდმივად იყო ოფიციალური ბაქოს დღის წესრიგის პრიორიტეტული თემა: შეიქმნა სრული ეროვნული კონსენსუსი ამ საკითხზე და მას მოჰყვა შესაბამისი პოლიტიკა ყველა მიმართულებით.
ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა ღიაა საქართველოსთვისაც, თუმცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იურისდიქციის აღდგენა, სიტყვების დონეზეც კი აღარ არის ქართული პოლიტიკის აქტიური ნაწილი. წლებია, ქვეყნის გამთლიანების სტრატეგია პოლიტიკური დისკუსიის პერიფერიაზეა. დაკნინებულია საქართველოს იმ მოქალაქეების პრობლემები, რომლებიც ფაქტობრივი აპართეიდის პირობებში ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
პოლიტიკურ კონსენსუსზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი მტერი არა რუსეთი, ან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული მთავრობები, არამედ პროდასავლური ოპოზიცია და დემოკრატიულად მოაზროვნე საზოგადოებაა; იმის ნაცვლად, რომ თბილისის მაქსიმალური დისტანცირება მოხდეს მოსკოვისგან და უფრო მჭიდრო დაკავშირება ნატოსა და ევროკავშირთან, ივანიშვილის მთავრობა დასავლეთს გვაშორებს, რუსეთთან კი სულ უფრო გვაახლოებს. მეტიც, სამთავრობო პროპაგანდა მოსკოვის იდეოლოგიის კალკია, რომელიც მიზანმიმართულად გვარწმუნებს, რომ სუბიექტობის რესურსი არ გაგვაჩნია და არაფერი შეგვიძლია, ამოცანა არსებული სტატუსკვოს შენარჩუნებაა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიის შექმნა მხოლოდ “რუსკი მირის” ნაწილად დანარჩენი საქართველოს მიკუთვნებულობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
აზერბაიჯანის სტრატეგია მუდმივად იყო არა მოსკოვთან დაახლოების, არამედ რუსეთზე დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირების პოლიტიკა. ჯერ ჰეიდარ, შემდეგ კი ილჰამ ალიევებმა, რუსეთთან კონფრონტაციულ პოლიტიკაზე მიზანმიმართულად თქვეს უარი, თუმცა კრემლს აზერბაიჯანული პოლიტიკის და რაც მთავარია, ენერგო რესურსების კონტროლის საშუალება არ მიცეს. მოსკოვის აგრესიული წინააღმდეგობის მიუხედავად, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-ერზრუმი გაზსადენების მშენებლობით, აზერბაიჯანი ევროპისთვის ალტერნატიული ენერგომიმწოდებელი გახდა, რითაც საკუთარი მნიშვნელობა როგორც თურქეთისთვის, ისე ევროკავშირისთვის განუზომლად გაზარდა.
ზუსტად ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა სომხეთმა. მან ფსონი მთლიანად რუსეთზე დადო. მოსკოვის ზეწოლის შედეგად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულება კრიტიკულამდე გაზარდა. სამწუხაროდ, ზუსტად იმავეს აკეთებს დღეს თბილისი. ქართული ეკონომიკა რუსული ბაზრის დამატება ხდება. მოსკოვის ზეწოლით ივანიშვილის ხელისუფლება, შეგნებულად საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესს, წინააღმდეგობაში მოდის ნატოელ პარტნიორებთან და უკრაინასთან როგორც რიტორიკის, ისე პოლიტიკის დონეზე.
აზერბაიჯანმა გააკეთა სწორი არჩევანი და სტრატეგიულ პარტნიორად გაიხადა არა რუსეთი, არამედ ნატოს წევრი თურქეთი, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ბაქოს გეგმაში – თამამად, ზურგგამაგრებული შესულიყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლის აქტიურ ფაზაში. რამაც, საბოლოო ჯამში, განაპირობა მისი, ერთი მხრივ, რუსეთისგან დაცულობა და მეორე მხრივ, სამხედრო დომინაცია რეგიონში. აზერბაიჯანი, წლების განმავლობაში, მასშტაბურად ზრდიდა თავდაცვის ბიუჯეტს და აუმჯობესებდა მის სამხედრო პოტენციალს როგორც რუსეთის, ისე, უმეტესად, ნატოს წევრი თურქეთის ნატოს სტანდარტის შეიარაღების ხარჯზე. ნიშანდობლივია თურქული დრონებისა და შეიარაღების, ასევე სტრატეგიული დაგეგმარებისა და ოპერატიული მართვის კომპეტენციის მაღალი დონის გადამწყვეტი როლი 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში.
