”ჩემთვის გამაოგნებელია იმ რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერა თავმჯდომარეობის კანდიდატის პოსტზე ნიკა მელიასადმი, რომელ რაიონულ ორგანიზაციაშიც თავად ბატონი ნიკა, თითქმის ერთი წელია, არ ყოფილა” – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი დღეს, ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგს, სადაც მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადეს.
თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, ის რომ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია ნიკა მელიას უჭერს მხარს, ხმამაღალი ნათქვამია, რადგან 11 დეპუტატიდან ოთხი დღევანდელ ბრიფინს არ ესწრებოდა:
”ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ეს ოფისი და ამის შემდეგ უფრო მეტად მაკვირვებს ამ ადამიანების მხარდაჭერა. ერთ-ერთი გამომსვლელის განცხადება, რომ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია მხარს უჭერს ნიკა მელიას, ხმამაღალ ნათქვამად მიმაჩნია, რადგან 11 დეპუტატიდან, რომელიც ოზურგეთის საკრებულოს და ოზურგეთის ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, ოთხი ამ ბრიფინგზე არ იმყოფებოდა.
ცხადია, მე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვუჭერ მხარს. ასევე, სრული ობიექტურობით შემიძლია ვთქვა, რომ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციაში ადამიანთა დიდი უმრავლესობა სწორედ ამ პოზიციაზეა” – განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერმა თათია ნიკოლაშვილმა.