„დღეგრძელთა სახლი“ ანასეულში – „ბოლო სახლი“ მოხუცთათვის

“ხომ არ იცით, დედა რომელ მოხუცთა სახლში წავიყვანო? დემენცია აქვს”

“მამაჩემს ვეღარ ვუვლი, ნორმალურ ხანდაზმულთა სახლს ვეძებ, რას მირჩევთ?”

“არ მინდა ბებია „თავშესაფარში“ გვყავდეს, შინმოვლის სპეციალისტი ხომ არ გეგულებათ?”

ჯანმრთელობის საკითხებზე სოციალურ ქსელებში შექმნილ ჯგუფებში ასეთ კითხვებს ხშირად შეხვდებით.

საქართველოში მოქმედი ხანდაზმულთა სახლების უმეტესობა ჯერ ძალიან შორს დგას მაღალი სტანდარტებისგან – მათ ნაწილს, განსაკუთრებით კერძო სახლებს, სახელმწიფო არ აკონტროლებს. ცოტაა კვალიფიციური კადრებიც.

ამიტომ, მკაფიო პასუხი, როგორ უვლიან იქ მოხუცებს, განსაკუთრებით კი, ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს, არ არსებობს.

„არ გვიყვარს სიტყვა “თავშესაფრის” ხმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი სახლები საქართველოში ჯერჯერობით ზუსტადაც რომ თავშესაფრებია“, – ეს სიტყვები ერთ-ერთი ხანდაზმულთა სახლის დამფუძნებელმა გვითხრა.

ღია ინტერვიუ არ ისურვა, თუმცა პირად საუბარში შენიშნა, რომ ასეთი სახლების უმრავლესობა მხოლოდ აუცილებელს, მინიმალურს სთავაზობს მოხუცებს და ამ მხრივ, არც მისი ხანდაზმულთა სახლია გამონაკლისი.

– მაგალითად, თქვენ რას შეცვლიდით?

– ბევრი სირთულეა. თუ პირობებზე მეკითხებით, მაგალითად, ერთ ოთახში სამი ხანდაზმულის ნაცვლად, ერთი მოხუცი მეყოლებოდა. სპეციალური საწოლები… მატრასები. მოვლის სპეციალისტები. ათასი რამეა. მარტო კვება ხომ არ არის მთავარი?

„დამელაპარაკე“ – „მოვლა“ არ არის არც მხოლოდ კვება, არც მხოლოდ დაბანა

გადავწყვიტე, ისეთ ადგილას მივსულიყავი, სადაც უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების მოვლისა და ზრუნვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი თბილისში ჰოსპისი „ფერისცვალებაა“.

დილით ადრე მივედით, პაციენტების მოვლის რუტინა წუთი-წუთზე უნდა დაწყებულიყო.

იქ შინმოვლის სპეციალისტი თამარ კვიჟინაძე დაგვხვდა თანამშრომლებთან ერთად.

აქ ძირითადად ისეთი ხანდაზმულები მოჰყავთ, რომელთა მოვლას საგანგებო ცოდნა სჭირდება. ჰოსპისს სულ ექვსი ადამიანის მიღება შეუძლია.

“იცით, რამდენ მოხუცს უთხოვია – დამელაპარაკეო? ზოგს ურჩევნია, უფრო გვიან გამოუცვალო, ოღონდ დაელაპარაკო“, – მეუბნება ქეთევანი და დილის საქმეებს უბრუნდება.

სანამ მოხუცთა ოთახებში შეგვახედებენ, თამარ კვიჟინაძეს მოვლის სტანდარტებზე ვეკითხებით, გვყავს კვალიფიციური პერსონალი? თუ კი, მაშინ გამუდმებით და უშედეგოდ რატომ ეძებენ ხოლმე ასეთ ადამიანებს ისინი, ვისაც ეს სჭირდება? არ უარყოფს, რომ ეს ჯერ გადაუჭრელი პრობლემაა.

მოვლის უნარების სწავლას დრო სჭირდება. ხანდახან არც ისე ცოტა.

ჰოსპის „ფერისცვალების“ გუნდს, ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვთ, გადამზადებაში დახმარებას ხანდაზმულთა სხვა სახლებიც სთხოვენ ხოლმე. ოღონდ ძირითადად ისინი, ვინც სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული.

„ალბათ, მალე კერძო სახლებიც დაიწყებენ ამაზე ზრუნვას, რადგან მალე მათაც აღარ ეყოლებათ პერსონალი. ამ სფეროში ერთ-ერთი დიდი პრობლემა “გადაწვაა”. ხშირად 24 საათი უწევთ მუშაობა“, – მეუბნება თამარ კვიჟინაძე.

