აღმოსავლური იარაღის ექსპერტის ემმა ასტვაცატურიანის მიერ შედგენილ კატალოგში ,,იარაღისა და ვერცხლის საქმის კავკასიელ ოსტატთა დამღებისა და სახელების მაჩვენებელი’’ მითითებულია ოზურგეთის მაზრაში მცხოვრები იარაღის ოსტატი – “კვაჭაძე მიხეილ.
1889. ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია”.
ამავე სპეციალისტის მეორე ნაშრომში “კავკასიის ხალხების ცივი იარაღები” მითითებულია, რომ ოზურგეთის მაზრაში იყო საიარაღო სახელოსნო სადაც ხანჯლები მზადდებოდა, მაგრამ ოსტატის გვარი მითითებული არ გახლავთ, ასტვაცატურიანი ამ ინფორმაციის წყაროდ უთითებს გ. ხელემსკის 1876-1890 წლების სამხრეთ კავკასიის მრეწველობის მიმოხილვას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ დროისათვის გურიაში ცეცხლსასროლი იარაღის სრული დამზადება ხდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ევროპული და თურქული ცეცხლსასროლი იარაღის საკმაოდ მაღალი ხარისიხის ინკრუსტრირება და მოსევადება ხდებოდა.
გურული მეიარაღეების შესახებ ცნობებს იძლევა აღმოსავლური იარაღის ექსპერტი ემმა ასტვაცატურიანი თავის ნაშრომი – „ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში იარაღისა და ვერცხლის საქმის ოსტატების ოსტატების ჩამონათვალი და დამღების ნიშნები“ (Эмма Аствацатурян – “Указатель клейм мастеров оружейного и серебряного дела Северного Кавказа и Закавказья”), რომელშიც ჩამოთვლილია გურიის იარაღისა და ოქრო/ვერცხლის ოსტატები (2 ფოტო).
შევეცადე ამ წიგნიდან სრულყოფილად ამომეღო გურული ოსტატების მონაცემები, მაგრამ ქვემოთ მითითებული ნუსხის სისრულესაც ვერ დავიჩემებ.
წიგნში ზოგ შემთხვევაში მითითებულია ოსტატის სიცოცხლის პერიოდი, ზოგ შემთხვევაში მისი რეგისტრაციის თარიღი.
იარაღის ოსტატები – კვაჭაძე ამბაკო – ოზურგეთი 1836-1887 წელი; – ჩხარტიშვილი ლევან – ოზურგეთი 1886-1887 წელი; – სალუქვაძე ამბაკო – ოზურგეთი 1886-1887 წელი; – სალუქვაძე გიგო – ოზურგეთი 1886-1887 წელი; – მინავა ბურდღუ – ლანჩხუთი 1886-1889 წელი; – კვაჭაძე მიხეილ – ლანჩხუთი 1889 წელი;
რუსულ მუზეუმში (ფოტო 6) ინახება გურიაში წყობილი და ინკრუსტირებული თურქული ტიპის თოფის ეგზემპლარი, ხოლო აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცულია ოზურგეთელი მეიარაღისა და ოქრომჭედლის ამბაკო კვაჭაძის დამბაჩები (ფოტოები1-5), რომლებიც ამავე მუზეუმის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით საიარაღო ხელოვნების შედევრები და მუზეუმის იარაღის კოლექციის მშვენება გახლავთ.
უცნობია მიხეილ კვაჭაძესა და ამბაკო კვაჭაძეს შორის არსებობს თუ არა რაიმე ნათესაური კავშირი, ან ხომ არ არის ერთადაიგივე პიროვნება მოხსენიებული სხვადასხვა სახელით.
პირველი დამბაჩა (ფოტო 1-2) – დამზადებული უნდა იყოს მე-19 საუკუნის ბოლოს. წარმოადგენს ევროპულ მექანიზმიან კაჟიან დამბაჩას, სიგრძე საერთო სიგრძე 48 სმ. ფოლადის ლულის სიგრძე 39 სმ. დამბაჩის ტარი და ღარი დამზადებულია კაკლის ხისაგან. ინკუსტრირებულია ოქროთი და ვერცხლით, მოსევადებულია. დაფარულია ნატიფი ორნამენტებით. ლულაზე რუსულად ოქროს ასოებით აწერია: ,”Мастер Амбако Квачаце”’.
მეორე დამბაჩა (ფოტო 3-4) – წარმოადგენს ევროპული ტიპის “სნაიდერის” სისტემის მექანიზმიან კაჟიან დამბაჩას, მისი ჩარჩო დამზადებულია კაკლის ხისგან. დამბაჩის მთლიანი სიგრძეა 49 სმ. ფოლადი ლულის სიგრძეა 34 სმ. დამბაჩა ინკუსტრირებულია ოქროთი და ვერცხლით, მოსევადებულია. გაფორმებულია ფაქიზად, რომბისებური ორნამენტებით, ვარდებითა და არაბესკებით.
ლულას ზემოდან ოქროს ასოებით ქართულად აწერია: ,”ხელობა კვაჭაძისა’” იქვე აწერია თარიღი “1901 წ”.
მესამე დამბაჩა (ფოტო 5) – წარმოადგენს ევროპული ტიპის კაჟიან დამბაჩას, ჩარჩო დამზადებულია კაკლის ხისაგან, ლულა ფოლადის, ინკუსტრირებულია ვერცხლით, მოსევადებულია. ეს დამბაჩა ორნამენტებით, ფოთლებით შემკული ტოტებით გავს ზემოთ აღნიშნულ დამბაჩებს. დამზადებული უნდა იყოს მე-19 საუკუნის ბოლოს. თოფი (ფოტო -6) – რუსეთის არტილერიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში ინახება სამუზეუმო ექსპონატი წარწერით – მე-19 საუკუნის გურული ხრახნულ-ლულიანი კაჟიანი შაშხანა (Винтовка кремневая, нарезная, гурийская) სიგრძე – საერთო სგრძე 1153 მმ. ლულის ისგრძე 810 სმ, ლულის არხის კალიბრი 10.1 ფოტოები – აჭარის სახელმწიფო მუზეუმიდან და რუსეთის არტილერიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმიდან.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა