ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კადრებს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, გატაცებული საქართველოს მოქალაქის მობილური ტელეფონით არის გადაღებული. ამ ვიდეომასალაში თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული.
ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ხსნიან ლომისის ეკლესიის აჭედილ კარს გინტური და დოთიაშვილი. ისინი სადემონსტრაციოდ აჩვენებენ, როგორ აჭედეს რუსმა ოკუპანტებმა ლომისის კარი და როგორ ამოავსეს სამონტაჟო ქაფით, რომ ეკლესიაში სალოცავად ვერავინ შესულიყო.
”ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე. ეს არის ჩვენი სალოცავი, ვენაცვალე ამის ძალას და მადლს. ასე შვრებიან რუსები,” – ამბობენ სიცოცხლის ბოლო ვიდეოში გინტური და დოთიაშვილი.
კირბალის ლომისის ტაძრის კარი ოკუპანტებმა აჭედეს, ზაფხულში და ამის შემდეგ იქ სალოცავად ადგილობრივებს არ უშვებდნენ.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა.
ოკუპანტების სამიზნე გახდა ლევან დოთიაშვილიც, საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გატაცებულია. ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათთვის უცნობია, როგორია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.