ამ მხრივ აბსოლუტურად საწინააღმდეგო ტრაექტორიაზე მოძრაობს საქართველო. ბუნებრივია, შევარდნაძე-დემირელის, მოგვიანებით კი, სააკაშვილი-ერდოღანის მჭიდრო კავშირებისა და საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის ბაზაზე ქართულ ოცნებას ჰქონდა თურქეთთან პარტნიორობის უფრო მაღალ, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის ხარისხში აყვანის შესაძლებლობა. თუმცა, ივანიშვილმა ეს ხაზი არ გააგრძელა. ოცნების ხელისუფლებამ დემონსტრაციულად არ გამოიყენა ჩვენი სამხედრო პოტენციალის ზრდისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ის უნიკალური შესაძლებლობაც, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი ნატოელი პარტნიორები გვთავაზობდნენ ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მეტიც, “აბა ომი გინდათ?” და “რუსული მშვიდობის” პროპაგანდით ამ მთავრობამ რიტორიკის დონეზეც კი, ოცნებამ უკიდურესად დააკნინა საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო სულისკვეთება. აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის დისტანცირება ამერიკისა და სხვა დასავლელი პარტნიორებისგან, რასაც სრული იზოლაციისკენ მიჰყავს ქართული სახელმწიფო. და ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომის დინამიკისა და კიევის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო შესაძლებლობების მასშტაბების ზრდის გათვალისწინებით, იმ ტიპის პირდაპირი მოკავშირე, როგორიც აზერბაიჯანისთვის თურქეთი გახდა, ბუნებრივი იქნებოდა, რომ საქართველოსთვის უკრაინა ყოფილიყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობასაც ოფიციალურ კიევთან ღიად მტრული პოლიტიკით მინიმუმამდე ამცირებს.
ერთი მხრივ, ენერგორესურსების, მეორე მხრივ კი, სტაბილურობის ხარჯზე, აზერბაიჯანმა მოახერხა ეკონომიკური წარმატებისა და ერთგვარი სოციალური წინსვლის მიღწევა, რაც ვერ გააკეთა სომხეთმა, რომელიც დაშორდა ევროპას და გახდა რუსეთზე დამოკიდებული სახელმწიფო. მართალია, ჩვენ, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ენერგორესურსები არ გვაქვს, თუმცა გვაქვს ბევრად ღია ეკონომიკა და ევროპულ ბაზარზე წვდომა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და პერსპექტივის არმქონე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისთვის. ევროპული სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის სტანდარტი, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისები ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც მიზიდულობის ძლიერ ფაქტორებად იმუშავებდა და ნაწილობრივ მუშაობდა კიდეც..
სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლებამ არა ევროკავშირთან და დასავლურ ბაზართან დაახლოებული, არამედ რუსულ ბაზარზე ჩამოკიდებული, ნომენკლატურული, კორუფციული ეკონომიკის მშენებლობა გადაწყვიტა, რითაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უპოვრად და უპერსპექტივოდ აქცია და საქართველოდან ჩვენი მოქალაქეების ემიგრაციის უპრეცედენტო მასშტაბის ტალღა გამოიწვია, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის ნეგატიური სიგნალია.
პოზიტიური რბილი ძალის ეფექტი. ბოლო პერიოდში, საქართველოს უპირატესობა რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში ყოველთვის იყო მეტი თავისუფლება, დემოკრატია, მოქალაქის შედარებითი დაცულობა და განათლების მიღებისა და ბიზნესის წარმოების უკეთესი შესაძლებლობები, რაც განსაკუთრებულად მიმზიდველია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და რაც უნდა იყოს კიდეც საქართველოს გამთლიანების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. სამწუხაროდ, ქართული ოცნების პირობებში ამ მიმართულებითაც სერიოზული უკუსვლა გვაქვს. მართლმსაჯულების, მედიის თავისუფლების, დემოკრატიის ხარისხის, ადამიანის უფლებების, ბიზნესის დაცულობის თუ განათლების ხარიხის მიმართულებით საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს, ხდება ტიპური ავტორიტარული სახელმწიფო და სულ უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს.
იბადება კითხვა: როდესაც ამ ყველაფერს თვალს ადევნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს აფხაზი და ოსი მოქალაქეები, როდესაც საქართველო გაჭრილი ვაშლივით ემსგავსება “პატარა რუსეთს”, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი დიდ რუსეთს აქვს ოკუპირებული, რატომ უნდა გაუჩნდეთ მათ ასეთ საქართველოსთან, ანუ “პატარა რუსეთთან” თანაცხოვრების სურვილი, როდესაც დიდი რუსეთში უკვე ცხოვრობენ და “რუსკი მირში”, ასე თუ ისე, ადგილიც აქვთ დამკვიდრებული?!
საქართველოს მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და მისი რეალიზების სტრატეგია წინააღმდეგობაშია ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკასთან. ანუ, იმასთან, რისთვისაც შარტავამ, გაბესკირიამ, ბევრმა სახელოვანმა თუ უსახელო ქართველმა გმირმა 30 წლის წინ თავი გასწირა და რისთვისაც სოხუმის დაცემისა და ქართველების ეთნოწმენდის უწყვეტი და დღემდე მიმდინარე პროცესის შესახსენებლად და მათი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გმირთა მემორიალზე დღეს მარადიული ცეცხლი და სანთლები ანთია.
ფორმულა