უნიკალური წიგნების ქურდები – საფრანგეთში დაკავებულია ორი ქართველი, რომელთაც საქართველოს მწერალთა კავშირის მოწმობები აღმოაჩნდათ. პუშკინის წიგნების კოლექცია, ლერმონტოვი, გოგოლი – ევროპაში კლასიკოსების მოპარულ წიგნებს ეძებენ. პარიზის, ლიონის, ჟენევის, ვარშავისა და ვილნიუსის ბიბლიოთეკებიდან წაღებულია ლიტერატურის უნიკალური გამოცემები. ევროპის ბიბლიოთეკებისთვის მიყენებული საერთო ზარალი უკვე 650 ათას ევროს აღწევს.
წიგნების ქურდები კარგად დამუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებდნენ. ბიბლიოთეკებიდან გამოჰქონდათ ორიგინალი ნიმუშები და მათ მაღალი ხარისხის ბეჭდური ასლებით ცვლიდნენ. საიდან აღმოაჩნდათ ქურდებს მწერალთა კავშირის მოწმობები – ამ კითხვაზე თბილისში პასუხი არ აქვთ. დაკავებულ ქართველებს ასევე ევროპის არაერთი ცნობილი ბიბლიოთეკის ბარათებიც უპოვეს. გამოძიების ვერსიით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ძვირადღირებულ გამოცემებს მდიდარი რუსი კოლექციონერებისთვის იპარავდნენ.