“მმართველი პარტიის პოლიტიკოსები ხდებიან რუსული პროპაგანდის რუპორები… მათთან ბევრი შეკითხვაა, მაგრამ ვერ მივატოვებთ ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “მთავარ არხთან” ინტერვიუში საუბრობს. ის საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკოსებს ევროკომისიის დათქმების შესრულებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ევროკავშირის მოხსენება იმდენად მკაფიოა, რომ ის დამატებით ახსნა-განმარტებებს აღარ გააკეთებს.
თავდაპირველად, უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ გაფართოების პაკეტის ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც არ ფიგურირებდა გაფართოების წინა პაკეტებში. ეს არის გეოპოლიტიკური ასპექტი. ეს არის გეოპოლიტიკური ხედვა, გაცნობიერება იმისა, რომ ევროპა, მისი წევრები და ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ კავშირთან შეერთება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგანან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხედვა, რომელიც დაფუძნებულია კანონმდებლობაზე, ან თუ გნებავთ, ფულზე, უნდა შეიცვალოს და გახდეს უფრო გეოპოლიტიკური ხასიათის. ამიტომ, გზავნილი არის მკაფიო, რომ დიახ, რა თქმა უნდა, შესასრულებელია ბევრი რამ და საქართველოს მთავრობასთან ბევრი შეკითხვაა, მაგრამ ჩვენ ვერ მივატოვებთ ქართველ ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის ხაზის გატარება. ამიტომ, მე ვაფასებ ამ გეოპოლიტიკურ მიდგომას. საქართველოს მთავრობას დიდი ნდობა გამოუცხადეს, გულწრფელები რომ ვიყოთ, მაგრამ ამავე დროს წაყენებულია დამატებითი პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანა შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.
ეს პირობები, რომლებიც ევროკავშირმა წაუყენა საქართველოს, ძალიან ზუსტად ესადაგება ადგილზე არსებულ სიტუაციას. პირველი არის რუსულ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა. არ უნდა გაიმეორონ რუსული დეზინფორმაცია, რადგან ეს აღწევს საზოგადოებაში და მომავალში შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემები გაჩნდეს. მეორე კრიტერიუმი არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს ევროკავშირის პოლიტიკის გატარება თუ ისევ სურს გააგრძელოს მანევრირება ორ განსხვავებულ პოლიტიკას შორის. ეს უნდა გაიგოს საქართველოს მთავრობამ. ევროკავშირი დამატებით ახსნა-განმარტებებს არ გააკეთებს, რადგან მისი ეს მოხსენება ძალიან მკაფიოა. და ბოლოს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პოლარიზაციაც დასაძლევია.
საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტიის პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი ქვეყნის მთავარი პოლიტიკურ კურსზე. ქართველი ხალხი აბიციურია. მათ სურთ მოლაპარაკებებზე გადასვლა, რეფორმები, უფრო ეფექტური და სწრაფი მოქმედება, მაგრამ თუ მთავრობა შეეცდება, რომ შეაყოვნოს რეფორმები და ეს გაამართლოს რაღაც მოგონილი არგუმენტებით, რომლებიც ხშირად გვესმის, ეს კონტრპროდუქტიული იქნება. ევროპაში ამის არ გვჯერა და საქართველოს აქ სულ უფრო და უფრო ნაკლები მეგობარი ეყოლება და ამ ყველაფრიდან ხალხმა შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რა ხდება ახლა. ეს არის რუსეთის გლობალური აგრესია დემოკრატიის წინააღმდეგ. ძირითადად შეტევა უკრაინის წინააღმდეგ ხდება, მაგრამ ეს ასევე ეხება საქართველოს, სომხეთს, მოლდოვას და მე ვფიქრობ, რომ რუსეთს პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა აქვს ჰამასზეც. ამიტომ, სიტუაცია იმდენად სახიფათოა, რომ ახლა არ არის დაყოვნების დრო და არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მაინც არაფერი მოხდება. თუ არსებობს ხალხი, რომელიც თვლის, რომ რაღაც გარემოებების გათვალისწინებით საქართველო აღარ იქნება საინტერესო რუსეთისთვის, ამ ხალხს ვეუბნები: გაიღვიძეთ. ეს თავის მოტყუებაა და პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პოლიტიკას.
ეს არის რუსული პროპაგანდის გამეორების მაგალით და შეგნებულად თუ უნებლიედ, ეს მმართველი პარტიის პოლიტიკოსები ხდებიან რუსული პროპაგანდის რუპორები. ეს ხალხი შეიძლება ბრმაა, ყრუა ან სხვა რეალობაში ცხოვრობს, მაგრამ თუ მათ არ უნდათ, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრები იყვნენ, პირდაპირ თქვან ეს. მე მინდა იცოდეთ, რომ ჩვნ არ შევიცვლებით მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის პროპაგანდა აბსოლუტურად აბსურდულ რაღაცებს ქადაგებს, – ამბობს აუსტრევიჩუსი.