„ალბერ კამიუს „უცხოს“ მიხედვით უნდა დამეწერა ესე. დავალების შესრულება AI-ს ვთხოვე და რამდენიმე წამში ტექსტიც მზად იყო. ინგლისურიდან ქართულად გუგლით ნათარგმნი ძალიან სისულელე გამოდიოდა, თან შეცდომებიც დაუშვა – მაგალითად, მთავარი გმირის სახელი შეეშალა, ამიტომ ესე თავად ვთარგმნე, წიგნში რაღაც დეტალები გადავამოწმე, ცოტა ჩემი პირადი აზრებიც დავამატე და კარგი შეფასებაც მივიღე“, – გვიყვება ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ხშირად იყენებს როგორც საუნივერსიტეტო დავალებების შესასრულებლად, ისე სამსახურშიც, თუკი დასჭირდა.
ჩვენი რესპონდენტი (მან ანონიმად დარჩენა გვთხოვა) გვიყვება, იგივე დავალება ზეპირად რომ ჩამებარებინა, აუცილებლად დაბალ ნიშანს მივიღებდიო.
ლუკა (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს AI-ს, ზოგი პირდაპირ დავალებას აწერინებს, ზოგი კი რჩევას ეკითხება.
„მაგალითად, ჩემმა ერთმა მეგობარმა, AI-ს რაღაც სტატისტიკური ამოცანის ამოხსნა სთხოვა და ასე გააკეთა შუალედური გამოცდის დავალება“. თუ ლექტორმა სტუდენტს საკითხზე დამატებით კითხვები არ დაუსვა, შესაძლოა, ეშმაკობას ვერც მიუხვდეს.
„ოღონდ ტექსტის შემთხევვაში სხვა ამბავია – მაინც ეტყობა ხოლმე ვისი დაწერილია და თან AI რთულად და ძალიან ზოგადად წერს… მაგრამ მას ამისთვის 5 წამი სჭირდება და ხანდახან კარგი გამოსავლია, იდეალური შპარგალკა“.
თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძე გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ამბობს, რომ იშვიათად, მაგრამ ბოლო დროს უფრო, მისი სტუდენტებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ესეების დასაწერად. სტილით ხვდება – AI, მისი დაკვირვებით, ირჩევს ზოგად მიმოხილვით ფორმას, კონკრეტული აქცენტების გარეშე. ასეთ ტექსტს აკლია მკაფიო სუბიექტური დაკვირვებაც, რასაც ლექტორი ითხოვს და, მისი შეფასებით, როგორც წესი, ეს არის ხოლმე დაბალი ხარისხის ნაწერი.
„დაბალი ქულა დამიწერია და როცა შეკითხვით მობრუნებულა სტუდენტი, მითქვამს ჩემი მოსაზრება და დამისვამს დამატებით კითხვები. ყოველთვის ნათელია ხოლმე, მისი მომზადებულია თუ არა დავალება. წინა სემესტრში მახსოვს სამი ასეთი შემთხვევაც და ამ სემესტრში მგონი, ორი“.
კიდევ ერთმა ლექტორმა სხვა უნივერსიტეტიდან, რომელიც კომუნიკაციის თეორიას ასწავლის, გვითხრა, რომ როდესაც თავის ინგლისურენოვან სტუდენტებს ესეს დაწერა დაავალა, მათგან, დაახლოებით, 50-მა%-მა დავალება სწორედ ხელოვნურ ინტელექტს დააწერინა. ეს ძალიან ადვილი მისახვედრი იყო თავად იმ ენით, რომლითაც იყო ტექსტი დაწერილი.
ქართველი სტუდენტების დავალებები კი, ძირითადად, გუგლის სათარგმნი პროგრამით იყო ინგლისურიდან გადმოთარგმნილი და იქაც ადვილი ამოსაცნობი იყო მისი „ავტორი“.
ასე შესრულებულ დავალებებს ლექტორები „აკადემიურ არაკეთილსინდისიერებას“ უწოდებენ და, როგორც წესი, ნიშანს არ წერენ ხოლმე და სტუდენტს გამოსწორების შანსს აძლევენ.
