“მაინც და მაინც რამე უბედურება უნდა მოხდეს”?! – რა პირობებში ცხოვრობენ მერიის სოციალურ სახლში

ჟორდანიების 11 სულიანი ოჯახს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში არსებულ სოციალურ სახლში უკვე წლებია მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.
ოროთახიან ბინაში 4 მცირეწლოვანს ფაქტობრივად იატაკზე სძინავს, ალაგ-ალაგ ამოცვენილი იატაკი, ნესტიანი კედლები და უამინდობაში ჭერიდან ჩამოსული წყალი, ოჯახის ყოველდღიურ ყოფას კიდევ უფრო უმძიმებს: „არაფერი ჩვენთვის არ არის, არც ნორმალური პირობები, არც ფინანსები. როგორ უნდა იცხოვრო ასე ადამიანმა? თუ ვინმეს დამხმარე სჭირდება, ან მიწის დამუშავებაზე, ან თხილის კრეფაზე, ნებისმიერ სამუშაოს ვთანხმდები, ოღონდა რამე მცირე შემოსავალი მქონდეს და ბავშვების გამოკვებაზე პრობლემა არ შემექმნას. მარტო სოციალური დახმარებით შეიძლება თავის რჩენა? ამ პატარა ბინაში, მე ჩემი ოჯახით, დედაჩემი, ჩემი და და მისი ორი მცირეწლოვანი ვცხოვრობთ, ჯერ ფართი თუა საკმარისი და მერე, ამ პირობებში ბავშვების ცხოვრება როგორია? კედლები ნესტიანი, იატაკი ამოყრილი, როცა გაწვიმდება წყალი ისე ასხამს ოთახებში, გინდაც გარეთ ყოფილხარ. არავინ გაჭირვებული ადამიანისთვის არ არის. რამდენი ხანია ვითხოვთ ერთი ოთახი რომ მისცენ ჩემს დას და მის შვილებს. სახლი არა აქვს და შემოსავალი. კი, დღეს ვიზამთ, ხვალ ვიზამთ და“…- უყვება „გურიის მოამბეს“ თემურ ჟორდანია.
კონკრეტულ სოციალურ სახლში, ჟორდანიების გარდა კიდევ 90 ოჯახი ცხოვრობს.
უმრავლესობა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანია. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა იგივე პრობლემებზე საუბრობს, რაც ჟორდანიებს აწუხებთ, ოჯახის წევრთა რაოდენობასთან შეუსაბამო ფართი და უმუშევრობა: „5 სული ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ, წარმოიდგინეთ, ლამის ერთმანეთს ვაბიჯებთ. არც სამსახურის, არც არაფრის იმედი. რომ წახვიდე აქედან სადმე რამდენიმე დღით და სადმე სამსახური ნახო, უი, აქ თუ არ ხართ და არ გჭირდებათ ეს ბინა, მაშინ დაცალეთო. ჰა, მომცეს ეს რაც აქ არის, დავჯდე სახლში და რა ვჭამო? იცით, რომ აქ უმრავლესობა ბინების დაკეტილია, თან ისეთ ხალხს ეკუთვნით, სახლებიც აქვთ და მანქანებითაც დადიან. იმათთვის არაა პრობლემა, თუ აქ არ ცხოვრობენ და ჩემთვის არის’? – გვიყვება ქალბატონი, რომელიც მესამე სართულზე ცხოვრობს.
აღნიშნული ხუთსართულიანი კორპუსის მობინადრეებს, ყველაზე მეტად ის ეფიქრებათ, რომ მიღებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ვერ ახერხებენ: „ვცხოვრობთ ამდენი წელია ფაქტობრივად სხვის სახლში. არც ვიცით როდის გამოგვყრიან გარეთ. სხვა რეგიონებში თუ ახერხებენ ბინების გადაცემას ხალხისთვის, აქ რატომ არ კეთდება ეს? რამდენჯერ დაგვპირდნენ კი ვიზამთ, ყველაფერს გავაკეთებთო და როგორც ყველაფერი სხვა, ესეც დაპირებად რჩება. მაგათი იმედი არავის არაფერში არა აქვს. წარმოიდგინეთ, კანალიზაცია ვერ მოაწესრიგეს ამდენი ხანი. მოიყვანეს ტრაქტორი, ამოყარეს მილები და დატოვეს ასე ღიად. აქ სუნი დგას ისეთი, გული აგერევა. ბავშვები ხომ ცხოვრობენ აქ? კარგი ბატონო, ჩვენ არ ვეცოდებით არავის, მაგრამ მომავალ თაობაზე ვინმემ არ უნდა იფიქროს“? – გვიყვება შუახნის მამაკაცი.
კორპუსის ეზო, რომელიც 7 წლის წინ ასამდე უსახლკარო ოჯახს გადაეცა, მთლიანად მოუწესრიგებელია. როგორც ადგილზე გვითხრეს, არც არავის არ აძლევენ იმის უფლებას, რომ საკუთარი ხარჯებით მოხდეს მისი კეთილმოწყობა, ან შემოღობვა. იმასაც გვეუბნებიან, რომ კორპუსის ახლოს, თავისუფალ მიწაზე ბოსტნის მოყვანის უფლებასაც არ აძლევენ ხალხს: „აქ გვერდით სულ ცარიელია ეს მიწები, ვიფიქრეთ ლობიოს დავთესავთ, ან რამე ბოსტნეულს მოვიყვანთო, ერთი ამბავი აგვიტეხეს ამაზე, ვინ მოგცათ ამის უფლებაო…მაშინ თვითონ მოაწყონ, დარგონ, შემოღობონ, ბავშვებს სკვერი მოუწყონ, ან ერთი საქანელა მაინც დაუდგან. გაშობილია ყველაფერი. იცი, რამდენჯერ ლიანდაგზე გაქცეულან ბავშვები სათამაშოდ. მაინც და მაინც უბედურება უნდა მოხდეს?’-აღნიშნავენ ადგილობრივები.
მათი მთავარი მოთხოვნა ახლა ბინების საკუთრებაში დარეგისტრირება, კანალიზაციის პრობლემის მოგვარება და მათთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ელემენტარული ყურადღების მიქცევაა…და ადგილზე არა მხოლოდ იმ კითხვით მისვლა-მხარს ვის უჭერთ არჩევნებზე? არამედ გულწრფელი წუხილით-რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ, ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის?!…
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share