– ბევრი მიდის უცხოეთში სამუშაოდ, სადაც მოვლაში გაცილებით მეტს უხდიან, – საუბარში მარიამ ფალავანდიშვილი გვიერთდება, ჰოსპისის დირექტორი.

ამ პროფესიაში ყოფნას სტიგმაც ემატება. აააა, შენ მომვლელად მუშაობ? ყველა, ცხადია, ასეთ დამოკიდებულებას ვერ უმკლავდება. მე მაგალითად, ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც მოვლა ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, რადგან ჩემს დას ჰქონდა დაუნის სინდრომი – ეს ჩვეულებრივი ყოფა იყო, – საუბარს თამარ კვიჟინაძე აგრძელებს.

– მაგრამ როცა ოჯახის წევრს უვლი, ეგ კიდევ სხვა რამეა, უცხოს მოვლა უფრო რთული არ არის?

– რატომ ვყოფთ ხოლმე? ისიც ხომ ადამიანია?

– შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები მეტად გვიყვარს.

– ხო, მაგრამ ამ საქმეში ბოლოს ემპათიამდე მიდიხარ. იცით, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მეც შევდივარ ასაკში.

– კარგი მოვლა როგორი მოვლაა?

– როცა გაწერილ სტანდარტს ემორჩილები. თუმცა თითოეულ ადამიანს მაინც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ყველასთან ერთი გეგმით ვერ მიხვალ. და კიდევ, როცა შენ ამ საქმეს აკეთებ იმიტომ, რომ ვიღაც მოიმადლიერო, მანდ ყველაფერი მთავრდება.

ჰოსპისში დაყოვნების ვადა, როგორც წესი, ერთი თვეა. თუმცა, გააჩნია ადამიანი როგორ იქნება. ზრუნვა ხშირად შინმოვლით გრძელდება.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი, რომელსაც ხანდაზმულთა სახლების საკითხზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ერთ-ერთი კვლევისთვის თბილისსა და რეგიონებში, 29 მოხუცებულთა სახლი დათვალეს.

ხანდაზმულთა სახლების საკითხს სახელმწიფო არეგულირებს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“ (პრემიერ-მინისტრის #69 ბრძანებულება), რომლითაც, სახელმწიფო, სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციას, ერთ ხანდაზულზე დღეში 30 ლარს უხდის.

კერძო ხანდაზმულთა სახლებს, რომლებიც ამ პროგრამაში ჩართულები არ არიან, მომსახურების გადასახადს, როგორც წესი, მოხუცების ოჯახები უხდიან, ან თავად პენსიონერებისგან იღებენ მათ კუთვნილ პენსიას.

„ზოგ ხანდაზმულთა სახლში ექთნები საერთოდ არ ჰყავთ, მხოლოდ მომვლელები. როცა სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. 112-ს იძახებენ ან ოჯახის ექიმის მომსახურებით სარგებლობენ“.

ნინო მირზიკაშვილმა გვითხრა, რომ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტი 2014 წელს ამოქმედდა, თუმცა მისი დაცვა ისევ და ისევ სავალდებულოა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სახლებისათვის. კერძო ხანდაზმულთა სახლებს ამ სტანდარტის დაცვა არ ევალებათ.

„ზოგიერთი მათგანი ამ სტანდარტს საერთოდ არ იცნობს“, – ამბობს ნინო მირზიკაშვილი.

„ზოგ ხანდაზმულთა სახლში ექთნები საერთოდ არ ჰყავთ, მხოლოდ მომვლელები. როცა სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. 112-ს იძახებენ ან ოჯახის ექიმის მომსახურებით სარგებლობენ“.

ნინო მირზიკაშვილმა გვითხრა, რომ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტი 2014 წელს ამოქმედდა, თუმცა მისი დაცვა ისევ და ისევ სავალდებულოა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სახლებისათვის. კერძო ხანდაზმულთა სახლებს ამ სტანდარტის დაცვა არ ევალებათ.

„ზოგიერთი მათგანი ამ სტანდარტს საერთოდ არ იცნობს“, – ამბობს ნინო მირზიკაშვილი.

„დღეგრძელთა სახლი“ ანასეულში

სოფელ ანასეულის ხანდაზმულთა ან, როგორც მას მისივე დამფუძნებელი მარინა თოფურია უწოდებს, „დღეგრძელთა სახლი“, 2011 წლიდან არსებობს.