და უნივერსიტეტები რა გამოსავალს პოულობენ?
რამდენიმე უნივერსიტეტს ვკითხეთ, როგორ ხვდებიან ისინი ამ ახალ გამოწვევას და რამდენად ხშირად აწერინებენ სტუდენტები თავიანთ დავალებას ხელოვნურ ინტელექტს.
მაგალითად, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში გვიპასუხეს, რომ ასეთი რამ მათთანაც ხდება, თუმცა, იშვიათად. და რადგან AI ჯერ ქართულად უნაკლოდ ვერ ასრულებს დავალებებს, ლექტორები, როგორც წესი, ამას ხვდებიან. გარდა ამისა, მათ პლაგიატის გამოვლენის ბევრი კარგი ბერკეტი აქვთ, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს, თუმცა მექანიზმებზე ღიად არ საუბრობენ. ეს სტუდენტისთვის ერთგვარ მინიშნებად რომ არ იქცეს.
რამდენიმე სხვა უნივერსიტეტშიც გვითხრეს, რომ მათაც აქვთ „პლაგიატზე შემოწმების პროგრამები“, თუ ეჭვი შეეპარათ სტუდენტის კეთილსინდისიერებაში.
თუმცა ჯერ ყველას არა აქვს მკაფიო პასუხი, როგორ იქცევი ამ სასწავლო პროცესში AI-ს გამოჩენის შემთხვევაში – ლექტორების და სკოლის მასწავლებლების ნაწილს ხელოვნური ინტელექტის შესახებ სმენია, თუმცა თავად მისი გამოყენება არ იცის. ნაწილი მას უკვე კარგად იცნობს და პრაქტიკაში თავადაც იყენებს.
„გააჩნია როგორ გამოიყენებენ მოსწავლეები და სტუდენტები AI-ს – მთავარია, მათ ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება ვასწავლოთ“, – გვეუბნება ილიაუნის ლექტორი და „უნილაბის“ დირექტორი სანდრო ასათიანი. მისი აზრით, რაც დრო გავა, დავალებების მარტივად შესრულების ეს გზა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება საქართველოშიც, რადგან ახალგაზრდები, განსაკუთრებით ბავშვები, უსწრაფესად ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს და ძალიან მალე უღებენ ალღოს ყველაფერს – განსხვავებით უფროსებისგან, რომლებიც მათ ჩამორჩებიან.
„დღეს ზოგი ლექტორი კი ცნობს ხელოვნური ინტელექტის დაწერილ ტექსტს ან სხვა შესრულებულ დავალებას, მაგრამ ეგეც დროის ამბავია, ეგეც დაიხვეწება“.
თუ თავიდან ყველაზე პოპულარული იყო ცნობილი ChatGPT, საძიებო სისტემებმა საფრთხე იგრძნეს (ადამიანები კითხვებზე პასუხებს საძიებო სისტემაში კი აღარ ეძებდნენ, პირდაპირ ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებოდნენ) და სასწრაფოდ გააკეთეს თავიანთი პლატფორმები. მაგალითად, გუგლმა შექმნა Google Bard-ი, ხოლო მაიკროსოფტმა Microsoft Bing-ი, რომელიც, სხვათა შორის, როგორც სანდრო ასათიანი შენიშნავს, მეტ-ნაკლებად კარგად წერს ქართულადაც.
„სკოლის მოსწავლის დონეზე დაწერს. მაგალითად, რომ უთხრა დაგიწეროს სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია ან თამარ მეფეზე კრიტიკული სტატია, დაწერს. ცოტა კი შეეშლება ბრუნვები, მაგრამ ტექსტის ძირითადი ნაწილის გამოყენებას მაინც შეძლებენ“.
