“მივესალმები ჩვენს საზოგადოებას, ჩემს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, სასამართლოების ხელმძღვანელებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს… ძვირფასო მეგობრებო ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდინოთ ამ წლის საქმიანობის ანგარიში…”
არ მოგეჩვენათ! მივესალმები პარტიის თავმჯდომარესო, მოგვახსენა პრემიერმა. კითხვა მაქვს, რომელი პარტიის? ანუ ღარიბაშვილის წარმოდგენაში საქართველოში მხოლოდ ერთი პარტია, მისი პარტია, უფრო სწორად, მისი უფროსის პარტია არსებობს… არც პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც არასამთავრობო სექტორი; მეტიც, არცერთი ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი არ იყო წარმოდგენილი ღონისძიებაზე, რომელსაც მთავრობის მეთაურის წლის ანგარიშის წარდგენა ერქვა, სინამდვილეში კი სააკაშვილთან “დატოლების” მორიგი მცდელობა იყო.
პრემიერების თუ პრეზიდენტების ყოველწლიურ მიმართვას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმა აქვს. ბევრი რამ დამოკიდებულია ამა თუ იმ სახელმწიფოს ისტორიასა თუ პოლიტიკურ ტრადიციებზე. თუმცა, ყველა მათგანს საერთო ის აქვს, რომ მმართველი გუნდის ლიდერი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, ძალაუფლების შტოების, ინსტიტუტების თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს ერთად კრებს და წლის მიღწევებსა და გამოწვევებს აჯამებს. რაც არის სიმბოლური გზავნილი იმისა, რომ მმართველი გუნდი, ოპონენტებთან და იქ წარმოდგენილ სხვა საზოგადოებასთან ერთად, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მიუხედავად, პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის მართვაზე. ეს არის სახელმწიფოს ხელმძღვანელობის დასავლური, დემოკრატიული, ანუ ევროპული მოდელი. არსებობს ავტორიტარული, ანუ რუსული მოდელიც, სადაც პუტინი, წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს და მიუხედავად იმისა, რომ მას ნაკლებად აინტერესებს და ადარდებს სხვების აზრი, ღონისძიებაზე სიმბოლურად წარმოდგენილია საპარლამენტო ოპოზიცია ზუგანოვის თუ სხვა ფორმალური ოპოზიციონერების სახით. ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს ბევრად უარეს, რაღაც უნიკალურ, პროვინციულ, რუსულ-ჩინურ ჰიბრიდთან: ჩინური იმიტომ, რომ ღონისძიებაზე ერთადერთი, მმართველი კომუნისტურის მსგავსი პარტიაა წარმოდგენილი; ხოლო რუსული იმიტომ, რომ ეს პარტია, სწორედაც რომ, რუსულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს განასახიერებს..
გამოსვლის ფორმას თავი რომ დავანებით, პრემიერის მოხსენების შინაარსიც რუსულ-ჩინური კომუნიზმის საუკეთესო ტრადიციებში ჩაჯდა. ეს იყო ურცხვად მანიპულირება რიცხვებითა და სტატისტიკით, ვითომდა გადაჭარბებით შესრულებული გეგმებით და იყო არა წლის შეფასება, არამედ შედარება და შეჯიბრი სააკაშვილთან და 11 წლის წინანდელ რეალობასთან, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის რეალურ გამომწვევთან და მითუმეტეს, არც იმასთან, თუ რა სურს ან სჭირდება დღეს საქართველოს მოსახლეობას. გასაგებია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ეტაპზე ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს წინამორბედთან, ანუ მასთან, ვისაც ებრძოდა და დაამარცხა, კონტრასტი აჩვენოს და საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს. თუმცა, როდესაც მმართველი ძალა ამის კეთებას უკვე 11 წელია აგრძელებს, მას მუდმივად უკან ყურებით კისერი მოეღრიცა, ქრონიკული პოლიტიკური ოსტეოქონდროზი და გაშეშება განუვითარდა და წინ ვეღარც და აღარც იყურება და ვერც ვერაფერს ხედავს.
ხალხს კი ხელისუფლება იმისთვის არ ჭირდება, რომ საკუთარი თავი მუდმივად წარსულს შეადაროს და ყალბი მიღწევებით იტრაბახოს, არამედ იმისთვის, რომ წინ წავიდეს და ქვეყანაც წინ წაიყვანოს. 2003 და 2012 წელთან კი არა, უკვე 2022 წელთან შედარებითაც კი – ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში და სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ და ჰორიზონტზე ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის სრულიად ახალი და განსაკუთრებული შესაძლებლობები ჩნდება. რის რეალიზებაშიც, საკუთარი პოლიტიკური ინტრიგებისა და ამოცანების გამო მუდმივად წარსულში მოცქირალი და კისერგაშეშებული მთავრობა, ნამდვილად ვეღარ დაგვეხმარება.
ფორმულა