“ხალხს ამოუვიდა კისერში, აღარც იქეთ ვართ და აღარც აქეთ”

მარტში საარსებო მინიმუმი შემცირდა და საშუალო მომხმარებლის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 178,1 ლარით განისაზღვრა — ეს 4,5 ლარით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი თვის მონაცემთან შედარებით. საარსებო მინიმუმის შესახებ განახლებული ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მარტში “შრომისუნარიანი მამაკაცის” საარსებო მინიმუმი 5,1 ლარით, 201 ლარამდე შემცირდა. აღნიშნული თანხა მთელი თვის განმავლობაში რომ იმყოფინოს ოჯახმა, დღეში მან 6 ლარი უნდა იკმაროს. არის თუ არა საკმარისი ეს თანხა იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ყველა პროდუქტზე ფასი გაორმაგებულია,

ამაზე გამოკითხვა “მთავარმა” ოზურგეთში ჩაატარა:

“ვაი, ვაი, ვაი ჩვენს მთავრობას ეყოფა სიკვდილი. როგორ შეიძლება ერთ კვირაში ეს სრული თანხა წამლიზა ვერ მეყოფა, სხვა არ მინდა? ჭამა არ მინდა? მოხუცი თუ ვარ, ჩაცმა- დახურვა არ მინდა? შვილიშვილი მენატრება, შვილთან ვერ ავდივარ, აგერ ცხოვრობს ძიმითში. რამდენი თვეა არ ავსულვარ, აღარაა საშუალება”.

“რომელმა ჭკვიანმა თქვა მაგი, საკმარისიაო? 178 ლარი დღევანდელ დღეს რა ფასებია და ვინმეს ეყოფა? ხუთი ლარი რომ ღირდა რაღაც, დღეს ღირს ათი ლარი”.

“არანაირად არაა საკმარისი. გამორიცხულია საარსებოდ ეს თანხა ადამიანს ეყოს. კომუნალურები, საკვები.. ელემენტალურად ადამიანმა ფუფუნებაში არ იცხოვრო და უბრალოდ იარსებო, მინიმუმ 1000-1200 ლარი მაინც გინდა თვეში. ეს არის ხალხის დაცინვა, მეტი არაფერი. როცა 25 წლის გოგო, ორი უმაღლეს დამთავრებული ემიგრაციაში გარბის საკუთარი ქვეყნიდან , ეს არ არის ნორმალური”.

“ას ლარს რომ წევიღებ, ერთი” სუმკა” არ ივსება პროდუქტით. ორ დღეს არ გეყოფა მაი თანხა. სიკვდილისთვის გვიმეტებენ, რომ დევიხოცოთ, დავწყდეთ”.

“ას ლარად ერთ პატარა ცელოფანსაც ვერ წამეიღებ მაღაზიიდან. არაფერი თანხა არაა ეს, ყველამ იცის ისედაც, დიასახლისმაც და არა დიასახლისმაც”.

“ძალიან ცუდ დროში ვართ, ძალიან. გაჭირდა ცხოვრება, ბევრი ისეთი ოჯახია, სადაც არც პენსიონერია და არც დასაქმებული, ასე გაჭირვებით გადიან თვიდან თვემდე. სესხულობენ, ნისია, ბანკების ვალებიო… სახელმწიფოს წინსვლა მთავრობაზეა დამოკიდებული, უკვე ხალხს ამოუვიდა კისერში, აღარც იქეთ ვართ და აღარც აქეთ “.

“წამლები ისეა გაძვირებული, ორ თავ წამალს ვერ ვიყიდი 160 ლარად. საზღვარგარეთიდან რომ არ მეხმარებოდნენ, ვერც ვიარსებებდი”.

“მე რომ კარგად დავხარჯო ელექტროენერგია, კარგად რომ გავთბე, ეს ფული მარტო მაგაში არ მეყოფა. ბედნიერი ქვეყნების სიაში არაა საქართველო. რატომ უნდა ნატრობდეს ქართველი ავსტრიაში, შვედეთში, ფინეთში და ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრებას? საქართველოს რატომ უნდა უჭირდეს ასე”?

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share