ყველა პოლიტიკოსს მინდა მოვუწოდო, ყოველთვის ეცადონ იყვნენ კორექტულები და შეარჩიონ გამონათქვამები, ფრაზები, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„ასეა თუ ისეა, ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] საქართველოს პრეზიდენტია. მოვიდეს ღონისძიებაზე და სცენაზე არ აუშვა, მე არ მესმის… ეს ცივილიზებულ ჩარჩოში არ ჯდება და ზოგადად ქვეყნისთვის არ არის ეს კარგი. ყველა პოლიტიკოსს მინდა მოვუწოდო, ყოველთვის ეცადონ იყვნენ კორექტულები და შეარჩიონ გამონათქვამები, ფრაზები. გაიხსენეთ „ქართული ოცნების“ დღევანდელი წარმომადგენლები რას ამბობდნენ ქალბატონ სალომეზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო, უხერხულია, როდესაც ლამის თამარ მეფეს, ვარსკვლავს და ქვეყნის გადამრჩენელს ეძახი ადამიანს და მერე ამ ადამიანზე ის სიტყვები ილაპარაკო, რომელსაც დღეს ლაპარაკობ. ასევე კარგად მახსოვს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ მოიხსენიებდა ქალბატონ სალომეს, ლამის ქვეყნის მოღალატეს და ხალხის მტერს ეძახდნენ, დღეს კი ქვეყნის გადამრჩენლად მოიხსენიებენ, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ნინო ბურჯანაძემ.