„მგონია, რომ პერსონიფიცირებული პოლიტიკის დრო დასრულდა და გვჭირდება ინტერესზე, კონკრეტულ იდეოლოგიებზე, კონკრეტულ საზოგადოებრივ სეგმენტზე დაფუძნებული და ნიშის მქონე პოლიტიკური პარტიები,“ – ეს განცხადება „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ გააკეთა.
თამთა მიქელაძე „რეაქციაში“ ამბობს, პარტიების შიგნით შიდა დემოკრატია და პროფესიონალური და ინსტიტუციური მუშაობა შემცირებულია.
თამთა მიქელაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც საუბრობს და ამბობს, რომ „ის, რაც ენმ-ს ანგრევს, ეს არის ბიზნეს ინტერესების გავლენა პოლიტიკურ ინტერესებს, რის გამოც ვხედავთ, შიდა მიკრო ოლიგარქიული ინტერესი როგორ ყლაპავს პოლიტიკურ ინტერესებს“.
რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მიქელაძე ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველა ინსტიტუტს აკონტროლებს და ამას გარდა, დაიწყეს “მიკროსკოპული კონტროლი” მათ შორის უნივერსიტეტებს, კონსერვატორიის. როგორც მიქელაძე ამბობს, მმართველი ძალა პოლარიზაციას იყენებს საზოგადოებრივი ჯგუფების გასაკონტროლებლად.
”ჩვენ ზოგადად, საზოგადოებრივი და პოლიტიკური კლასის კრიზისი გვაქვს. ერთი მხრივ, ასეთი აცდენა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ცნობიერებას შორის, კულტურას ან ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შორის, მეორე მხრივ,საზოგადოებრივ ინტერესებსა და პოლიტიკაში ასახულ ინტერესებს შორის ასეთი აცდენა ბოლო წლებია არ მახსოვს.
მეორე საკითხი არის რაღაც ტიპის სტრუქტურული ცვლილება თვითონ პოლიტიკაში – ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ფეტიშების დრო მიდის, ფიგურების დრო, რომლებიც დიდი ქარიზმით, 80 პროცენტით ძალაუფლების მობილიზაციას ახდენენ. ჩვენი საზოგადოება ძალიან მომწიფდა და ის ასეთ ინფანტილურ არჩევანს აღარ გააკეთებს, რომ არსებობს ერთი მხსნელი, რომელიც სიბნელიდან სინათლეზე გაგვიყვანს. ეს პროცესი არის ჯანსაღი, დღეს პრინციპში სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა ვაღიაროთ, რომ არის რეალურად შემცირებული, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს აქვს მთელი ინსტიტუციური, ეკონომიკური და სხვა ინდუსტრია, რითიც ის ძალაუფლებას ინარჩუნებს, მაგრამ მისი როგორც პერსონალური ქარიზმა, ფეტიში არის შემცირებული. ახლა დადგა დრო, როცა გვჭირდება ინსტიტუტები, გვჭირდება ცოდნაზე, პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ხედვები, პოლიტიკა,“ – ამბობს თამთა მიქელაძე.