“სინამდვილეში, რუსეთს ოჩამჩირეში გადმოაქვს საომარი სამიზნე… ამას ჰქვია ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია საუბრობს და ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის გადმოტანას ეხმაურება.
“ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა. სინამდვილეში, მას უბრალოდ კი არ გადმოჰყავს თავისი საზღვაო ძალები ოჩამჩირეში, არამედ რეალურად მას გადმოაქვს მოქმედი საომარი სამიზნე აქ. რადგან ეს ფლოტი არის საბრძოლო მდგომარეობაში და იგი თავს ესხმის უკრაინას. მაღალი ალბათობით, ის ამას გააგრძელებს ოჩამჩირიდანაც და არა მხოლოდ მიმოსვლის მეშვეობით, არამედ შესაძლებელია ადგილიდან დაბომბვაც და ბუნებრივია, როგორც საბრძოლო სამიზნეც, უკრაინა იძულებული იქნება უპასუხოს. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს მისი სახელმწიფო ინტერესია. აი ამას ჰქვია ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. დიახ, ამას ჰქვია და ამას აკეთებს რუსეთი.
“ქართული ოცნება” სათავისოდ და სპეკულაციურად გამოიყენებს ყველაფერს, მაგრამ ზელენსკიმ გააკეთა პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო ლიდერის განცხადება. თუ კონკრეტული ტერიტორიიდან მის სახელმწიფოს ბომბავენ, რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობიანმა სახელმწიფომ, მას შეუძლია ჯერ გაფრთხილება გააკეთოს და უკვე გააკეთა უკრაინამ გაფრთხილება და ეს გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს და ყველაფერს აკეთებდეს იმისათვის, რომ მის ტერიტორიაზე და ოჩამჩირე გაგიკვირდებათ და საქართველოს ტერიტორიაა, იურისდიქცია ვერ ვრცელდება და ეფექტური კონტროლი რუსეთის ვრცელდება, თუმცა ჩვენი ტერიტორიაა, მაგრამ თუ ეს გაფრთხილება ყურად არ იღო რუსეთმა და საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, დიახ, იძულებული იქნება სახელმწიფო, რომელსაც კონკრეტული წერტილიდან თავს ესხმიან, ეს წერტილი გაანეიტრალოს და ეს არის რუსეთის დამსახურება. პირველ რიგში, ამას ვეძახი მე საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტური უმოქმედობის დამსახურება” – ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს გამოცემა Известия – ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, “შეთანხმებას” მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა.
ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების განზრახვას გუშინ უკრაინის დაზვერვა, დღეს კი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსულ გემებს ყველგან მისწვდებიან.