ამ ხანდაზმულთა სახლს, გარდა იმისა, რომ ის სახელმწიფოს სთავაზობს შესაბამის სერვისს (როგორც მსგავსი ტიპის სხვა სახლები) და ამაში იღებს დაფინანსებას (დღეში 30 ლარი – ერთ მოხუცზე), აქვს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერაც.

თუმცა ფინანსები, როგორც მარინა თოფურია გვეუბნება, არ იყო ერთადერთი, რაც კარგი ხანდაზმულთა სახლის შექმნას სჭირდებოდა. ამიტომ იყო, როცა იწყებდნენ, ჯერ შეისწავლეს რა გამოცდილება არსებობდა ამ მხრივ საქართველოში და როგორ მუშაობდა მსგავსი სერვისები საზღვარგარეთ.

ის რაც საქართველში ნახეს, ძალიან შორს იყო ხანდაზმულთა უფლებების დაცვისგან. ეს არ იყო ის ადგილები, სადაც ადამიანები სიცოცხლის ბოლო წლებს ღირსეულად ატარებდნენ.

მარინა თოფურია იხსენებს, მაშინ ძალიან ბევრ საელჩოს მივმართეთ დახმარებისთვისო. მათ შორის, ამერიკის, იაპონიის, გერმანიის საელჩოებს, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, ორგანიზაციას „პური მსოფლიოსთვის“, ევროკავშირს (პროექტი „სოციალური მომსახურება ადამიანის უფლებებისათვის). ეს მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით დღემდე გრძელდება და ამაზეც ყველა თანხმდება, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ესეცაა.

პირველ წელს მხოლოდ 5 ხანდაზმული ჰყავდათ. დღეს ანასეულის „დღეგრძელთა სახლში“ 22 მოხუცი ცხოვრობს.

ანასეულის ხანდაზმულთა სახლი
ანასეულის ხანდაზმულთა სახლი

მიუხედავად იმისა, რომ მარინა თოფურია თავად არის ხანდაზმულთა სახლის დამფუძნებელი, ფიქრობს, რომ აქ მოხუცები მხოლოდ მაშინ უნდა ხვდებოდნენ, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„შინ მოხუცი ყოველთვის უფრო ბედნიერია. როგორი პირობებიც არ უნდა შეუქმნა მას გარეთ – მას შინ ურჩევნია. მე მჯერა, რომ როცა ხანდაზმულ ადამიანს ჰყავს შვილი, ის არ უნდა იყოს ხანდაზმულთა სახლში და დღემდე სწორედ ეს არის გამოწვევა, რაც შინმოვლის სერვისის განვითარებამ უნდა შეცვალოს“.

ზოგ ხანდაზმულს სახელმწიფო 100%-იანი ვაუჩერით აფინანსებს და მას არაფრის გადახდა არ უწევს, ზოგს კი (ეს დგინდება სოციალურად დაუცველებისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის მიხედვით), 80%-ით და ამ შემთხვევაში მას საკუთარი პენსიიდან დღეში 5 ლარის გადახდა უწევს.

ანასეულის ხანდაზმულთა სახლის ბინადრების 99%-ს დემენცია აქვს. ნაწილი უკვე ლოგინსაა მიჯაჭვული, ყველას თავისებური მოვლა სჭირდება. ამისთვის კი მუდმივად პერსონალის გადამზადებაა საჭირო, მულტიდისციპლინური გუნდის ყოლა, რისი შესაძლებლობაც, ანასეულის სახლისგან განსხვავებით, ცხადია, ბევრ ხანდაზმულთა სახლს არ გააჩნია.

„მუდმივად ვეძებთ ახალ მხარდამჭერებს, რომ ეს პროცესი, განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა – არ შეფერხდეს, რადგან ვიცით, რომ მხოლოდ ზრუნვა საკმარისი არ არის“.

ყველაზე რთული კი, როგორც მარინა თოფურია გვიზიარებს, მოხუცების ცხოვრებაში მათი ახლობლებისა და ნათესავების ჩართვაა.

ისინი მხოლოდ პენსიის მეორე დღეს მოდიან, ფულის გამოსართმევად.

ანასეულის ხანდაზმულთა სახლის პერსონალს თავიდან ეს ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ პენსია იყო ერთადერთი საშუალება თავად ხანდაზმულისთვის, რომ ახლობელები ენახათ.

„ ძალიან სევდიანი ამბავია, მაგრამ პენსია მათთვის ახლობლებთან სოციალიზაციის ერთადერთი წყაროა“, – გვითხრა მარინა თოფურიამ.