ეს ორი პლატფორმა ახალ, აქტუალურ ინფორმაციას იყენებს ინტერნეტიდან, გვეუბნება სანდრო ასათიანი. ხოლო ChatGPT-ის უფასო ვერსიას პირდაპირ უწერია, რომ ის შედარებით ძველ, ოდესღაც დამუშავებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
სანდრო ასათიანმა ხელოვნური ინტელექტის დავალებების მოსამზადებლად გამოყენება შეადარა იმ პერიოდს, როცა ბავშვებს კალკულატორით გამოთვლებს უკრძალავენენ, თუმცა, საბოლოოდ, მასწავლებლები მაინც იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კალკურატორის გარეშე მათ ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ. მაშინ ასე გადაწყდა: მოდი, უბრალოდ, ვასწავლოთ კალკულატორის სწორად გამოყენება.
დღესაც ასეა – ზოგი ამბობს, რომ „ეს საშინელება“ უნდა აიკრძალოს და ზოგი პირიქით, მომხრეა, მოსწავლეებს და სტუდენტებს აუხსნას, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის სწორი გამოყენება. ასწავლოს, რომ თუ მას ბრმად ენდობა, შეცდომებისგან დაცული ვერ იქნება. ამ მოსაზრების მომხრეა სანდრო ასათიანიც.
ამ ვიდეოში რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა დათო ქორიძემ ხელოვნურ ინტელექტს კონკრეტული ფოტოს შექმნის დავალება მისცა:
მაინც რა არის AI-ს სწორად გამოყენება?
„ამბობენ, რომ მალე გაჩნდება ახალი პროფესია, AI-სთვის სწორი კითხვების დამსმელი, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ცოტა ხნის წინ ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ გაჩნდებოდა სოციალური მედიის მენეჯერის პროფესია“, – ეუბნება სანდრო ასათიანი რადიო თავისუფლებას.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დავალების დასაწერად ცალსახად პლაგიატია? ამ კითხვაზე სანდრო ასათიანს ასეთი პასუხი აქვს: თუ ყველაფერი ბრმად დააკოპირე, პლაგიატია, მაგრამ თუ მოიძიე, გადაამუშავე და ისე გამოიყენე, მაშინ, ამან, შესაძლოა, მეტი სიკეთეც კი მოიტანოს.
თუმცა ისევ ხდება, რომ ხელოვნურ ინტელექტს მთელი ნაშრომი შეიძლება დააწერინო. თავად სანდრო ასათიანს, როგორც ლექტორს, ორი ასეთი შემთხვევა ჰქონდა, როცა სადიპლომო ნაშრომს მკაფიოდ ეტყობოდა ხელოვნური ინტელექტის ხელი.
„დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს AI-ს დაწერილი იყო, ვერ შევაფასებდი ნიშნით და ერთი კვირა მივეცი დამატებით ხელახლა დასაწერად“.
ამ „ინსტრუმენტის“ გამოყენება ლექტორსაც შეუძლია – მაგალითად, სთხოვოს ხელოვნურ ინტელექტს, წარმოდგენილ ტექსტში იპოვოს სუსტი და ძლიერი ადგილები ან დავალების პირობის დაწერა მოსთხოვოს.
სანდრო ასათიანის აზრით, დავალებების ტიპების ცვლილება შესაძლოა იყოს ერთ-ერთი გამოსავალი. სადაც პასუხი წინასწარ ცნობილია და პირობაც გაწერილია, ასეთ ამოცანას კომპიუტერი უკეთესად ამოხსნის. მეტი აქცენტი, მისი აზრით, უნდა იყოს კრიტიკულ აზროვნებაზე, საკითხის გააზრებაზე, პოზიციის გამოხატვაზე.
ხელოვნური ინტელექტის განვითარება რომ ბევრ რამეს და, მათ შორის, განათლების სისტემებს შეცვლის, ამაზეც დიდი ხანია მსჯელობენ და თანხმდებიან კიდეც განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევრები. როგორც “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დიხამინჯიაც შენიშნავს თავის სტატიაში, რაც დრო გავა, სულ უფრო აუცილებელი გახდება ყველა იმ გამოწვევისა და რისკის გათვალისწინება, რომელიც „თან ახლავს ამ პროცესს უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად“.
რადიო თავისუფლება