“ვთანხმდებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს,” – სამოქალაქო საზოგადოების საგანგებო მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს, რადას და უკრაინის სახალხო დამცველს.
ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მესამედ მოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ და უკრაინის ხელისუფლებას მიმართავენ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ უკრაინის რადას, რომ მიმართოს უკრაინის პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რომელმაც უნდა გამოკვეთოს ყველა ის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდა.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილზე ყველა თანხმდება, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და რომ მას საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილის ხელმძღვანელობით კლავს.
”ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და სტუდენტები.
ვთვლით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. ქართული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ცდილობს ფიზიკურად გაანადგუროს პოლიტიკური ოპონენტი.
2024 წლის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის და გარდამტეხი მომენტი მისი ევროპული მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და საერთო ევროპული პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ლიდერი, რომლის თავისუფლებაზე ყოფნა დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას.
ვთანხმდებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.
გთხოვთ მიმართოთ უკრაინის პროკურატურას დაიწყონ გამოძიება და გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი,” – წერია მიმართვაში.