სამშაბათს, 3 ოქტომბერს 12 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვა იწყებს, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ანალიტიკოსთა შეფასებით, წინასწარ რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რას დაადგენს სასამართლო. თუმცა, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ მმართველი პარტიის ინტერესებში არ შედის პრეზიდენტის გადაყენება.
ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი – ეს ის 5 დეპუტატია, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგებიან. სამი მათგანი კონსტიტუციონალისტია, ხოლო ორი – იურისტი. მათ უფლება აქვთ 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ღია მოსმენაზე სიტყვით გამოვიდენენ და დაამტკიცონ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება სალომე ზურაბიშვილსაც, თუმცა დაესწრება თუ პროცესს პრეზიდენტი, ჯერჯერობით, უცნობია. კანონმდებლობა საქართველოს პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ სასამართლოში მის ნაცვლად მისი წარმომადგენელი მივიდეს.
პრეზიდენტის შეხვედრები ოპოზიციასთან და „ოცნების“ პოზიცია
ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი კი ოპოზიციის წარმომადგენლებს, ქალ დეპუტატებს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, საუბრის მთავარი თემები იყო რას ფიქრობს პრეზიდენტი აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე და მის იმპიჩმენტზე.
რამდენიმესაათიანი აუდიენციიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მათი პოზიცია მთავარ თემებზე მოისმინა და სავარაუდოდ საკუთარ შეფასებებს საჯაროდაც იტყვის.
ამასთან, პრეზიდენტი ცალკე შეხვდა ენმ-ის წარმომადგენელ თინათინ ბოკუჩავას. თავად ბოკუჩა ამბობს, რომ პრეზიდენტთან საუბრის თემა იმპიჩმენტის და მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა. მისივე თქმით, კითხვები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტის მიმართ ჰქონდა, მოიხსნა.
როგორც დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენმდივანი კახა კალაძე ამბობს, პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციასთან შეხვედრებზე მუშაობა მიდის იმაზე, რომ არ მოხდეს იმპიჩმენტის მხარდაჭერა, თუმცა ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, თითქოს საუბარია ევროინტეგრაციაზე.
„რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა დღევანდელ მოცემულობაში ძალიან რთული იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ თავიდანვე ისაუბრა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. დაველოდოთ და ვნახოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარლამენტში დეპუტატების მხრიდან.
„რეალურად მუშაობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ მხარდაჭერა არ მოხდეს იმპიჩმენტის განხილვისას, როდესაც პარლამენტში იქნება, თუმცა ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, თითქოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება“, – აღნიშნა კალაძემ.
დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე დავა ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას და არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილთან მიმართებაში კონსტიტუციის დარღვევა დაადგინოს. თუმცა ხმალაძე „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და არ ისაუბროს სახელმწიფოს სახელით.
„აქ „ოცნება“ დაობს იმაზე, თუ სახელმწიფო ორგანოების რომელ უწყებას რისი უფლება აქვს და ვის კომპეტენციაში რა შედის. ზურაბიშვილს ხელისუფლება ადანაშუალებს იმაში, რომ ის ითავსებს იმ კომპეტენციას, რომლის უფლებასაც მას კონსტიტუცია არ აძლევს. ამაში არაფერი უცნაური არ არის, რადგან კანონების ფორმულირება ყოველთვის არ არის იმდენად ცალსახა და ყოველთვის არ ჩანს ნათლად, რაღაც კონკრეტულ საკითხს თუ რომელი უწყება უნდა წყვეტდეს. ამაში არც არაფერი იქნებოდა საგანგაშო, რომ არა ის პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ახლა ეს განცხადება გაკეთდა.
„რთულია ვთქვათ წინასწარ სასამართლო რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, დიდი ალბათობით, სასამართლო იტყვის იმას, რაც კონსტიტუციაში წერია. ანუ პრეზიდენტს არ აქვს უფლება განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მთავრობის თანხმობის გარეშე. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი ნიშნავს პრეზიდენტის ნებისმიერ მოქმედებას, განცხადებას ან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია მთავრობის თანხმობის გარეშე არ აძლევს ამის უფლებას. როცა ის გამოდის და ამბობს ან მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით – წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სწორედ ამას ნიშნავს.
„ამ კონტექსტში კანონი დარღვეულია. კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ სახელმწიფოს სახელით როდესაც საუბრობს პრეზიდენტი, იმ თემაზე, რაზეც საუბრობს, სჭირდება მთავრობის თანხმობა, მაგრამ ეს არ უკრძალავს პრეზიდენტს ჰქონდეს თავისი პირადი თუნდაც განსხვავებული აზრი მთავრობის ან პარლამენტის პოზიციისგან“, – ამბობს ხამალაძე.
პირადად მისი შეფასებით, ამ შემთვევაში კონსტიტუცია არ დარღვეულა, რადგან პრეზიდენტის ვიზიტების თაობაზე რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა, იქ არსად იყო ნათქვამი, რომ ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია. შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პრეზიდენტის ქცევას ამ კონტექსტში განიხილავენ, მაშინ მისი ქმედება კონსტიტუციის დარღვევად არ ჩაითვლება.
აწყობს თუ არა რეალურად ხელისუფლებას ზურაბიშვილის იმპიჩმენტი
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, თუმცა, მას მაინც ეჭვი ეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი იმპიჩმენტი რეალურად უნდოდეს. საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ზურაბიშვილი კონსტიტუციას რეალურად რომც არღვევდეს, მისი იმპიჩმენტი პოლიტიკურად ხელისუფლებას არ აწყობს, რადგან ამის ახსნა ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც გაუჭირდება.
„მე ადრე ვთქვი და ახლაც იგივე აზრზე ვარ – ეს არის მხოლოდ სამართლებრივი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე. ამაზე პრემიერმა ღარიბაშვილმაც ისაუბრა და სხვა „ოცნების“ ლიდერებმაც. ვფიქრობ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დარღვევას პრეზიდენტის მხრიდან დაადგენს, თუმცა პარლამენტში არ ველი, რომ მისი იმპიჩმენტი მართლაც მოხდება. ეს არ აწყობს თავად „ქართულ ოცნებას“ და ამის რამდენიმე მიზეზია.
„ეს გადაწყვეტილება, ჩემი ვარაუდით, მხოლდო იმიტომ მიიღეს, რომ მათი მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას რეაგირება უნდა ჰქონოდა. სხვა მხრივ კი ხელისუფლებას ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მხოლდო დააზიანებს. პირველ რიგში ეს დასავლეთის თვალში ისე გამოჩნდება, თითქოს პროდასავლელ პრეზიდენტს ხელისუფლებამ იმპიჩმენტი მოუწყო და ოპოზიციასაც დამატებით საბაბს მისცემენ იმის სათქელად, რომ „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა. ასევე ეს დარტყმა იქნება კანდიდატის სტატუსზე და შესაძლოა გავლენაც კი მოახდინოს. ეს კი ისევ ხელისუფლებას დაბრალდება.
„მეორეს მხრივ კი „ნაციონალები“ ამ ფაქტს გამოიყენებენ ისე, თითქოს ხელისუფლება ჩამოშლილია, პრეზიდენტი იმპიჩმენტით გადააყენეს და ა.შ. ანუ შიდა არეულობისთვის მშვენიერი საბაბი ექნებათ. ამიტომ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რეალურად ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ხელისუფლებას არაფერში სჭირდება. ამიტომ არ ველი, რომ ეს მისი იმპიჩმენტი სისრულეში იქნება მოყვანილი“, – ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.