„სახლში მარტო ყოფნას ნამდვილად სჯობს” VS „ყველა თავის სახლში უნდა იყოს – ერთი კვლევის შედეგები

კვლევითმა კომპანია „დართმა“ თბილისში მცხოვრებ, 417 შუახნის ადამიანს ჰკითხა, მათი აზრით, არის თუ არა მოთხოვნა საქართველოში ხანდაზმულთა მაღალი კლასის (სასტუმროს ტიპის) სახლზე.

გამოკითხულთა 94% ამ იდეას დადებითად აფასებს.

დაახლოებით 4% – უარყოფითად. დანარჩენს პასუხის გაცემა უჭირს.

კითხვაზე – მაინც რატომ მოსწონთ ასეთი სახლის არსებობის იდეა, კვლევის მონაწილე ადამიანები ასე პასუხობდნენ:

„პირადად ჩემს თავზე ვერ წარმომიდგენია, მირჩევნია მარტო ვიყო და ჩემს სახლში, თუმცა ზოგადად მთელ მსოფლიოში ეს პრაქტიკაა და გამართლებულია, ამიტომაც დავეთანხმებოდი“

„მომწონს, რადგანაც ჩემს მომავალს ვხედავ“.

„ჩემს გარშემო არიან მოხუცები, რომელთაც არ ჰყავთ შვილები/პატრონი და ასეთი ადამიანებისთვის ძალიან კარგი იქნებოდა ეს შესაძლებლობა“.

ვისაც არ მოსწონს, მისი არგუმენტი კი ის არის, რომ „ყველამ თავის მოხუცს უნდა მიხედოს“.

„იქ მხოლოდ ისეთი ადამიანები მოხვდებიან, რომლებსაც ფული და პატრონი ჰყავთ. გარეთ დარჩება ისეთი ადამიანი, ვისაც მართლა სჭირდება ეგეთი სახლი, ამიტომ ასეთ რამეს ყოველთვის უარყოფითად შევაფასებდი“.

„ოჯახში უნდა ცხოვრობდეს მოხუცებული, რომ სითბოში იყოს, ასეთ სახლს მე არ ავაშენებდი, ყველა თავის სახლში უნდა იყოს“.

კითხვაზე, ხანდაზმულ ასაკში, შესთავაზებდით თუ არა თქვენს ოჯახის წევრს (რომელსაც არანაირი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს) ამ ტიპის სახლში ცხოვრებას, 48%-მა თქვა, რომ არა.

„ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი, დიდი სტიგმაა ჯერ კიდევ ამ საკითხის მიმართ. თუ განსაკუთრებით, ასეთ ასაკში მყოფი ადამიანები არ არიან წყვილად, თუ ქვრივია… მაინც სიფრთხილით მოვეკიდებოდი, რადგან მისთვის უფრო მტკივნეული იქნებოდა სხვაგან გადასვლა“.

32%-მა თქვა, რომ კი, შესთავაზებდა.

„ძალიან რთულია მოხუცსაც მოუარო და სახლსაც მოუარო და რატომაც არა, თუ ნორმალურ გარემოში იცხოვრებს, ამაში ცუდი არაფერი არ არის და არ მივიჩნევ, რომ მანდ წაყვანა არის გაგდება სახლიდან“.

გამოკითხული ადამიანებიდან 9%-ზე უფრო მეტმა თქვა, რომ უფრო არა, ვიდრე კი.

ხოლო 10%-ს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროსაც ჰკითხა, როგორია დღეს სახელმწიფოს პოლიტიკა და გეგმა ხანდაზმულთა სახლებთან მიმართებით.

მესამე კვირაა უშედეგოდ ველით პასუხებს იმაზე, იგეგმება თუ არა, მაგალითად, კერძო სახლების მონიტორინგი, შეეხება თუ არა ყველას ერთი სტანდარტი, გვაინტერესებდა, როგორია თავად სამინისტროს შეფასება მათ პროგრამაში ჩართული ხანდაზმულთა სახლებისა. თუ არსებობს ხედვა, როგორ შეიძლება იმ პრობლემების მოგვარება, რაზეც თითქმის ყოველ წელს წერს სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში, ხოლო 2022 წელს, ხანდაზმულთა სახლების მონიტორინგს სპეციალური ანგარიშიც მიუძღვნა. იმის დაზუსტებაც გვინდოდა, რამდენი ხანდაზმულთა სახლი მოქმედებს დღეს საქართველოში, მაგრამ სამინისტროსგან ეს პასუხები არ მიგვიღია.

რადიო თავისუფლება

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share